logo_geo
გიორგი გახარია: სტატისტიკა მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა...
- +

24 დეკემბერი. 2017. 22:20


 

„სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უწყებას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია, ამიტომაც იძულებული გახდა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები გაეტარებინა.


„მინდა გითხრათ, რომ ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სპეციალური საპოლიციო ღონისძიება არის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ ვიყავით იძულებული, მიგვემართა ამ ღონისძიებებისთვის, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის, რაც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის ნდობის აღდგენას, თუმცა დღეს, იმ სიტუაციის შეფასებით, რომელიც გვქონდა, ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ახალი წლის წინ პრევენციის მიზნით", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


გიორგი გახარიას განცხადებით, საპოლიციო კონტროლის შედეგები საკმაოდ მასშტაბურია. მინისტრის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და იარაღის ამოღებამ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეფასება.


„შედეგებმაც დაადასტურა ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა. მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგები არის საკმაოდ მასშტაბური. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკების მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კილოგრამი ჰეროინი იყო ამოღებული. ეს ძალზე მსხვილი პარტია გახლავთ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი პირველადი მონაცემებით, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაციის მომარაგების მიზნით. ამას, როგორც ჩანს, სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ღონისძიება ჩატარდა თბილისის ცენტრში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. არაფერს ვამბობ იარაღის იმ რაოდენობაზე, რომელიც ამოვიღეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.









 

big_banner
არქივი