logo_geo
„სიდედრს ვეუბნები, როგორ გამომატანეთ ასეთი ქალი-მეთქი“ - 53 წლის ასაკში შექმნილი ბედნიერი ოჯახი
- +

25 დეკემბერი. 2017. 13:03



მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, პიონერფილმის ხელმძღვანელი - გრიგოლ ჩიგოგიძე კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი... იგი მრავალი წელი ტელევიზიაშიც მუშაობდა და როგორც ამბობენ მისი გულის მონადირებას ბევრი ქალი ცდილობდა... იგი თავად გვიამბობს, როგორ შექმნა ისეთი ოჯახი, რომელსაც ყველა სამაგალითოს უწოდებს...


- საკმაოდ სოლიდურ ასაკში - 53 წლის გახლდით, როდესაც დავქორწინდი... რასაკვირველია, ყოველთვის მსურდა გულისწორი მეპოვნა და ისე მოხდა, რომ ტელევიზიაში ვიპოვნე... „მოამბეში" ვმუშაობდი, ერთ დღესაც მეოთხე სართულზე ძალიან ლამაზი ქალი დავინახე. გავიკითხე და გვარკვიე, რომ შედარებით ახალი თანამშრომელი - ნინო კალაძე იყო. სულ


სამი თვის დაწყებული ჰქონდა მუშობა. „მოამბის" თანამშრომლებს ვუთხარი, რა ლამაზი ქალია ეს ნინო კალაძე-მეთქი და ოთხმა თანამშრომელმა ერთხმად დაიძახა, ქმარი არ ჰყავს, გასათხოვარიაო... მათ ვუთხარი, აბა, ახლა ყველა დატრიალდით-მეთქი... ეს ხდებოდა 1994 წელს, შემოდგომაზე, როდესაც იყო სიცივე, სიბნელე, შიმშილი და საშინლად მძიმე პერიოდი. თუმცა მე მარტოხელა გახლდით, საკმაოდ კარგად ვმუშაობდი, ნორმალური შემოსავალიც მქონდა და თან სრულიად ახალი, ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან...




- როგორ აეწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

- მე, ჯანო ინაძე და კახა არჩვაძე ბაზარში წავედით, ხინკლის მასალა მოვიტანეთ და ჩემს სახლში ხინკალზე სტუმრად მოვიწვიეთ თანამშრომლები - ამირან ტორონჯაძე, მამუკა ზანგურაშვილი, ნანა მჭედლიშვილი და მათთან ერთად - ნინო კალაძე... იმ დროს რემონტიც ახლადდამთავრებული მქონდა. ტელევიზიასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, ბუკიას ბაღის პირდაპირ... ძალიან კარგი წვეულება გამომივიდა და როდესაც სტუმრებმა წასვლა დააპირეს, ნინოს ვკითხე, სად ცხოვრობ-მეთქი. ნინომ მითხრა სანზონაში ვცხოვრობო და ვუპასუხე, ზუსტად მანდ მივდივარ ახლა, მეც იქეთ მაქვს საქმე-მეთქი... ჩემი მანქანით გავაცილე და მეორედ რომ მოვიდა, ვუთხარი, ახლა სადღა მიდიხარ, მოდი დარჩი ჩვენს ოჯახში მეთქი... ჩემდა გასაოცრად თვითონაც უცებ დამთანხმდა... ასე გადავწყვიტეთ მეორედ შეხვედრის შემდეგ დავქორწინებულიყავით და ჩვენი გეგმა ახლობლებისთვის გაგვენდო... ჩემი სიდედრი საოცარი ქალბატონია, რესპუბლიკის დამსახურებული რკინიგზელი... მივედი ნინოს ოჯახში და ერთი დიდი წინააღმდეგობა დამხვდა: ნინოს დას ორი პატარა შვილი ჰყავდა, რომლებიც ნინოზე გიჟდებოდნენ ვერაფრით შეელეოდნენ. ეს პრობლემა იმით გადავწყვიტე, რომ ერთი დიდი კოლოფი „პედრო" ვუყიდე ბავშვებს... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამერიკაში ვიმყოფებოდი, მანამდე კი იტალიასა და იაპონიაში. იაპონიიდან ჩუსტები ჩამოვიტანე, რომელსაც წაღმა-უკუღმა არ ჰქონდა. ეს ჩუსტები საჩუქრად სიდედრს მივართვი და დღემდე ხუმრობს, ის საოცრება სადღა იპოვეო... 




- რამდენი წლის იყო თქვენი მეუღლე, როდესაც დაქორწინდით?

- ჩემი მეუღლე იმ პერიოდში 34 წლის იყო და უკვე პენსიონერი. ანსამბლ „ერისიონში" ცეკვავდა და ახლადდანებებული ჰქონდა თავი ცეკვისთვის... დამთავრებული ჰქონდა ასევე უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი... სადმე რომ მეთქვა, პენსიონერი ცოლი მყავს-მეთქი უხერხული იყო და ვაიძულე თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. მერე ვამბობდი, სტუდენტი ცოლი მყავს-მეთქი... ასე კარგად აეწყო ჩემი საქმე და არნახული ქორწილიც გადავიხადეთ... ჩემი და - ირინა გიორგაძე კბილის ექიმი გახლავთ და ძველ კინოსტუდიასთან, ერთ-ერთ მაღალ შენობაში მუშაობდა. ამ შენობაში დიდი კლუბი ჰქონდათ და ჩემმა დამ დირექტორს თხოვა, თუ შეიძლება აქ ქორწილი გავმართოთო... ტელევიზიის ბიჭებმა კლუბის სკამები მთლიანად ავიღეთ, მაგიდები მივიტანეთ და საზეიმოდ მოვაწყვეთ იქაურობა... როგორც უკვე ვახსენეთ, 90-იანი წლები იყო და ჩემმა დამ ორასკაციანი სუფრისთვის ყველაფერი შეშის ღუმელზე მოამზადა. ყველაფერი უჩვეულოდ კარგი იყო, ძალიან ლამაზი და კარგი სუფრა გამოვიდა. თამადა გახლდათ ვაჟა შუბლაძე... ტელევიზიიდან არავის დასჭირვებია დაპატიჟება - რომ გაიგეს, ყველა მოვიდა. ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან, ნათესავებიც... ქორწილზევე მოვაწერეთ ხელი, იქვე მოვიყვანეთ მმაჩის ბიუროდან თანამშრომლები...


ჯვარი მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე სამების ეკლესიაში დავიწერეთ. ჩემი თანაკურსელი იყო მამაო - როსტომ ლორთქიფანიძე. ჯვარს რომ გვწერდა, თან ბუტბუტებდა, ბიჭო ამისთანა კარგი ქალი თუ გეგულებოდა, მეც დავიცდიდი შენს ადგილზე და ცოლს არ მოვიყვანდიო... გარეთ რომ გამოვედით, მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ხალხი იდგა და ხანჯლების ნაცვლად ყვავილებში გამოგვატარეს...


ქორწილზე საოცრად კარგი დრო გავატარეთ. მახსოვს მოამბის მთავარი რედაქტორი - მამუკა არეშიძე შემოვარდა ქორწილზე და ყვიროდა, შევარდნაძესთან არის მიღება და არცერთი ოპერატორი იქ არ არის ჩვენიო. ცხრა ოპერატორი იღებდა ჩვენს ქორწილს ყველა მხრიდან... სუფრაზე იყვნენ - მაცაცო სებისკვერაძე, გია ჭირაქაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ინგა ბერაძე, რამაზ იოსელიანი და უამრავი ცნობილი ადამიანი... თუმცა ისეთი პერიოდი იყო, ქორწილი ორზე დავიწყეთ და ხუთზე უკვე დავიშალეთ. ყველას ეშინოდა სიბნელეში სროლებში არ მოყოლილიყო ან რამე უბედურებას გადაჰყროდა... მაინც ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ყველა კარგად იგონებს და მეც ძალიან მიყვარს ქორწილის კადრების ყურება... 




უკვე 23 წელია ერთად ვართ. გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. ერთმა უკვე დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი, მეორე წელს გახდა სტუდენტი... როდესაც სამშობიაროში მივდიოდი, ორთაჭალაში პოლიციელმა გამაჩერა და საბუთები რომ ნახა, ხუმრობით მკითხა ილიკო ჩიგოგიძე რა არის შენიო, ვუპასუხე ზუსტად ილიკო ჩიგოგიძის გამოსაყვანად მივდივარ-მეთქი... ჩემს შვილს ილიკო დავარქვი, მეორეს ნიკოლოზი ჰქვია... მეუღლემ თავიდან მხოლოდ კარტოფილის შეწვა იცოდა, ხახვთან ერთად კარტოფილის შეწვა მე ვასწავლე. რაღაცებს რომ აკეთებდა, ვამბობდი, რამდენად უნდა გიყვარდეს ცოლი, ეს ჭამო-თქო... ახლა კი საოცარ ნამცხვრებს, ნიგვზიან ლობიოს, ბაჟეს და ყველაფერს არაჩვეულებრივად ამზადებს. ახლაც გვერდით ზის და ჩვენს ბიჭს შარფს უქსოვს, რომელიც იმდენად დიდია, ალბათ ყელზე ოთხჯერ შემოეხვევა... ოჯახში სრული იდილიაა, მე და ჩემი შვილები სულ ჩვენს კომპიუტერებთან ვზივართ და ბუზის გაფრენა ისმის, ისეთი სიჩუმეა... უნიკალური, ოჯახური ვიდეოების კოლექცია მაქვს და ხშირად ვუყურებ. ჩვენი ბიჭების პატარაობის თითქმის ყველა ნაბიჯი გადაღებული მაქვს... 




მეუღლე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობს ჩვენთან და ჩვენი დირექტორი - თიკა რუხაძე ხშირად მეხუმრება, ნეპოტიზმი გაქვთო, მაგრამ ვეუბნები, კინო-კაბინეტში ერთი დიპლომიანი რეჟისორი ხომ უნდა იყოს-მეთქი...


- თქვენი გადმოსახედიდან, რას ურჩევდით სხვებს, ვინც ასაკის გამო თავს იკავებს ოჯახის შექმნისგან?

- მთავარია, დროზე დაინახო ყველაფერი! მე რომ პირველად დავინახე ჩემი მეუღლე, საოცრება დამემართა... იმდენად მომეწონა, სრულიად სხვანაირი გავხდი. ჩემს სიდედრს ვეუბნები, როგორ გამომატანეთ ასეთი ქალი, ასე მალე მეთქი და შენისთანა კაცს სად ვნახავდითო, ამბობს... რაღაც ისე მოხდა, რომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. არცერთი არ ვართ პრეტენზიულები და მცირედითაც ვკმაყოფილდებით. ძალიან ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, ბიჭები სწავლობენ. ცოტა ზედმეტად სერიოზულებიც, მაგრამ მთავარია, რომ კარგი ადამიანები არიან!



მანანა გაბრიჭიძე




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი