logo_geo
მამუკა არეშიძე: სპეცოპერაციამდე ერთი კვირით ადრე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ...
- +

5 დეკემბერი. 2017. 16:50



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.


„ჩემი აზრით, აჰმედ ჩატაევის საქართველოში ყოფნა აქამდე არსებულ მოცემულობაში ბევრს აღარაფერს ცვლის, რადგან აქამდეც ცხადი იყო, რომ „ისლამური სახელმწიფოს" სერიოზულმა ჯგუფმა შემოაღწია საქართველოში და აქ თითქმის ორი თვე დაყო. ამ ჯგუფის მომზადების დონე და სერიოზულობა გამოჩნდა იმ წინააღმდეგობაშიც, რაც მათ სამართალდამცავებს გაუწიეს. უმთავრესი უპასუხო კითხვა არის ის, თუ რა მისიით შემოვიდა ეს ხალხი საქართველოში.

 

სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, მათ შორის ის, თუ როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ მოახერხეს იარაღის შეგროვება და შეტანა ამ სახლში, როგორ უთვალთვალებდნენ მათ და ა.შ.

 

მრჩება შთაბეჭდილება, მეტიც - მაქვს ირიბი ინფორმაციები, რომ მათ საქართველოში ჰქონდათ კონტაქტები და სხვადასხვა დროს ვიღაცეები მიდიოდნენ მათთან ამ ბინაში. თუ ვიმსჯელებთ, რომ წარმოუდგენელია, იარაღით გადმოელახათ საქართველოს საზღვარი ან ქალაქში ევლოთ ამხელა არსენალით, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს იარაღი მათ ბინაში სხვა ადამიანებმა მიუტანეს. არ არის გამორიცხული, ეს ხალხი იყოს მათი სავარაუდო რეზერვი, რაც ძალიან სახიფათო ტენდენციაზე მიგვანიშნებს.

 

ბოლოს და ბოლოს, ამ ბინის პოვნაში ხომ დაეხმარათ ვიღაც, ბინისა, რომელიც აქამდეც იყო გახვეული უსიამოვნებებში და მის მფლობელებთანაც სერიოზული კითხვები არსებობს..." - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


არეშიძის თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ქვეყანაში რადიკალურ-ექსტრემისტული ისლამის მიმდევრების ქსელი არსებობდეს.

 

„ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. მით უფრო, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა - ამ სპეცოპერაციამდე ერთი კვირით ადრე „კავკასიის იმარატთან" დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა, კერძოდ, აჰმედ უმაროვმა - დოკუ უმაროვის ძმამ - განაცხადა, რომ მოხდა რეანიმაცია „კავკასიის იმარატის", ორგანიზაციის, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის გამქრალი იყო ასპარეზიდან", - განაცხადა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი