logo_geo
ავთო ვარსიმაშვილი: მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაჩვენო გმირი ქართველი ქალების ისტორიები
- +

20 ნოემბერი. 2017. 13:41



რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი ორი თეატრის - გრიბოედოვის და თავისუფალი თეატრების ხელმძღვანელია. როდის გახსნის გრიბოედოვის თეატრი სეზონს და როგორ უმკლავდება რეჟისორი ორი თეატრის მართვას, ამ თემაზე ავთო ვარსიმაშვილი „სარკეს" ესაუბრა.


„რადგან საქართველოში გრიბოედოვის თეატრი ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ თეატრად, პირველ ადგილზეა გასტროლების რაოდენობით, უამრავ საერთაშორისო ფესტივალზე აღებული აქვს გრან-პრი და მნიშვნელოვანი პრიზები, ე.ი. მართვას ვახერხებ. ძალიან კარგად ვმუშაობთ.

 

ახლა გვქონდა საინტერესო გამოსვლა ფესტივალზე „ბალტიის სახლი", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მივიღე პრიზი და დამაჯილდოეს ევროპის ცნობილ რეჟისორებთან ერთად. ვაჩვენეთ სპექტაკლი „ალჟირი", რომელიც ეძღვნება ქართველ ქალებს. 1937 წელს მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ სამშობლოს „მოღალატეების" ცოლები. ისინი გაამწესეს ყაზახეთში საკონცენტრაციო ბანაკში, რომელსაც ეძახდნენ „ალჟირს". ამ ბანაკსა და ქართველ ქალებზეა ეს სპექტაკლი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ბევრი ფესტივალიდან გვაქვს მოწვევა. მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაჩვენო გმირი ქართველი ქალების ისტორიები, ბოლო წუთამდე თუ როგორ შეინარჩუნეს ზნეობის კოდექსი. სპექტაკლი დოკუმენტური მასალების მიხედვით დაიდგა და საკმაოდ ემოციურია...

 

გრიბოედოვის თეატრი გაიხსნება მაშინ, როცა თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. ვინაიდან გახსნა ემთხვევა ახალ წელს, დავიწყებთ საახალწლო საბავშვო სპექტაკლებით", - აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი