logo_geo
დათო მაღრაძე: ჩვენში უკულტურობა ებრძვის კულტურას!
- +

14 დეკემბერი. 2017. 00:07


თვალსაწიერიდან ასე ჩანს, რომ ჩვენში უკულტურობა ებრძვის კულტურას. სწორედ უკულტურობაა აგრესიული. სხვადასხვა ეპოქაში ეს სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. ეს ახალი ამბავი არ არის, ასეთია ჩვენი ისტორია..." - ამ სიტყვებით პოეტი დათო მაღრაძე ჩვენს საზოგადოებაში ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ აგრესიას „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში აფასებს.


„ბევრი რამ დაუბარებიათ ჩემთვის. ამასწინათაც „ფეისბუქზე" გავრცელდა ლექსი „ჩემო გენერალო", რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს და რომლის ავტორიც არის შესანიშნავი ქართველი პოეტი ბაადურ ბალარჯიშვილი. ბრწყინვალე ლექსია, მაგრამ ჩემი არ არის, საზოგადოების ნაწილს კი ძალიან უნდა, ჩემი იყოს და წერს და წერს ამაზე. იმდენი წერეს „ფეისბუქში", რომ ბოლოს კალენდარშიც გაჩნდა, როგორც ჩემი ლექსი. საზოგადოების ერთ ნაწილს, შესაძლოა, მცირერიცხოვანს, მაგრამ ძალზე ენერგიულს, უნდა, რომ ასე იყოს, რომ მე ლექსებს ვუძღვნიდე ჯაბას, ვმონაწილეობდე სამოქალაქო ომში და ა.შ.

 

მეგობრებისთვის დამიწერია ლექსები, მაგრამ ძლიერთა ამა ქვეყნისათა არ ვუძღვნიდი ლექსებს. არც სამოქალაქო ომში მიმიღია მონაწილეობა.

 

ჯაბა იოსელიანი როდის გავიცანი, იცით? სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, კულტურის მინისტრად ჩემი დანიშვნა რომ გადაწყდა, მაშინ გავიცანი. არც შევარდნაძეს ვიცნობდი. მახსოვს, ელდარ შენგელაიამ წამიყვანა და გამაცნო.

 

მაგრამ ამ ხალხს არაფრით უნდა ამის გაგება. ზოგი იქამდე მივიდა თავისი გათახსირებულობით, ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ომში მნახა! ერთი, პირჯვარი გადაიწეროს და ისე თქვას, სად მნახა... ცილისწამება დიდი ცოდვაა.

 

აფხაზეთში ვიყავი - კი ბატონო! ლეგიონები არ დამიფრენია და არც გმირობები ჩამიდენია, მაგრამ ჩასვლით ჩავსულვარ... ამის კადრები არსებობს...

 

როცა შევარდნაძე „მხედრიონის" წევრებს, ყველას, განურჩევლად ყრიდა ციხეში, არ კითხულობდა, ვინ იყო დამნაშავე და ვინ  - არა, მაშინ ვთქვი, რომ თუ მარტო იმიტომ უნდა დასაჯოს ადამიანი, რომ მხედრიონელია, მაშინ მეც ვარ „მხედრიონის" წევრი-მეთქი. კონტექსტს ხომ გააჩნია, როდის რას იტყვი.

 

ისე, 800 კაცი მოუკვდა აფხაზეთში „მხედრიონს" - არც ერთ შენაერთს არ გაუღია ამხელა მსხვერპლი. ჯაბა იოსელიანი დღემდე არაჩვეულებრივად საინტერესო მწერლად მიმაჩნია. მეც ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი იმათგან, ვინც პატიმარი ჯაბა იოსელიანი სახელმწიფო პრემიაზე წარადგინა. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ შევარდნაძის ეპოქაში პატიმრის წიგნი წარმედგინა... დიდ პატივს ვცემ მის ვაჟკაცობას. მე აფხაზეთში ვნახე ჯაბა იოსელიანი და ერთი-ორმა დაიტრაბახოს ის უშიშრობა და სიმამაცე, რაც ამ კაცში მინახავს.

 

დასასრულ ერთსაც ვიტყვი: როცა კულტურას უპირისპირდება უკულტურობის აგრესია, კულტურას აქვს აღდგომის ენერგია... რომის იმპერიამ ჯვარს აცვა იესო, მაგრამ ის მესამე დღეს აღდგა... ასეა კულტურაც - უკულტურობა ჯვარს აცვამს კულტურას, მაგრამ მას აქვს აღდგომის ენერგია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია" ,- განაცხადა დათო მაღრაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი