logo_geo
შარდენის ქუჩაზე უნებართვო გარე კაფეები გაუქმდება?
- +

17 დეკემბერი. 2016. 14:04


 

 

 

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური შარდენის ქუჩაზე განლაგებული კაფეების აღებასა და შიდა სივრცეში გადატანას მოითხოვს. „პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ იმ დაწესებულებებზე ვრცელდება, რომლებსაც გარე კაფეები უკანონოდ, თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე აქვთ მოწყობილი. ის სუბიექტები, რომლებსაც გარე კაფეების მოწყობა სურთ, ვალდებულები არიან, აიღონ გარე კაფეს მოწყობის ნებართვა და მერიას იჯარა გადაუხადონ, რასაც ფართობის გათვალისწინებით სპეციალური ექსპერტი ადგენს.


რამდენიმე კაფემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან კაფეების შიდა სივრცეში შეტანის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო. თუ დაწესებულების მეპატრონეები ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ და საფეხმავლო ქუჩას არ გაათავისუფლებენ, ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც 10 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერია კაფის მეპატრონეებს პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გონივრულ ვადას აძლევს.


თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე მამუკა ჯაყელმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ, თუ ფეხით მოსიარულეებს გარე კაფეების განლაგება ხელს არ შეუშლის, მერია ნებართვის შესახებ განცხადებას ყველას უკმაყოფილებს.


„ნებართვით უნდა განისაზღვროს, რამდენი მაგიდა უნდა იდგეს, როგორ უნდა იდგეს, მაგიდებს შორის რამდენი უნდა იყოს დაშორება, სასიარულო ადგილი უნდა იყოს თუ არა, სახანძრო უსაფრთხოება რომ იყოს. თუ ფეხით მოსიარულეს არ შეექმნება პრობლემა, მერია ნებართვის შესახებ განცხადებებს ყველას უკმაყოფილებს", - განაცხადა მამუკა ჯაყელმა.


მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაწყებული აქვს უსახური კონსტრუქციების მოშორების მიზნით წარმოება, ნანახია 19 სუბიექტი და გაცემულია მითითებები.

 

„შარდენზე, ბამბისა და რკინის რიგში გაკეთებული აქვთ კონსტრუქციები ყველანაირი ნებართვის გარეშე. ეს კონსტუქციები მერე აქვთ შეფუთული ცელოფნებით და მოქალაქეებისთვის გასვლა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაწყებული გვაქვს უსახური კონსტრუქციების მოშორების მიზნით წარმოება, ნანახი გვაქვს 19 სუბიექტი და გაცემული გვაქვს მითითებები. როცა შეთანხმებაგაფორმდება, ასე ქაოსურად არ დაიდგმება მაგიდები. დიახ, შარდენს აქვს ის ხიბლი, რომ გარეთ დგას მაგიდები, მაგრამ ის ხიბლიც უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანმა ერთი მაგიდიდან მეორე მაგიდამდე მიაღწიოს", - განაცხადა მამუკა ჯაყელმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი