logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: თუ ჟვანიას სიცოცხლის ნიშნები ჰქონდა, რატომ მაშინვე არ გამოუძახეს სასწრაფოს?!
- +

14 დეკემბერი. 2016. 18:58




დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ზურაბ ჟვანიას ტუჩზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არაპროფესიონალი ჩაუტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, ამ ტიპის დაზიანება შესაძლოა გაჩენილიყო.


„თუ არაპროფესიონალი ჩაატარებს ხელოვნურ სუნთქვას, შესაძლებელია სხვადასხვანაირად, მათ შორის, კბილით, ლორწოვანი გარსი დაზიანდეს. მათ, ვისაც მომზადების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი, წესით, ასეთი რამ არ მოსდით. ხელოვნური სუნთქვის დროს ერთ ადამიანს მეორის პირის ღრუში ჰაერი შეჰყავს. წარმოგიდგენიათ, როგორი უხეში მანიპულაციები უნდა გააკეთო, რომ მეორე ადამიანის ტუჩის ლორწოვანი გარსი დააზიანო?!" - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ასეთი დაზიანება შესაძლოა გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაშიც იქნას მიყენებული. თუმცა, დასძენს, რომ აღწერილობა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დასკვნაშია მითითებული, ძალიან ჰგავს სიცოცხლისდროინდელ დაზიანებას.

 

„გარდაცვალებიდან რაღაც წუთების განმავლობაში შესაძლებელია, ვიდრე გაშეშება დაფიქსირდება. ზურაბ ჟვანიას საქმეში ექსპერტს უწერია, ლაქები სიკვდილის დადგომიდან ახლო პერიოდში უნდა იყოს განვითარებულიო, მაგრამ იმ აღწერილობით, რაც დასკვნაშია მითითებული, ძალიან ჰგავს სიცოცხლისდროინდელ დაზიანებას.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა მაშინ გაუკეთდა, როდესაც სიცოცხლის ნიშნები აღენიშნებოდა, გვამს ხომ არ დაუწყებდნენ პირველადი დახმარების აღმოჩენას?! საინტერესოა, დაცვამ პულსი შეუმოწმა? საძილე არტერია გაუსინჯა, ხელოვნური სუნთქვა რომ ჩაუტარა?! სწორედ აქ არის შემხვედრი შეკითხვა - თუ სიცოცხლის ნიშნები ჰქონდა, რატომ მაშინვე არ გამოუძახეს სასწრაფოს? საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა. როგორ შეიძლება ასეთ დროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო?! ერთია პირველადი დახმარება და მეორე ის, რომ ადამიანი პროფესიონალი ექიმების დახმარებით სიკვდილისგან იხსნა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი