logo_geo
„გემრიელი ხელი მეგრელი ბებიისგან გამომყვა” - ცისანა სეფიაშვილი აპლოდისმენტებს სამზარეულოში ქმრისგან იღებს
- +

5 იანვარი. 2018. 23:36



მომღერალ ცისანა სეფიაშვილს დიდი ოჯახი - ქმარი და ოთხი შვილი - ჰყავს გამოსაკვები, მაგრამ ამ არცთუ ადვილ მისიას თავს კარგად ართმევს, რადგან, როგორც „სარკეს" უთხრა, საშინაო საქმეებიდან ყველაზე მეტად სწორედ სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს. რაც მთავარია, კარგად გამოსდის, თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს კულინარიაშიც იყენებს და ახლობლებს იმპროვიზაციებით აოცებს.


- ცისანა, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ტრადიციულ, სტუმართმოყვარე ოჯახში გაიზარდეთ. დედას, ქალბატონ მანანას, ეხმარებოდით სამზარეულოში?


- დედა თვლიდა, რომ, როცა გავთხოვდებოდი, მერეც მეყოფოდა სადილ-ვახშმების მომზადება და ამიტომ არასდროს მაკეთებინებდა. ძალიან გამათამამა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულინარიაში გამოწვრთნილი არ ვიყავი. როდესაც მეორედ გავთხოვდი და მარტო ცხოვრება დავიწყე, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგი კულინარი ვარ.


დედა ძალიან გემრიელად ამზადებს. ბებიაჩემი, დედის მხრიდან, მეგრელი გახლდათ - ცისანა თოფურია. მას საოცარი ხელი ჰქონდა, დედას მისგან ერგო ეს ნიჭი და, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, მეც გამომყვა.


ტრადიციულ ქართულ საჭმელებსაც ვაკეთებ და კერძების გამოგონებაც მიყვარს, სამზარეულოშიც ხელოვანი ვარ.

 

- გურმანი ხართ?


- ძალიან და ალბათ ამიტომაც გამომდის გემრიელი საჭმელების კეთება. არ მიყვარს ტკბილეული, მიყვარს ხორცი, თევზი, რასაკვირველია, სალათებიც, მაგრამ უფრო კაცური კერძები.


- ანუ გაუმართლა თქვენს ქმარს.


- არ ვიცი. მას ვკითხავ ახლა: „სოსო, გაგიმართლა?". კი, გამიმართლაო, მპასუხობს.


- რომელი კერძის მომზადებას გთხოვთ სოსო ყველაზე ხშირად?


- უპრეტენზიო მჭამელია. კერძებს ხშირად თვითონ ვიგონებ და მისგან ხშირად ვიმსახურებ აპლოდისმენტებს.


სოსოს ძალიან უყვარს საქონლის ან ქათმის ღვიძლი, რომელსაც ტაფაზე ვყრი და წყალს ვასხამ. კარგად რომ წამოდუღდება, საწურზე გადმოვიღებ და კარგად ვრეცხავ. მერე ვასხამ ლიმონის წვენს. 2 შეკვრა ღვიძლს სჭირდება 2 მოზრდილი თავი ხახვი, რომელსაც ალყა-ალყა დავჭრით. შემდეგ ვამატებ ბლომად არაჟანს და ვშუშავ. ბოლოს სულუგუნს ჩავახეხავ, რომ კარგად ჩაადნეს. გარნირი თავად შეურჩიეთ.


- ოთხი შვილის დედას მათი ასაკისა და გემოვნების მიხედვით გიწევთ საჭმელების მომზადება?


- ერთადერთი, რაშიც ყველას გემოვნება ემთხვევა, ეს არის ჩინური კერძი - ქათამი ბროკოლით. ის ოჯახის ყველა წევრს მოსწონს.


ქათმის ფილე კუბიკებად დავჭრათ. რაოდენობა თვითონ განსაზღვრეთ. მაგალითად, ჩემი ოჯახის დასაპურებლად 2 შეკვრაა საჭირო. ამ ქათმის ფილეს რამდენიმე საათით ვაბასტურმებ სოიასა და ლიმონის წვენში, ვუშვრები შავ პილპილს, ქონდარს. ეს ყველაფერი ხორცს არბილებს და გემრიელ არომატს აძლევს.


ხორცს ტაფაზე მანამ ვშუშავ, სანამ კარგად დაიბრაწება, შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგამ. მეორე ტაფაზე ვწვავ 4 ცალ ყაბაყს, 1 პატარა თავ ბროკოლს და 4-4 ცალ წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას. ბოსტნეული მიმყავს შეწვამდე, მაგრამ მშრალი არ უნდა იყოს. ეს არის ქათმის ხორცის გარნირი.


მე და ჩემს მეუღლეს მარილიანი საჭმელები გვიყვარს, თუმცა მომზადების დროს მარილს არ ვუშვრები, ბავშვებისთვის არაა სასარგებლო. მარილს თეფშზე ჩვენი გემოვნებით ვაყრით.


ასე მომზადებულ ქათმის ხორცს შეგიძლიათ მეორენაირი გარნირიც გაუკეთოთ: მოხარშეთ ბრინჯი (სასურველი რაოდენობის). შემდეგ ცხიმში მოშუშეთ ხახვი, გახეხილი სტაფილო. მერე მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მოხარშული კვერცხი (მათი რაოდენობაც თავად განსაზღვრეთ). ბოლოს დააყარეთ ბრინჯი, პილპილი, მოასხით სოიას სოუსი და აურიეთ.

 

- გურმანი ვარო, ამბობთ, მაგრამ თქვენი წონა საპირისპიროს მეტყველებს.


- ჩემი მეგობრები შურით სკდებიან. ამბობენ, შენ რასაც ერთ ჭამაზე ჭამ, ერთი კვირის განმავლობაში ასე რომ ვიკვებოთ, საოცრება დაგვემართებაო. მათ ვეუბნები, თქვენი შურიანი თვალი როდესაც მომხვდება, ალბათ მეც გავსუქდები-მეთქი.

 

- როცა თქვენთან მშობლები მოდიან სტუმრად, რას ახვედრებთ?


- მშობლებს არ უნდათ ჩემი შეწუხება, პირიქით, დედა ცდილობს, გამზადებული კერძები მომიტანოს.


- ტიპური ქართველი დედაა.


- ნამდვილად. ხშირად მირეკავს და მეუბნება, გამომიარე, კერძები გაგიმზადე, ერთი-ორი დღე მომზადება აღარ მოგიწევსო. ან მირეკავს, ჩვენთან შემოიარე, ისადილეო.


- დამხმარეც გყავთ?


- კი, სადღეღამისო ძიძა მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება.

 

- მეგრელი ბებიისგან ღომის ან მეგრული ხარჩოს მომზადება არ ისწავლეთ?


- ღომი არასდროს გამიკეთებია. სამაგიეროდ, ვაკეთებ ძალიან პიკანტურ კერძს - საქონლის ხორცს კვაწარახით.


1 კილო ძვლიან ხორცს ვშუშავ კვაწარახთან და მოხარშულ ბრინჯთან ერთად, ვუმატებ თითო-თითო კონა დაჭრილ ნიახურსა და ქინძს. უგემრიელესი გამოდის. ბრინჯის და კვაწარახის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. ამ კერძს მომჟავო გემო აქვს, რაც მე ძალიან მომწონს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი