logo_geo
„თუ დადასტურდება, რომ ჩატაევმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი, ცხადი ხდება კიდევ რამდენიმე დეტალი...“
- +

7 დეკემბერი. 2017. 15:57



„რას გეგმავდა „ცალხელა აჰმედი" საქართველოში" - ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა" სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით წერს.

 

„სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ჩატაევი ბოლო 6 თვე იმყოფებოდა (?!). თავადაც და მისი სამი თანმხლები (მათგან მხოლოდ საიდ დუდაევია ცნობილი, მოხდა თუ არა დანარჩენი ორის იდენტიფიცირება, უცნობია) „ისლამური ხალიფატის" გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ჩატაევის ჯგუფს შემოსვლა შეეძლო როგორც არალეგალურად (ე.წ. მწვანე ზოლით), ისე სარფის საბაჟოს გავლით. საზღვრის გადმოლახვა იოლი არ არის, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ეს საქმე 600-900 დოლარამდე ჯდება, თუ საზღვარზე გადმოსვლას კონკრეტულ ცვლას დაამთხვევ, ან საქართველოში მომავალი ავტობუსების მძღოლებთან დაიჭერ თადარიგს. ჩატაევმა - ვაითუ, ვინმემ მიცნოსო, ალბათ, „მწვანე ზოლით" გადმოსვლა არჩია. ამ გზით შემოსვლა-გასვლის მსურველებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების ფასად მეგზურებიც სთავაზობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მეგზურის გარეშეც შესაძლებელია. ვინაიდან მაღალმთიან აჭარაში „ისლამურ ხალიფატს" მხარდამჭერები ჰყავს (ხალიფატში „აჭარულ ფრთას" თამაზ ჭაღალიძე - „აჰმედ გურჯი" ხელმძღვანელობს. 2015 წლის შემოდგომაზე აჭარაში ანტიტერორისტული ოპერაციაც ჩატარდა და „ისლამური ხალიფატის" ადგილობრივიო წევრები დააკავეს), შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია.

 

ბინა, რომელშიც ისინი მოხვდნენ, ცხადია, საიმედო უნდა ყოფილიყო. გამოცდილი და ფრთხილი კაცი არ გარისკავდა ოპერაციის ჩავარდნას, ამიტომ ბინა წინასწარ იყო შერჩეული. ეს კი ცხადყოფს, რომ მას აქ ხელის შემწყობი ჰყავდა.

 

შემდეგი ეტაპი იარაღის შოვნა იქნებოდა. ბინაში აღმოჩენილი იმ რაოდენობის იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებით, რა თქმა უნდა, ჯგუფი საქართველოში ვერ შემოვიდოდა. ის აქ იყო მოძიებული. ადვილი შესაძლებელია, არც შეესყიდათ და უკვე ნაქონი მარაგით ესარგებლათ. 2012 წლის ლაფანყურის მოვლენებისას საზოგადოებამ ნახა, რომ ჯგუფი, რომელიც დაღესტნის საზღვრისკენ მიიწევდა, კბილებამდე იყო შეიარაღებული, არ არის გამორიცხული, საქართველოში გადამალული ყოფილიყო იარაღის ხელშეუხებელი მარაგიც, რომელიც უთუოდ ჩატაევსაც ეცოდინებოდა. ჩატაევი გარეთ არ გამოდიოდა და მისი საქართველოში ყოფნის შესახებ მისმა გარემოცვამაც სირიაში ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ეს მაინც გახდა ცნობილი ქართული სპეცსამსახურებისთვის (უცნობია, ეს ინფორმაცია ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა დამოუკიდებლად მოიპოვა თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით მიიღო).

 

21 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით 7 საათზე, სამართალდამცავებმა ქუჩაში ვინმე საიდ დუდაევი დააკავეს, ორიოდე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტიტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ოპერაციას ატარებდა, რა დროსაც მათ ერთ-ერთი ბინიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეთავაზებას, ჩაბარებულიყვნენ, ბინაში მყოფებმა უარით უპასუხეს, „ხალიფატის" მებრძოლები ბოლომდე აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. სპეცოპერაციამ 20 საათს გასტანა. დაიღუპა ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. საბოლოოდ, ბინაში მყოფი სამი კაციდან ორი ეზოში იყო ლიკვიდირებული, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა.

 

თუ დადასტურდება, რომ ჩატაევმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი, ცხადი ხდება კიდევ რამდენიმე დეტალი. სავარაუდოდ, შაჰიდის ქამარი მაშინ გაიკეთა, როდესაც ბინაში მყოფებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს. შესაძლოა, ჩატაევი ვარაუდობდა, რომ ბინაში სპეცრაზმელების შეჭრის შემთხვევაში თავს აიფეთქებდა და ამას იქ მყოფი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირებოდა (ალბათ, ამიტომ არ ჩქარობდნენ სპეცრაზმელები ბინაში შეჭრას). როგორც ჩანს, სამართალდამცავები გარედან ცდილობდნენ ჩატაევის განეიტრალებას, მათ სახლში ხელყუმბარებიც კი შეყარეს. სანამ სპეცრაზმი კორპუსის მეორე სართულიდან დაიწყებდა შიგნით შეღწევას, ეტყობა, მაშინ მოსთხოვა მოჯაჰედმა ორ თანმხლებს, დაეტოვებინათ იგი. ტერორიზმში ეჭვმიტანილმა პირებმა კარგად იცოდნენ, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში მოკლავდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ფანჯრიდან მაინც გადახტნენ. ერთი იქვე მოკლეს, მეორემ რამდენიმე ათეული მეტრის გარბენაღა მოასწრო, „ცალხელა აჰმედი" კი შაჰიდი გახდა (შაჰიდობა მოჯაჰედისთვის დიდი პატივია. გარდა ამისა, მას ბევრი მატერიალური სიკეთეც მოაქვს, შაჰიდების ოჯახები სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილები არიან)", - ნათქვამია სტატიაში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი