პატრიარქის დაბადების დღეს ჯემალ სეფიაშვილმა შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა. მაშინ ბატონი ჯემალი გვიამბობდა, როგორ მოინახულა საავადმყოფოში პატრიარქმა ოპერაციის შემდგომ.
- სასწაული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდ ადამიანთან, ისევე, როგორც ჩვენ ყველას. მის მიმართ სიტყვა „დიდიც" პატარად მეჩვენება. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საუბარში გადაწყდა, რომ მომავალ წელს, სწორედ მის დაბადების დღეს, გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო.
- გვიამბეთ თქვენი და პატრიარქის ურთიერთობაზე...
- ხუთი წლის წინათ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე გულზე. 6 საათი გრძელდებოდა. დამთავრდა ოპერაცია, გამოვდივარ ნარკოზიდან და მესმის ექიმების ხმა, რომლებიც მეფერებიან, მამშვიდებენ, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პირველი ვიკითხე - მანანა ცოცხალია? ჩემს ცოლს ვკითხულობდი. გავახილე თვალები და დავინახე პატრიარქი. ისევ დავხუჭე. მეგონა, რომ მომეჩვენა. ისევ გავახილე და უცებ მესმის, - ჩემო ჯემალ... მივხვდი, რომ ეს ნარკოზი აღარ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემს სანახავად თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდა. მოეტანათ ბევრი ღვინო, ხილი, შოკოლადი. შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი.
- ჰქონდა ინფორმაცია, ოპერაციას რომ იკეთებდით?
- წინა დღეებში შევხვდი პატრიარქს. ამ ოპერაციის შესახებ იცოდა. მე და მანანა დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა, მაგრამ რეანიმაციაში თუ ვნახავდი, რას წარმოვიდგენდი!
- შინ თუ მიგიპატიჟებიათ სტუმრად?
- არა, ვერც ვკადრებდი. თუმცა, ჩემი შვილიშვილები, ცისანას სამი შვილი მისი მონათლულია.
- რა თემებზე საუბრობთ ხოლმე თქვენ და პატრიარქი?
- ჩვენი შეხვედრის აუცილებელი კომპონენტი სიმღერაა. ჩვენი შეხვედრის ფონი ხშირად არის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ვსაუბრობთ სიკეთეზე, საქართველოს კეთილდღეობაზე, მორალზე, პატიებაზე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე.