logo_geo
„საქართველოში გიორგი გაბუნიამ ჩემს გამოსვლას „სასაცილო“ უწოდა“ - ნათია თოდუას გერმანული წარმატება!
- +

6 დეკემბერი. 2017. 20:55

 

 

„მინდა მუსიკაში ცხოვრებას ვეცადო" - ამბობს ნათია თოდუა, რომელიც გერმანიის „ახალ ხმის" ვარსკვლავად იქცა. მისი მცდელობა საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი უკრაინაში გაგრძელდა. მართალია, გარკვეული წარმატებები იყო, თუმცა მისი მუსიკალური ცხოვრებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.


ნათიასთვის განსაკუთრებული ტრამპლინი პროექტი The Voice of Germany გამოდგა, სადაც 26 000 კონკურსანტიდან 12 ნახევარფინალისტში მოხვდა.


​მწვრთნელების მხარდაჭერასთან ერთად, გერმანელი ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა და ერთ დღეში აფხაზეთიდან დევნილი გოგონა, პროექტის ვარსკვლავად იქცა. განსხვავებული ხმის ტემბრი, საინტერესო იმიჯი და უბრალოდ ცხოვრება მუსიკაში, მისი წარმატების მთავარი იარაღი აღმოჩნდა.


​რა გზა გაიარა ქართველმა მომღერალმა გერმანიის „ახალ ხმამდე", ამაზე ნათია თოდუა პირველ არხთან ინტერვიუში საუბრობს.

 

- ნათია რამ გადაგაწყვეტინა საქართველოს დატოვება?

 

- საქართველოში თითოეული ცდა უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მუსიკალური კარიერისთვის, ამიტომ უნდა წამოვსულიყავი გერმანიაში.

 

- როდესაც გერმანულ გეგმებს აწყობდი, წარმოიდგენდი რომ იქაურ "ახალ ხმაში" მიიღებდი მონაწილეობას?

 

- არა, ეს იმდენად სპონტანურად მოხდა, რომ ახლაც ვერ ვიაზრებ, ვერ ვიჯერებ, რომ ამ ეტაპამდე მოვედი.


- როგორ მოხვდი გერმანულ „ახალ ხმაში", როგორც ვიცი, შენს მონაწილეობაში დიდი წვლილი გერმანულ ოჯახსაც აქვს შეტანილი...

 

- პროექტში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადავწყვიტე, რადგან სხვა რეალური გზა მუსიკისკენ არ ჩანდა.


- მანამდე იყო ქართული და უკრაინული პროექტი. რატომ მოხდა ისე, რომ გერმანიაში უფრო დაფასდი, ვიდრე თუნდაც ქართულ „იქს ფაქტორში"?

 

- 17 წლის ასაკში დავიწყე ზოგადად სიმღერა და მუსიკაზე ფიქრი. 18 წლის ასაკში საქართველოს „იქს ფაქტორში" მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემი პოტენციალის დანახვა შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ შანსი არ მომეცა შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. პროექტში The Voice of Germany 26 000 კონკურსანტიდან 12 ნახევარფინალისტში მოვხვდი. საქართველოში კი, გიორგი გაბუნიამ ჩემს გამოსვლას „სასაცილო" უწოდა.


რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ჩემი ხმის ტემბრი და ჟანრი, არ მიკვირს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ცხადია რომ ჩემი სტილით საქართველოში ამ ეტაპზე წინ ვერ წავალ, მოთხოვნადი და გაყიდვადი ჟანრის მომღერალი არ აღმოვჩნდი.

 

- შენს გამოსვლებზე მალევე ალაპარაკდა გერმანული პრესა, თავად რა რეაქციები გქონდა, ფაქტობრივად, შენი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა....

 

- ძალიან მადლიერი ვარ ამ პროექტის და ზოგადად გერმანიის. პროექტის ეთერში გასვლის შემდეგ მოსახლეობის რეაქციები უმაგრესია, პოზიტიურია, ნიშანია იმის, რომ მალე უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები მექნება.

 

- როგორი გარემოა კონკურსში, რამდენად მარტივია მწვრთნელთან მუშაობა და როგორ ფიქრობ, შეძლებს ნათია თოდუა პროექტის მოგებას?

 

- არ ვიცი, რამდენად მარტივი იქნება „გერმანიის ხმის" მოგება ქართველი ემიგრანტისთვის, მაგრამ უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას ვიღებ, მენტორთან, ბენდთან, ვოკალის პედაგოგებთან მუშაობით. აშკარაა რომ ამის შედეგად ვაუმჯობესებ ჩემს შესაძლებლობებს და არ შეიძლება, რომ კარგი შედეგი არ მოყვეს ამ ყველაფერს. მოგება არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც პროექტი მონაწილეებს გვთავაზობს და უმნიშვნელოვანესი კი ისაა რომ პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდეს აქტიური მუშაობა და მიზნის მისაღწევად ბრძოლა.


- ალბათ, კონკურსის მერე უფრო გაგიმარტივდება გერმანიაში კარიერის აწყობა. ამ მხრივ თუ გაქვს გეგმები?

 

- დიახ, კონკურსის დასრულების შემდეგ მსურს, რომ Mannheim -ის PopAkademie ში გამოცდები ჩავაბარო და Singer-songwriter ფაკულტეტზე მოვხვდე, დავამუშავო საკუთარი სიმღერები და ვეცადო მუსიკაში ცხოვრებას.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი