logo_geo
„პერსონაჟი ოსეფა ცოცხალია, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე გამოვიყენებ“ - გოგა პიპინაშვილი თეატრის სევდაზე
- +

20 დეკემბერი. 2017. 15:55


 

„უკვე წლებია, რაც ზოგადად, თეატრის ყველა რგოლშია პრობლემა" - ამის შესახებ მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა ჟურნალ გზასთან ისაუბრა.

 

„უკვე წლებია, რაც ზოგადად, თეატრის ყველა რგოლშია პრობლემა: მართვა, რეჟისურა, მსახიობები, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე მკაცრად თეატრმცოდნეები არიან გასაკრიტიკებელი და მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან; მათთვის არაერთხელ მისაყვედურია, რადგან არც ერთი კრიტიკული სტატია აღარ წამიკითხავს. როცა შენ, თეატრმცოდნე, არცთუ მაღალი დონის დადგმას ტაშს უკრავ, მაყურებელმა რა ქნას? ყველაფერი რეჟისურასთან მიდის. ჩემი ომი რეჟისორებთან იცით, როგორ დაიწყო? თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისურას - პროფესიას როცა ასწავლიან, ამავე დროს, იმასაც ასწავლიან, რომ  ის უნდა იყოს თეატრალური სფეროს გამგებელი. ეს რომ ასე არა არის ამაზე ნებისმიერ რეჟისორს შემიძლია ვეკამათო. როდესაც რობერტ სტურუა დგამდა „კავკასიურ ცარცის წრეს" რომ არ ყოფილიყო იმ დიდებულ მსახიობებსა და რეჟისორს შორის „საიდუმლო სერობა", დღესასწაული შედგებოდა? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, ხომ არიან რამაზ ჩხიკვაძე და იზა გიგოშვილი იმ სპექტაკლის თანაავტორები? უდავოდ! რეჟისორს ვეკითხები: რატომ აკლებთ მსახიობებს ამ ბედნიერებას? მათ ხომ ისედაც არაფერი გააჩნიათ. უკან მოიხედავენ და სპექტაკლებიდან მხოლოდ ფოტოები რჩება. მე თუ მკითხავთ, ეროსი მანჯგალაძემ აზდაკი შეუდარებლად ითამაშა, ნანახი მყავს ამ როლში- ჩემი წუხილი ამას უკავშირდება. რეჟისორმა სპექტაკლი მოხსნა. რას ნიშნავს მოხსნა? როგორ სპექტაკლი რეჟისორს ეკუთვნის და მსახიობს- არა ? პერსონაჟზე, რომელსაც ვთამაშობ ღამეები მაქვს ნათენები. ის ადამიანი სისხლიანად მიყვარს და ჩემია. რა უფლება გაქვს რომ მოკლა ან თაროზე დადო? როცა სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"  რეპერტუარიდან მოხსნეს, ამასთან დაკავშირებით თეატრში კონფლიქტი მქონდა. მაშინ ვთქვი: „პერსონაჟი ოსეფა ცოცხალია, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე გამოვიყენებ", ამიტომ ექსპერიმენტის სახით წავედი „იუმორინაში" და  გაამართლა და მერე აღადგინეს  სპექტაკლი იმიტომ, რომ ის, ვინც ფილარმონიაში დადის თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლებს არ ესწრება. მერწმუნეთ, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელია. ხალხის რაოდენობა, რომელიც ფილარმონიაში მოდიოდა, მოტრიალდა თუმანიშვილის თეატრისკენ, მათ აინტერესებდათ ეს პერსონაჟი ნატურალურად ენახათ", - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი