logo_geo
კახა კალაძე: მთელ რიგ სამსახურებში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ...
- +

30 დეკემბერი. 2017. 00:24



„ჩვენი წინაპირობა ის არ არის, რომ ვიღაცები სამსახურიდან აუცილებლად უნდა გავუშვათ", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას. მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებები გარკვეულ სამსახურებში იქნება.



„კანონის ფარგლებში იგეგმება კონკურსები და მომავალში, ჩვენთან ერთად მუშაობას პროფესიონალები გააგრძელებენ. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია პატიოსნება და კეთილსინდისიერება. ასე რომ, ყველაფერი მათ პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე, პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

 

მთელ რიგ სამსახურებში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ და ამ ყველაფერს დაახლოებით, თებერვლის ბოლოს დავასრულებთ. გვინდა, შევამციროთ ბიუროკრატია, მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მერია მაქსიმალურად მოქნილი სტრუქტურა იყოს, ადამიანებზე და სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული", - განაცხადა კალაძემ.


თბილისი მერმა ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის სწორად განვითარებისთვის გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.


„საჭიროა, ძალიან მაღალი ხარისხის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გვქონდეს, რადგან ეს პლატფორმაა, რომელზეც ქალაქის სწორი განვითარება უნდა დაშენდეს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა წინა ადმინისტრაციის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს.


„ბოლოს შემოსულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები, რომლის გამოსასწორებლად სამუშაო ჯგუფს 10-დღიანი ვადა მიეცა", - განაცხადა კალაძემ.


 

big_banner
არქივი