logo_geo
ვინ არის „მასტერა“ და რა კავშირი აქვს მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობასთან?
- +

17 დეკემბერი. 2016. 23:27


 


იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილის შეკვეთილი მკვლელობის სკანდალურ დეტალებს იხსენებს:


„მასტერა", იგივე გიორგი დგებუაძე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა, საქართველოშია. ძმებ კოდუებთან დაპირისპირებული დათა ახალაიას კადრის ხმაურიანი ჩამოყვანა ხმაურიან მოლოდინსაც უკავშირდება - ახალაიების „მარჯვენა ხელი", ფაქტობრივად, არაერთი ექს-მაღალჩინოსნისთვის მოსიარულე კომპრომატია. არაა გამორიცხული, დგებუაძის ჩამოსვლას ბაჩო ახალაიას ან ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება მოჰყვეს, ანდაც სხვა ექს-ჩინოვნიკებს ბრალი წარუდგინონ. ერთი ნაწილი დგებუაძეს ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებასთანაც აკავშირებს. შესაძლოა, მართლაც არ იყოს დგებუაძის დაკავება და ამ ე.წ. ჩანაწერების საქმის გამოძიების ფინალამდე მისვლა უბრალო დამთხვევა, მაგრამ სულ სხვა თემაა, აძლევს თუ არა ხელს თავად „მასტერას" გამოძიებასთან თანამშრომლობა - ვინც მის ბიოგრაფიას იცნობს, ხვდება, რომ მისთვის დუმილი სიცოცხლის გარანტიაა.

გიორგი დგებუაძე დათა ახალაიასთან ერთად, 2012 წელს გავიდა ქვეყნიდან. დღეს კი ახალაია წითელი ცირკულარიდან ამოიღეს, დგებუაძე - დაიჭირეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. რატომ და ვის წინააღმდეგ შეიძლება დასჭირდეს დღეს ის ხელისუფლებას, ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს, რადგან „მასტერა" არაერთი გახმაურებული საქმის მონაწილე და მოწმეა. ოფიციალურად, დგებუაძეს ბრალად ცნობილი 333-ე მუხლი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება აქვს წაყენებული. გარდა ამისა, ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება. მის გახმაურებულ საქმეთაგან ერთ-ერთია „ნავთლუღის სპეცოპერაცია", რომელიც 2006 წელს ჩატარდა და სამი ახალგაზრდა ბიჭი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაცხრილეს. მისი სახელი მზვერავებისა და სხვა სამხედრო ჩინის მქონე პირებთანაა დაკავშირებული, ასევე, ე.წ. აგენტურის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაცია „ენვერთან". „მასტერა" შს სამინისტროში 2005 წელს გამოჩნდა და კუდის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა. მოგვიანებით, ბაჩო ახალაიამ იგი სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსად დანიშნა. როგორც ამბობენ, დგებუაძე იყო ცნობილი აქციების დამშლელი ე.წ. ზონდერბრიგადების ერთ-ერთი ლიდერიც. მისი გვარი ბადრი პატარკაციშვილსა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ რამდენიმე პროვოკაციასაც უკავშირდება, მაგრამ დღეს ამაზე ცოტა საუბრობს და მედიით გავრცელებული ინფორმაციებიც არასწორია. ყოველ შემთხვევაში, ამას თავად პატარკაციშვილის უახლოესი გარემოცვიდან ვიგებთ. რა აკავშირებს რეალურად „მასტერას" ბადრი პატარკაციშვილთან და ვინ და როგორ დაავალა ოლიგარქის ლიკვიდაცია ახალაიების კადრს - ამ თემაზე „ვერსიისთვის" სკანდალურ დეტალებს ვალერი გელბახიანი იხსენებს.


მისი თქმით, პატარკაციშვილსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა 2005 წელს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო აირია, რადგან ოლიგარქი პოლიტიკოსის სიკვდილში სწორედ პრეზიდენტის კვალს ხედავდა. ყველას ახსოვს ამ თემაზე მისი საჯარო განცხადებები, რის შემდეგაც ნაციონალებმა პატარკაციშვილთან ჯერ მოლაპარაკება სცადეს, თუმცა ეს სცენარი არ გამოვიდა და მერე მასზე სხვა მეთოდებით გავიდნენ.

„2006 წელს ლონდონში ჩავიდა 4 ადამიანი სპეცსამსახურებიდან, მათ შორის ერთ-ერთი „მასტერა" იყო. შს სამინისტრომ ისინი ატაშეებად გააფორმა და ბადრიზე მიამაგრა. ისინი კონსულის ყოფილ ბინაში შეასახლეს. მათ ბადრის მარშრუტების, გადაადგილების, ესკორტისა და თანმხლები პირების შემადგენლობის დადგენა ევალებოდათ. 3 თვე ყოველდღიურად უთვალთვალებდნენ, აკეთებდნენ მარშრუტების ნახაზები, ფარულ ჩანაწერებს. ეს უშუალოდ სააკაშვილის დავალება იყო, რომლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი შემსრულებელი „მასტერა" აღმოჩნდა. თუმცა ისე მოხდა, რომ ეს გადაადგილება შეამჩნია ბერეზოვსკის დაცვამ, რადგან ერთი და იგივე მანქანა რამდენჯერმე მოხვდა კადრში და ეს ამბავი ბადრის გააგებინა. ბადრიმ კი განცხადება შეიტანა - სკოტლანდიარდში, ქართული სპეცსამსახურები მითვალთვალებენ და ეს დიპლომატიური ეგიდით ხდებაო. სკოტლანდიარდმა ეს ამბავი საელჩოში მოიკითხა, ნაციონალები შეშინდნენ და ოთხივე ტიპი ლონდონიდან მოაშორეს".

ფაქტობრივად, ნაციონალები ლონდონში „გაიფაქტნენ". ჟვანიას შემდეგ პატარკაციშვილის გარდაცვალება საქართველოში უკვე დიდ საპროტესტო ტალღას გამოიწვევდა, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ აწყობდა, ამიტომ გავრცელდა ვერსია, რომ პატარკაციშვილი ფრენის დროს, თვითმფრინავში უნდა მოეშორებინათ. კიდევ ერთი ვერსიით, რომელსაც გელბახიანი გვიამბობს, პატარკაციშვილის მოკვლა იგეგმებოდა ისრაელშიც. ხელისუფლებამ დანარჩენები თამაშიდან გაიყვანა და სრულიად განყენებული პირის, „ქილერის" მოძებნა სწორედ „მასტერას" დაავალა. „მასტერა" ამ მიზნით, ჩეჩენ ტერორისტ ძმებზე, ახმედოვებზე გავიდა და მათ შორის შეთანხმება შედგა. წინასწარ თანხად 250 000 დოლარი დასახელდა, საქმის შესრულების შემთხვევაში კი საუბარი დამატებით თანხებზეც იყო. შეთანხმებაზე უარი ჩეჩენ ძმებს არ უთქვამთ, არც ბერეზოვსკის უყიდია მათგან პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმის ამსახველი ჩანაწერები. ინფორმაციამ თავად შს სამინისტროდან გაჟონა, ხოლო როგორც ვალერი გელბახიანი ვარაუდობს, ეს გეგმა ბადრი პატარკაციშვილამდე თავად „მასტერასგან" მივიდა. მასა და პატარკაციშვილს შორის საუბარი იმაზეც შედგა, რომ ოლიგარქს შს უწყებიდან დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, თუ რა ეტაპზე იყო ძიება მის წინააღმდეგ, რადგან იქ თავისი ხალხი ჰყავდა, რომელთაც სერიოზულად აფინანსებდა:

„ბადრის ამ სტრუქტურებში თავისი ხალხი ჰყავდა და ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა. ამიტომ მანაც იცოდა, რომ ჩეჩნების ჯგუფზე გავიდნენ და ისინი ჰყავდა მოსაძებნი. ეს ინფორმაცია ბადრიმდე შს სამინისტროდან გავიდა! როგორც მაშინდელი საუბრებიდან მივხვდი, ეს თავად „მასტერამ" გააკეთა. თუმცა, ამისგან დამოუკიდებლად, იმ დაქირავებულმა ჩეჩნებმაც გაყიდეს ჩანაწერები. ანუ, „მასტერამ" ისინი უბრალოდ გაამხილა. მან უთხრა ბადრის, რომ შედგა მოლაპარაკება ჩეჩნებთან მის ლიკვიდაციაზე. რეალურად, ჩეჩნების ამ ჯგუფის მოძებნა თავის თავზე ბადრის მიერ დაფინანსებულმა რუსმა ჟურნალისტმა აიღო. მან ეს ჯგუფი სტამბოლში იპოვა და ბადრისგან გადახდილი ფულის ნაწილი, 200 000 დოლარი მისცა ამ ჩანაწერების სანაცვლოდ. ასე რომ, ტყუილია, თითქოს, ეს ჩანაწერები ბერეზოვსკიმ იყიდა, მით უმეტეს, მილიონნახევრად და ბადრის აჩვენა. ამის მერე, ბადრი „მასტერასთან" გავიდა კავშირზე და შესთავაზა, აღიარე, რომ ჩემი მოკვლა დაგავალეს, ბევრ ფულს მოგცემ, ლონდონში ჩამოგიყვან და აქ გაცხოვრებო. „მასტერამ" 2-თვიანი ვადა ითხოვა მოსაფიქრებლად, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა, ლიკვიდაციის შეეშინდა. ამიტომ ბადრიმ დაიწყო სხვა პირის ძიება, ვინც დაადასტურებდა, რომ მის ხელთ არსებულ ჩანაწერში „მასტერას" ხმა იყო და ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავდა".

როგორც ვარკვევთ, მაშინდელი ძალოვნები პატარკაციშვილს შორიდან უთვლიდნენ, ნამდვილად „მასტერაა" მაგ ჩანაწერშიო, მაგრამ ოფიციალური ჩვენების მიცემაზე ან დადასტურებაზე უარს ამბობდნენ. ბადრი პატარკაციშვილის გეგმა ასეთი იყო: მას სჭირდებოდა მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩანაწერში, ხელისუფლების მიერ დაქირავებული კადრი, დგებუაძე სწორედ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობდა. თუ ის ამის დადასტურებას შეძლებდა, მაშინ ლონდონში სააკაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო სკანდალს ააგორებდა და იტყოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გეგმავდა. ბოლოს, პატარკაციშვილმა ასეთი კაცი იპოვა - ერეკლე კოდუა: „კოდუამ ბადრის დაუდასტურა, რომ ეს „მასტერას" ხმა იყო. ეს მათ ცნობილ დიალოგშიცაა, რომელიც შემდეგ მედიაში დატრიალდა. ბადრი ერეკლეს ასმენინებს ფირს და ეკითხება, ვისი ხმააო, ის კი პასუხობს, „მასტერასი", ოღონდ ეგ ჩემთან კი არა, ახალაიებთან მუშაობსო. იმ დროს, ახალაიები და კოდუები ერთმანეთთან სერიოზულად იყვნენ დაპირისპირებულები. ბადრიმ რომ დამირეკა, მეცხრე ცაზე იყო სიხარულით, კოდუამ დამიდასტურა, რაც მინდოდა. ახლა ამ საუბარს ინგლისურად ვათარგმნინებ და ხვალ სკოტლენდიარდში მივიტან, ელოდე ჩემს ხმაურიან განცხადებებსო. მეორე დღეს, უცებ, ნაციონალები ატარებენ ბრიფინგს და ამ ჩანაწერს ჩვენ წინააღმდეგ ატრიალებენ.

არ დაიჯეროთ მითების, თითქოს, კოდუა ორმაგ თამაშს თამაშობდა და ბადრის რამე ჩაუწერა - ის ხელცარიელი შევიდა ბადრისთან და უკანაც ხელცარიელი გამოვიდა, ფირები კი ნაციონალებს ელჩმა გადასცა. რეალურად, კოდუამ ბოლომდე ჩაუშვა ბადრისთან ნაციონალები, ბადრი კი ბერეზოვსკიმ გაყიდა. ნათარგმნი ფირები მეორე დილას ბადრიმ სკოტლენდიარდში სწორედ ბერეზოვსკისა და მის ადვოკატს გაატანა, ბერეზოვსკი კი სკოტლენდიარდის მაგივრად, საელჩოში მივიდა".

ასეთია „მასტერასა" და პატარკაციშვილის ისტორია, რომლიდანაც დაქირავებული ქილერი ჩეჩნები, ფაქტობრივად, აორთქლდნენ, მაგრამ არა ხელცარიელები - პატარკაციშვილის მიერ გადახდილი ფულით მათაც იხეირეს. მოკლედ, „მასტერას" ბადრის საქმე მეორედაც ჩაუვარდა და მთელი ძალისხმევა უკვე ფიზიკური გადარჩენისკენ მიმართა. როგორც ამბობენ, სწორედ ის იყო სხვადასხვა დამშლელი ჯგუფების, ე.წ. ზონდერბრიგადების ლიდერი, ცნობილი აქციების და დარბევების დროს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი