logo_geo
„შეჩერების მექანიზმმა“ სასწორი საქართველოს და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ უნდა გადაწონოს“
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:42



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, „შეჩერების მექანიზმმა" სასწორი საქართველოსა და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ უნდა გადაწონოს.

 

„ჩემი ანალიზით, ვიზა-ლიბერალიზაცია პრინციპულ საკითხად იქცა არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსათვის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ბოლო დროს ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციაც არის. თუ გადაავლებთ თვალს ამ საკითხზე მოსაუბრეთა სიჭრელეს, მიხვდებით, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა თემაზე: აქვს თუ არა ევროპას შნო, აჯობოს რუსეთის პოზიციას?! გაგეცინებათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იმ კოლეგას, ვინც საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემას ეწინააღმდეგება, ლამის რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. სხვათა შორის, ამ პროცესში დადებითი როლი შეასრულა პრემიერის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა ბრიუსელში და მისმა გამოსვლამ, რაც ერთგვარად ევროპის დანამუსება იყო.

 

ასე იქცევიან უკრაინელი პოლიტიკოსებიც და ამ საქმეში ჩართულია აშშ-ის ადმინისტრაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დასავლეთში ამ თემაზე პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა არა მხოლოდ ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, არამედ უკვე დაპირისპირების ასეთი ჰორიზონტალიც გაჩნდა - აშშ და ევროპა. მიიღებს თუ არა ეს ორი ქვეყანა ვიზა-ლიბერალიზაციას, იქცა პრინციპული მნიშვნელობის საკითხად, რის გამოც, ვფიქრობ, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, მაინც მგონია, რომ მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, რეგულაციამ, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელსაც „შეჩერების მექანიზმი" ჰქვია, სასწორი სწორედ ჩვენი და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის მომხრეთა სასარგებლოდ უნდა გადაწონოს", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი