logo_geo
თეა თუთბერიძე: სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო ვანო მერაბიშვილმა
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:35


 


2013 წელს დათა ახალაიამ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ე.წ. ციხის კადრები მერაბიშვილის დადგმული იყო და მანვე გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას თეა თუთბერიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აფიქსირებს. როგორც თავად ამბობს, შეუძლებელია, ციხეში „კინოსტუდიები" მოწყობილიყო და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.


„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ იღებს, რასაც აწვდიან, ძალიან კარგად აანალიზებს, რა შეიძლება მდგარიყო იმ სკანდალური კადრების უკან, რომელიც არჩევნებამდე 12 დღით ადრე გავრცელდა და რომლის გამოგდებაც არჩევნების წინა დღეს იყო დაგეგმილი. ამ კადრების გავრცელების ფაქტმა ძალიან სერიოზული კითხვები გააჩინა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. არ ვარ ადამიანი, ვინც ციხეს მხოლოდ გარედან უყურებდა. ვიცი, რა არის ეს სისტემა და როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება ციხეში და მით უმეტეს, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა ჩანაწერების სახით. შეუძლებელია, ციხეებში მსგავსი „კინოსტუდიები" მოწყობილიყო და ამის შესახებ არ ჰქონოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, გადაღებები თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. არ ვფიქრობ, რომ ე.წ. ციხის კადრები გაეპარა ვანო მერაბიშვილს. პირიქით, ვფიქრობ, ეს შეგნებულად გააკეთა, ამ კადრების გავრცელების შემდეგ ვიღაცებმა ეს ყველაფერი მიიღეს ისე, როგორც ამას აწვდიდნენ, მაგრამ პირადად მე ამ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები და კარგად მივხვდი, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო ვანო მერაბიშვილმა", - განაცხადა თეა თუთბერიძემ.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი