logo_geo
„მამუკა ჩხაიძე, რომელმაც უშუალოდ იმუშავა ჟვანიას გვამიდან აღებულ სინჯებზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს“
- +

14 დეკემბერი. 2016. 18:54



„ლევან ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას გვამის კვეთა ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო. ვანო მერაბიშვილი ტელევიზიით 2005 წლის 3 თებერვალს 8:38 საათზე გამოვიდა: „დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს. მათივე ინფორმაციით, ლევან ჩაჩუამ 3 თებერვალს დღისით გააკეთა განცხადება ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის რაოდენობის შესახებ, მაშინ, როცა გამოსაკვლევი მასალები ლაბორატორიაში 4 თებერვალს შევიდა.

 

„9 საათზე ჩაჩუა გვამის კვეთას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსაკვლევი მასალები ლაბორატორიაში მეორე დღეს, 4 თებერვალს შევიდა, 3 თებერვალს, დღისით, ლევან ჩაჩუას უკვე განცხადება ჰქონდა გაკეთებული ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის რაოდენობის შესახებ. ჯერ 20 პროცენტი დასახელდა, შემდეგ 40, ბოლოს - 60 პროცენტზე მეტი! არადა, დასკვნა კარბოქსიჰემოგლობინის რაოდენობაზე მხოლოდ 7 თებერვალს გაიცა.

 

ლევან ჩაჩუამ ჟვანიას გვამიდან მასალები ააღებინა და გამოსაკვლევად მისცა არა ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს, არამედ რესპუბლიკური საავადმყოფოს პათოლოგ-ანატომებს: ომარ ხარძეიშვილს, გია დიდავასა და მამუკა ჩხაიძეს. პათოლოგანატომებმა დაადასტურეს, რომ მათი კვლევის საგანი არ იყო ძალადობრივად გარდაცვლილი გვამების გამოკვლევა, მაგრამ მასალაზე მაინც იმუშავეს", - წერს გამოცემა.


როგორც „ასავალ-დასავალი" წერს, ჩაჩუამ ვერ უარყო ჟვანიას ტუჩზე არსებული დაზიანება და დასკვნაში დაწერა: „ტუჩზე დაზიანება განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომიდან ახლო პერიოდში".

 

„რატომ ჩატარდა ექსპერტიზა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც ექსპერტიზის ცენტრს თავისი შენობა ჰქონდა? პათოლოგ-ანატომი მამუკა ჩხაიძე, რომელმაც უშუალოდ იმუშავა ზურაბ ჟვანიას გვამიდან აღებულ სინჯებზე და პროკურატურასა და სასამართლოში დაადასტურა ზურაბ ჟვანიას თავის ქალას მაგარ გარსში სისხლჩაქცევების არსებობა, მეორე დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ოფიციალური ვერსია - გულის შეტევა.

 

სპეციალისტების განმარტებით, ძალის ზემოქმედებისა და ტრავმის გარეშე მაგარ გარსში სისხლჩაქცევა არ ვითარდება - მითუმეტეს, გვამზე სისხლჩაქცევა არ განვითარდებოდა. მაგარ გარსზე სისხლჩაქცევის არსებობა ლევან ჩაჩუას აღწერილი არა აქვს. ვსვამთ კითხვას, რაც პათოლოგანატომებმა შეამჩნიეს, ჩაჩუამ ვერ შეამჩნია?

 

გამოიკვეთა ისიც, რომ ჟვანიას ტუჩზე ნაჭდევიც სიცოცხლისდროინდელი იყო და არა სიკვდილის შემდგომ განვითარებული. ჩაჩუამ ეს დაზიანება ვერ „ჩამოწერა" და დასკვნაში ჩაწერა: ტუჩზე დაზიანება განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომიდან ახლო პერიოდშიო. საინტერესოა, სიკვდილის დადგომიდან თუნდაც ახლო პერიოდში ჟვანიას ტუჩზე დაზიანება რატომ უნდა განვითარებულიყო, ბინაში ხომ მხოლოდ ორნი იყვნენ? იქნებ, მათთან ერთად სხვა ვინმეც იყო, ვინც ჟვანიას ტუჩი დაუზიანა?

 

ჩაჩუამ კომისიაში შეიყვანა და დასკვნაზე ხელი მოაწერინა თამილა აფაქიძეს, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა პროზექტურაში - გოგლა ჟვანიას თხოვნით შევიდა და მისი მოქმედება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მიწოდებული ბამბის ტამპონით ნერწყვის ნიმუში აიღო. აფაქიძეს არც კვლევებში მიუღია მონაწილეობა, არც ლაბორატორიაში სინჯზე უმუშავია, აბა, ჩაჩუამ რატომ დააბრალა მას ამ საქმეში ექსპერტობა? საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩაჩუამ მომენტით ისარგებლა - თამილა აფაქიძე ჟვანიების ნათესავია, ეს ფაქტი კი თავის გასამართლებლად მოიყვანა, ჟვანიას გვამზე დაზიანება რომ ყოფილიყო, აფაქიძე შეამჩნვდაო", - წერს გამოცემა.


„ასავალ-დასავალის" ინფორმაციით, დარღვევა იყო ზურაბ ჟვანიას გვამის ბალზამირებაც, რადგან, როგორც წესი, ინტოქსიკაციით გარდაცვლილებზე ბალზამირება არ კეთდება.


„დარღვევა იყო ჟვანიას გვამზე ბალზამირების გაკეთებაც. კანონის მიხედვით, ინტოქსიკაციით გარდაცვლილებზე ბალზამირება არ კეთდება. ესეც კვალის არევის მიზნით მოხდა. ლევან ჩაჩუასვე აღიარებით: „CO-თი გაგუდვა, ცალსახად, უბედურ შემთხვევას არ ნიშნავს, CO-თი გაგუდვა შეიძლება, იყოს უბედური შემთხვევაც, შეიძლება მკვლელობაც! კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არსად მითქვამს, რომ ის ადამიანი მოკვდა თავისი ბუნებრივი სიკვდილით - ეს არის გარედან მოქმედი ფაქტორით გამოწვეული სიკვდილი, ნაძალადევი სიკვდილი, ეს არის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - ალავერდი პროკურატურასთან. ეს არის ის ვარიანტი, რომელიც სამივე შესაძლებელ სიტუაციას უშვებს, საკითხის ასე დაყენება, მკვლელობა იყო თუ გაზით მოწამვლა, ეს არის აბსურდი. CO-თი მოწამვლა, შეიძლება იყოს როგორც მკვლელობა, ისე თვითმკვლელობა, ისე უბედური შემთხვევა".

 

ნუთუ, ეს განცხადება იმაზე არ მეტყველებს, რომ თავად ლევან ჩაჩუაც უშვებს ფაქტს - ჟვანიას მკვლელობას? მისივე განცხადებით, დასკვნა დაწერა CO-თი გარდაცვლილი 300 ადამიანის დასკვნების მიხედვით. ექსპერტიზის დროს ჩაჩუა გვამებს არ გაკარებია (კადრებში ჩანს) და ამასაც მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - მან თავიდანვე იცოდა, რაც უნდა დაეწერა. აღარ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ლევან ჩაჩუას აღწერილი არა აქვს ჟვანიასა და უსუპოვის დასვრილი ტანსაცმელი (უსუპოვის პერანგზე წითელი წერტილოვანი ლაქა).

 

11 წელია, რაც ჟვანიას საქმე ლევან ჩაჩუას დასკვნაზეა აწყობილი, დღეს სხვაგვარად რომ ილაპარაკოს, ცხადია, არ აპატიებენ, თუმცა, ესეც საკითხავია, იქნებ ჩაჩუამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და იმიტომაც გაამართლეს? ჩაჩუას სასამართლო პროცესი როდესაც დასრულდა და მის ძმას - გია ჩაჩუას ინტერვიუ ვთხოვე, მითხრა, ისეთი ბინძური საქმეა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდაო", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი