logo_geo
თეა თუთბერიძე: ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას...
- +

15 დეკემბერი. 2016. 17:25


დათა ახალაიამ 2013 წელს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თეა თუთბერიძე აღნიშნული განცხადების ავთენტურობას ადასტურებს.


„ახლა, როდესაც უკვე სააშკარაოზე გამოვიდა ეს დაპირისპირება, დასამალიც აღარაფერია. 2013 წლის აპრილში, როდესაც დათა ახალაიას სახელით გავრცელდა განცხადება, ბევრი თხოვნის გამო, იძულებულნი გავხდით, ეს განცხადება ე.წ. ფეიკად გამოგვეცხადებინა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა დიდ აქციას და ეს წერილი მხარდამჭერებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ განცხადების ავთენტურობა არ დაგვედასტურებინა. ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას: დიახ, ეს ნამდვილად იყო დათა ახალაიას განცხადება, სადაც ის სრულიად საფუძვლიანად ამხელდა ვანო მერაბიშვილს. ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მე ჯერ კიდევ 2013 წელს, საჯაროდ განვაცხადე ბოკერია-მერაბიშვილის მიერ სააკაშვილის ჩამოცილების გეგმა, ცხადია, ამ გეგმაში ძმები ახალაიების განეიტრალება უნდა მომხდარიყო, რადგან სწორედ ისინი გახლდნენ მიხეილ სააკაშვილის ერთგულები", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.

 

გთავაზობთ დათა ახალაიას წერილს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:


„საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

 

ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.

 

მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში".

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი