logo_geo
გელა ზედელაშვილი: პოეტის გინება ლიტერატურული ჟანრია, პოლიციელებმა სწორად უნდა წაიკითხონო!
- +

26 დეკემბერი. 2017. 13:42



აი, საქართველოში პოეტებს რომ ასე ექცევიან, სხვას რას უზამენო? „სხვებში" ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობენ, რიგითებს. გეგონება პოეტი არ იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, გეგონება პოეტს ზედ აწერია რომ "პოეტია" და მას აქვს უფლება, ერთი გვარიანად გამოტყვრეს და პოლიციელებს აგინოს.


პატივცემული საზოგადოების ერთი ნაწილი იქამდეც კი მივიდა, ვინმე ზვიად რატიანის საქციელი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა. რა მოხდა მერეო? გალაკტიონი სულ მთვრალი დადიოდა, უნდა დაეჭირათო? ჰა, ჰა, ჰა... ჯერ ერთი, სად რატიანი და სად - გალაკტიონი და მეორეც, თუ პოლიციელებს გინებას დაუწყებდა, შეაფურთხებდა და სახეში გაარტყამდა, რასაკვირველია, უნდა დაეჭირათ. პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ძალიან გამოირჩევა თავისი „ორიგინალური" დასკვნებით, აცხადებს: გინება ლიტერატურის ერთ-ერთი ჟანრია და პოლიცია ვალდებულია, სწორად წაიკითხოსო. თან მაგალითიც მოიყვანა „იბერიას" ეთერში, ერთ-ერთმა ამერიკელმა პირდაპირ განაცხადა, ამერიკელებო, თქვენი ატომური იარაღი ტრაკში გაითხარეთო და ხელისუფლება კი არ აღშფოთდა, ეს კაცი დააჯილდოვესო. ნუ, ეხლა, ამერიკელებისგან აღარაფერია გასაკვირი, იაზმდნენ ამას, მაგრამ რა გამოდის, ვისაც მოუნდება, მით უფრო პოეტებს, შეუძლიათ, ჩატყვრნენ და სახალხოდ ყველას აგინონ, ლიტერატურულ ჭრილში? უკაცრავად, ბატონებო, თქვენ ცოტა ხომ არ გაყანყალებთ?!


მე არ ვამბობ, მთვრალ ადამიანს თავ-პირი უნდა დაალეწო, ეს სხვა თემაა და არც პოლიციელს აქვს უფლება, თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, ბევრი რამეც უნდა მოითმინოს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის აზროვნება აუცილებლად ითხოვს "დაპაჩინკებას". კი, ბატონო, ყველა ცდილობს, თავისი კოლეგა თუ ძმაკაცი "გააპრავოს", მაგრამ ასე შტერულად? გამოდი და თქვი, ძმაო, რომ არ შეიძლება ადამიანის ცემა... არ შეიძლება, ადამიანს გაუსწორდე ფიზიკურად, გაკოჭე, ბორკილები დაადე, გამოსაფხიზლებელში შეაგდე. ან კი რა შუაშია "ქადაგება", რომ თურმე საქართველოში პოეტებს ფიზიკურად უსწორდებიან და გილიოტინაზე თავებს აჭრიან?!


აი, ეს არის შედეგი საპოლიციო კონტროლისაო, - აყვირდნენ სათნოების სახლში გაზრდილები, რომლებიც გუშინ ღრიალებდნენ, პოლიცია არაფერს აკეთებს, არიქა, მოზარდებმა ერთმანეთი დაჩეხესო. კონტროლი არის აუცილებელი, ეს გახლავთ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მოთხოვნა და მხოლოდ 2-3 დღით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს, უნდა გაგრძელდეს მუდმივად, თანაც ყოველგვარი გამოცხადებისა და ე.წ. პიარის გარეშე. მე პირადად, არ მაინტერესებს, კანონს პოეტი დაარღვევს, ექიმი თუ ჟურნალისტი, ან მუშა, ან პოლიციელი, ყველამ უნდა აგოს პასუხი! როდესაც შენ ქუჩაში დადიხარ შეიარაღებული და ჯიბეები გამოტენილი გაქვს ყუმბარებით, რა თქმა უნდა, ხარ პოტენციური მკვლელი!


აჰააააა... ესე იგი, გალაკტიონიც სულ მთვრალი დადიოდა, ხომ? აი, ეგ არ ვიცოდით, მადლობა, რომ გაგვაგებინეთ. ისა და... იქნებ ზვიად რატიანის ლექსებიც შეახსენოთ პატივცემულ საზოგადოებას ყოველი შემთხვევისთვის?!


ჰო, კიდევ ერთი... „მავნები" აცხადებენ, კვირიკაშვილი თუ იგინება, ჩვენ რა, ფეტვი გვირევიაო? ეგ თუ მოგწონთ, ჩვენი რატომ არ მოგწონთო? უკაცრავად, მოსაწონი არც გიორგი კვირიკაშვილის საქციელი იყო და არც ნიკანორ მელიასი! გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ზუსტად 5 წუთში მოიხადა ბოდიში და ინანა. თქვენ კი რას აკეთებთ? აქეთ იბრიქებით, ეგრეა საჭიროო. თუ ზვიად რატიანი თავისი საქციელის გამო ბოდიშს მოიხდის, კარგი იქნება. თუ პოლიციელებმა გადაამეტეს, ისინიც დაისჯებიან, რა საჭიროა ყველაფრის უნიჭოდ გაფორმება და სიტუაციის დრამატიზება?!


 

გელა ზედელაშვილი







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი