logo_geo
ირმა სოხაძე: ჩვენს ოჯახში არასდროს იყო საგნების პრიორიტეტი, კუზნეცოვის სერვისი და ბრილიანტის სამეული
- +

19 დეკემბერი. 2016. 16:33


 

 


მომღერალ ირმა სოხაძეს თავისი მშობლების სახლი განსაკუთრებულად უყვარს. ჟურნალ „სარკესთან"ინტერვიუში ის სწორედ ამ სახლზე საუბრობს და მასში გატარებული დროც სასიამოვნოდ ახსენდება. დაოჯახების შემდეგ პერიოდულად იქ მოუწია ცხოვრება და ამბობს, რომ ეს ის სახლია, სადაც საყვარელი ნივთები და მოხუცი დედა ელოდება.


„ამ სახლში ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული, ხან მშობლები იყვნენ შეუძლოდ, ხან ჩემი ქმარი, რეზო, სადღაც წავიდოდა თვეობით და აქ მოვდიოდი. ეს სახლი ძალიან მიყვარს.

 

მშობლების სახლი განსაკუთრებული მოვლენაა. აქ ისეთი სულია, რაც არსად მეორდება. ვერ წარმომიდგენია, სხვა სახლი ისე შემიყვარდეს, როგორც ეს. ჩემი შვილიშვილები რომ დაიბადნენ, სამივეჯერ აქ მოვქანდით და აქ წამოვზარდეთ ბავშვები. რაღაცნაირი სახლია - კეთილი, ფეხბედნიერი, თბილი, კარგი აურით. სარემონტოა, მაგრამ არც ამას ვაქცევთ ყურადღებას, ჩემთვის ეს არ არის პრიორიტეტული.

 

ჩვენს ოჯახში არასდროს იყო საგნების პრიორიტეტი, კუზნეცოვის სერვისი და ბრილიანტის სამეული, მატერიალური მისწრაფებები არ გვქონია. დედა ფილოლოგია, დასავლეთევროპული განათლებით. სხვა რაღაცებზე იყო აქცენტი, წიგნებს ვკითხულობდით, მერე ვარჩევდით, ხან თეატრში დავდიოდით. სულიერი მისწრაფებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ გვაქვს ძვირფასი ნივთები.

 

მაშინ ეს ნივთები არც ისეთი ძვირი იყო, ალბათ გვქონდა საშუალება, მაგრამ... მამა ყოველთვის კარგ სამსახურში მუშაობდა, ბაბუები ძალიან გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ, ერთი რაიკომის მდივანი იყო, მეორე - „სამტრესტის" მმართველი. იმ დროისთვის დედაჩემის და მამაჩემის ოჯახები ძალიან შეძლებულები იყვნენ. ვაკეში ხუთოთახიანი ბინები ეკუთვნოდათ და ამიტომ მისცეს, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, ფული ჭარბად ჰქონოდათ.

 

ჩემი დაბადების დღის სუფრა ყოველთვის მშობლების სახლში იშლებოდა, მაგრამ მამა აღარ არის და წელს აქ აღარ გადავიხადე. ვიცოდი, რომ არ გამოვიდოდა ოთახიდან და არ შემეგებებოდა. ამიტომ გადავიხადე რესტორანში, ჩემი 20 გოგო თავიანთ ქმრებთან ერთად დავპატიჟე. მოკლედ, დამთავრდა სახლში სტუმრების მიღების ეპოქა, რაც ძალიან საწყენია", - აღნიშნა ინტერვიუში ირმა სოხაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი