logo_geo
როგორ შეაყვანინა სტალინმა „გაეროში“ უკრაინა და ბელორუსია
- +

25 დეკემბერი. 2017. 13:59



სტალინი რომ გენიალური პოლიტიკური მოთამაშე იყო, ის ფაქტიც მეტყველებს, თუ როგორ მოახერხა საბჭოთა ბელადმა ახლად შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორი დამატებითი ხმის უმარტივესად მოპოვება.


ფაშისტური გერმანიის სტალინგრადთან განცდილი კატასტროფების შემდეგ, უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჰიტლერი სასტიკად დამარცხდებოდა. ამიტომ, ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა „ერთა ლიგის" მსგავსი, მაგრამ ბევრად უფრო ქმედითი, საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. მისი მიზანი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ საკითხზე ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი თეირანის კონფერენციებზე მსჯელობდნენ და „გაეროს" ჩონჩხიც მაშინ ჩამოყალიბდა.


„გაერო" 1945 წლის 24 ოქტომბერს დაარსდა და მასში 50 სახელმწიფო გაერთიანდა. მანამდე კი, გაიაზრა რა სტალინმა, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღებისას საბჭოეთი შესაძლოა, უმცირესობაში დარჩენილიყო, საკითხი წამოჭრა, რომ „გაეროში" თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკა გაერთიანებულიყო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და ხმის უფლების მქონე. ეს წინადადება პირველად ანდრია გრომიკომ გაასაჯაროვა, რომელიც იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა კავშირის ელჩი გახლდათ. ამ ფაქტს ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებდა: 
„1944 წლის 26 აგვისტოს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:


- ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, რას იტყვი, რომ თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკას სრული სუვერენიტეტი აღვუდგინოთ?


სტალინს არ ეტყობოდა, რომ ხუმრობდა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი:


- ხუმრობ, კობა?


- ხუმრობის მეტყობა რამე? - გაეღიმა სტალინს.


- მაშინ ვერაფერს ვხვდები, - მხრები ავიჩეჩე მე.


- „გაეროს" წინასწარი წესდება ხომ გაქვს წაკითხული?


- მაქვს წაკითხული. რა, მერე?


- იქ ხომ წერია, რომ „გაეროს" წევრი შეიძლება, იყოს ყველა ის სახელმწიფო, ვისაც არმია ჰყავს და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს?


აქ უკვე ყველაფერს მივხვდი და სტალინს პირდაპირ ვუთხარი:


- შენ გინდა, ჩვენი რესპუბლიკები დამოუკიდებელ სუბიექტებად შეიყვანო ამ ორგანიზაციაში, რათა ხმები გქონდეს დაბევებული, ხომ?


- რა, ცუდია? - კითხვა შემიბრუნა სტალინმა.


- მერე და ამაზე წამოვლენ ანგლო-საქსები? იქ ხომ ისიც წერია, რომ ყველაფერ ამას ჩვენი და მათი თანხმობა სჭირდება?


- წამოვიყვანთ, - თავდაჯერებულად მიპასუხა სტალინმა, - გრომიკოს გააგებინე ვაშინგტონში, რომ ეს წინადადება დააყენოს. რეაქციას დაველოდოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.


მე უმალვე შევასრულე ბრძანება".


სტალინის წინადადებას ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი შეშფოთებით შეხვდნენ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ამასობაში, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კონსტიტუციაში შესწორება შეიტანეს და თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებელი ჯარის ყოლისა და საგარეო საქმეთა წარმოების უფლება მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა რომ დაინახეს სტალინის სწრაფი მანევრი, ბევრი არ უფიქრიათ, ისე განაცხადეს უარი მის (სტალინის) სურვილზე. მაშინ საბჭოთა ბელადმა სხვა მანევრს მიმართა. მან უკრაინა-ბელორუსიაში დაბადებულ და გაზრდილ, ებრაული წარმოშობის მილიონრებს კერძო არხებით მიაწვდინა ხმა. შეჰპირდა, რომ ბელორუსია-უკრაინის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ ებრაულ რესპუბლიკას შექმნიდა. დედაქალაქად კი, გომელს გამოაცხადებდა. სამაგიეროდ, მილიონერ ებრაელებს ზეწოლა უნდა მოეხდინათ თავიანთ მთავრობაზე, რომ სტალინის წინადადებას დასთანხმებოდა და ბრიტანეთიც დაეყოლიებინა. ამ ისტორიას 90 წლის მოლოტოვი ასე ყვებოდა: „ებრაელებს დიდი ხნის ოცნება ჰქონდათ, რომ ევროპის შუაგულში ებრაული სახელმწიფო დაარსებულიყო. სტალინის წინადადება კი მათ ამ შანსს აძლევდა. ამიტომ, ყველა ღონე იხმარეს, რუზველტი დაიყოლიეს და ჩერჩილიც დააყოლიებინეს. მართალია, თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლის „გაეროში" შესვლას არ დათანხმდნენ, მაგრამ უკრაინა-ბელორუსიის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. ეს მათი უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო. საბჭოეთს „გაეროში," ფაქტობრივად, ერთბაშად სამი ხმა ჰქონდა და ასეთი რამ სტალინური პოლიტიკის დიდი წარმატება იყო".
საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სტალინის მმართველობის  პერიოდში თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკას მხოლოდ „ქაღალდის სუვერენიტეტი" გააჩნდათ, თორემ, აბა, ვინ გაბედავდა საბჭოთა ბელადის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ წასვლას? „ქაღალდის სუვერენიტეტმა" მხოლოდ 1947 წლამდე იარსება. როდესაც „გაეროს" სტრუქტურა დაიხვეწა და რამდენიმე მოწინავე სახელმწიფოს, მათ შორის, საბჭოთა კავშირს ვეტოს უფლება მიეცათ, სტალინს უკრაინისა და ბელორუსიის ხმები არაფრად სჭირდებოდა. ამიტომ, საბჭოთა ბელადი წინადადებით შევიდა, რომ უკრაინა და ბელორუსია „გაეროდან" გაერიცხათ. ეს საბჭოთა ბელადის მხრიდან უფრო დაცინვას ჰგავდა. ამერიკამ და ბრიტანეთმა, რომლებსაც არ უნდოდათ, ეღიარებინათ, რომ მათ სტალინმა „აჭამა" (გააცურა), უარი განაცხადეს უკრაინისა და ბელორუსიის გარიცხვაზე და „გაეროში" დატოვეს... სტალინმა ამერიკაში მცხოვრებ ებრაელ მილიონრებსაც „აჭამა", ანუ ისინიც გააცურა და თავის ტერიტორიაზე არანაირი ებრაული რესპუბლიკა არ შეუქმნია. თუმცა, ბოლომდე არ გაუწბილებია - ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი, პალესტინაში დაარსებული ისრაელის შექმნაში, მთავარი და გადამწყვეტი როლი შეასრულა. მართალია, ეს ქმედება საბჭოთა ბელადს უანგაროდ არ განუხორციელებია - ამერიკელი ებრაელებისგან მილიარდობით დოლარი მიიღო, რომელიც ომისგან დანგრეული საბჭოეთის აღდგენაში დაიხარჯა.


ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი წერდა: „ისრაელის შექმნაში ხელშეწყობისთვის სტალინს ვაღმერთებდით. რომ ამბობენ, ებრაელი ჭკვიანი და ეშმაკიაო და ეს, მართლაც, მასეა, მაგრამ სტალინი, ყველა ჩვენგანზე ჭკვიანი აღმოჩნდა. ისეთი ფინანსურ-პოლიტიკური პარტია გაითამაშა, რაც მხოლოდ ზე-გროსმაისტერს ეკადრება..."
ძნელია, რამე დაამატო გოლდა მეირის სიტყვებს. ის აბსოლუტურად ზუსტად გადმოსცემს სტალინის პოლიტიკურ გენიას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი