logo_geo
ერისკაცობიდან ბერისკაცობამდე - განდეგილი ბერის აკრძალული სიყვარული და აღსასრული
- +

21 დეკემბერი. 2017. 12:22

 

ერისკაცობაში ვასილი ერქვა, შინაურები მას ბატას ეძახდნენ - იხსენებს მისი ძმიშვილი რევაზ ნადარეიშვილი - ძალიან აქტიური და წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო, უგანათლებულესი, არც მატერიალური გასაჭირი ჰქონდა და ყოველთვის კარგად ჩაცმული დადიოდა.

 

„ბატას იტალიიდან ჩამოსული დიდი ვაჭრის მშვენიერი ქალიშვილი უყვარდა. ბებიაჩემი კი ტრადიციებზე აღზრდილი ქალი იყო და თურმე ამ სიყვარულს წინ აღუდგა. შვილისთვის უთქვამს, კათოლიკე, გადამთიელი რძალი არ მინდაო. არადა ძალიან უყვარდა ბიძაჩემს იტალიელი გოგო, მაგრამ დედას წინ ვერ აღუდგა, რელიგიამ შეუშალა ხელი მათ ქორწინებას. სიყვარულზე უარმა მთლიანად შეცვალა ბატას ცხოვრება, ამას დაერთო რევოლუციური წლებიც და მალევე გაერიდა. სენაკში მივიდა ალექსი შუშანიას სავანეში და მისი კურთხევით ბერად აღიკვეცა.

 

ბებიაჩემს რა არ გაუკეთებია, რომ გადაეფიქრებინა, შავებიც კი ჩაუცვამს შვილზე, მაგრამ ამაოდ...

 

ბერმა გრიგოლმა ტყეში ააშენა პატარა სახლი და ოცი წელი მარტომ იცხოვრა განდეგილად, საცალფეხო ბილიკი მივუყვებოდით გზას და საჭმელი მიგვქონდა. მახსოვს, პატარა ბოსტანიც ჰქონდა.

 

ბატას ბერად შედგომის შემდეგ მისი შეყვარებული გათხოვდა. ერთხელ შევხვდი მას, უკვე მოხუცი იყო და რომ უთხრეს,  ვინც ვიყავი, ადგა და გადამკოცნა ... ბიძაჩემიც მოიკითხა და რომ ვუთხარი უკვე სამი წლის გარდაცვლილია-  თქო,  იტირა. ძალიან დამწუხრდა, მასაც უყვარდა ალბათ ბიძაჩემი.

 

გარდაცვალების დროს ბიძასთან ვიყავი. 67 წლის გახლდათ. შენს გარდა არავინ შემოვიდესო -  მითხრა. ბარბარობა იყო.

 

- არ შეგეშინდეს, გულზე ხელები დამიკრიფე და  თვალები დამიხუჭეო. გვერდიდან არ მოვშორებივარ. ვხედავდი, განშორების დღე რომ დგებოდა. საღამოს უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო. ხელით მანიშნა, ოთახის კარი გამოაღეო. მზე ჩადიოდა. კარგად მახსოვს, მზის სხივები სახეზე მოეფინა. ის მშვიდად ელოდა აღსასრულს. მე გავაპატიოსნე. ეს იყო 1945 წლის დეკემბერი. სამძიმარზე ბევრი ადამიანი არ მოსულა რადგან ხელისუფლების ეშინოდათ ... საფლავზე წარწერაც კი ვერ გავაკეთეთ, ისეთი წლები იყო. მივდიოდი და ბუჩქს ვრგავდი, რომ საფლავი არ დაგვეკარგა... ორჯერ ამოთხარეს ბუჩქი, მაგრამ საფლავს არავინ შეხებია".




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი