logo_geo
„მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო...“ - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან
- +

13 იანვარი. 2018. 15:53



 ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების facebook-ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში", ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია საინტერესო და გულისამაჩუყებელ ისტორიას წერს:

 

„უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი... შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება - ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვირდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა და ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ კაცი ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს.

 

მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა "დედა" არისო, ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა, იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს - ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის, დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!!!" - წერს დამენია პოსტში.


მის ემოციურ ისტორიას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამა ჯეფრი ჯონ ლოუნი, რომელიც სამ შვილს ზრდის, ორი წლის წინ დაქვრივდა. მისი ქართველი მეუღლე, სახელად ეკატერინე 2015 წელს გარდაიცვალა, მისი უმცროსი ვაჟი ჯერ 2 წლისაც არ იყო. ქალი რამდენიმე თვე ებრძოდა სიმსივნეს. ეკატერინე 18 წლის იყო როცა ამერიკაში ჩავიდა, თავადაც გარდაცვლილი ყავდა დედა... წლების განმავლობაში აშშ-დან ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ მამას და და-ძმას, თუმცა სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა...



ჯეფრის და ეკას შვილებს - ჯორჯი, ლუკა და ნიკო ჰქვიათ. ოჯახი ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, ბავშვებს ესპანელი მამა ქართულად ალაპარაკებს, ქართულ საკვირაო სკოლაში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაყავს. ბავშვების აღზრდაში ჯეფრი ლოუნს ქართველი ქალბატონი - თამარ ხანდოლიშვილი ეხმარება და როგორც ბებია ისე ზრუნავს მათზე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი