logo_geo
რეზო აფხაზავა: მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის გარეშე მიზნების განხორციელება შეუძლებელია
- +

8 დეკემბერი. 2017. 01:26


 

„როცა საქმე მე-11 და მე-12 კლასელებს ეხება, იქ პოსტფაქტუმ რეაგირების საკითხი დგას, რადგან ღირებულებითი საკითხების განმტკიცება ბავშვებში ადრეულ ასაკში ხდება და ჩვენც აქედან უნდა დავიწყოთ", - ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, რეზო აფხაზავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„როცა ბავშვი სკოლაში შედის, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარე სამყაროს მიმართ დამოკიდებულების გარკვეული შინაგანი ღერძი, კონსტიტუცია. შემდეგ უკვე, მისი განვითარებისთვის თითოეული წელი მნიშვნელოვანია", - განაცხადა აფხაზავამ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს მშობელთა პედაგოგიზაცია, რეზო აფხაზავამ განაცხადა, რომ მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის გარეშე თანამედროვე განათლებაში მიზნების განხორციელება შეუძლებელია.


„იმ ღირებულებებზე საუბარი, რაც სკოლაში მიმდინარეობს, პარალელურად, ოჯახშიც უნდა ხდებოდეს და ამაზე სკოლა და ოჯახი უნდა თანხმდებოდეს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა მეტწილად, მშობლები ბავშვს სკოლას პირველი კლასიდან მიაბარებენ, მე-12 კლასში გაუვლიან და უნდათ, ბავშვი ყველანაირად ჩამოყალიბებული იყოს. თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ეს ასე აღარ ხდება", - განაცხადა განათლების სპეციალისტმა.


მისი თქმით, სკოლაში ისეთი კლიმატი და სასკოლო კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ განწყობა, გარკვეული პრობლემის წარმოშობისას მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, თუ მშობელს თამამად მიმართონ.


„თუ მათ პრობლემებზე სწორად რეაგირებას ვერ მოვახდენთ, ეს იგივეა, ექიმთან მიხვიდე და დაუმალო, რა გაწუხებს. ექიმთან ხომ იმიტომ მივდივართ, რომ მისგან შველას ველით?! თუ მოსწავლეები ჩვენთან გახსნილები არ იქნებიან, მიზანი ვერ განხორციელდება. ამიტომ, სკოლაში კონტროლის მექანიზმები ისე ფრთხილად უნდა დაინერგოს, რომ მოსწავლეს შენთან მოსვლა და თავის პრობლემაზე საუბარი არ გაუჭირდეს", - განაცხადა რეზო აფხაზავამ.


 

big_banner
არქივი