logo_geo
„მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის პრემია ისე გაათახსირა, აღარაფერი ეშველება!“
- +

20 დეკემბერი. 2016. 03:15


 


რა ელის რუსთაველის პრემიას, რომელიც წლების განმავლობაში, კულტურის სფეროში უმაღლესი ჯილდო იყო და ქვეყნის სახელოვნებო დარგებში შეტანილი დიდი წვლილისთვის ენიჭებოდათ ღვაწლმოსილ ადამიანებს?!


ცნობისთვის: 1964 წლის 10 მარტს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და კინოხელოვნების შემდგომი განვითარების მიზნით, შოთა რუსთაველის პრემია დაარსდა. 1965 წლის 25 თებერვალს კი გამოცხადდა პრემიის პირველ ლაურეატთა გვარები. ესენი იყვნენ: ირაკლი აბაშიძე, ელგუჯა ამაშუკელი, კონსტანტინე გამსახურდია და ლადო გუდიაშვილი.


დღეს კი არტ-კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დავით ანდრიაძე დაუყოვნებლივ მოითხოვს რუსთაველის პრემიის ირგვლივ მომხდარი აფიორებით პროკურატურა დაინტერესდეს:


- რატომ არავინ ინტერესდება, რა ხდება ქვეყნის მთავარი ჯილდოს - რუსთაველის პრემიის გარშემო? პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ის აფიორები, რაც ამ პრემიის ირგვლივ მოხდა! რუსთაველის პრემიაზე ლაურეატობის კანდიდატებს წარადგენდა რომელიღაც ორგანიზაცია, რედაქცია, მხატვართა კავშირი და სხვა... ამის შემდეგ ტარდებოდა სამი ტური, პრემიის მინიჭებას განიხილავდა კომიტეტი და შემდეგ ხდებოდა მინიჭება. პირადი ინტერესი არავის მაქვს, მაგრამ პრემია არაერთმა ადამიანმა მიიღო სრულიად დაუმსახურებლად, პრემიის ასე აგდება არ შეიძლება! რუსთაველის პრემია სააკაშვილმა ისეთ ხალხს ჩამოურიგა, სულ გაათახსირა პრემიის მნიშვნელობა! ლარის დევალვაციაზე ვიკლავთ თავს, ლარი ადრე თუ გვიან გამყარდება, მაგრამ რუსთაველის პრემიას აღარაფერი ეშველება! დამირეკა ერთმა ძალიან მაღალი დონის მხატვარმა და მითხრა რუსთაველის პრემია უნდა ჩავაბარო, ისეთმა ხალხმა მიიღო, სამარცხვინოა ამ პრემიის ტარებაო... არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ვისაც მისცა, იქედან არცერთი არ იმსახურებდა, მაგრამ ზოგიერთმა პრემია ყოვლად დაუმსახურებლად და ქურდულად მიიღო! პროკურატურაში თუ შევა საქმე, ამ ხალხს ჩამოერთმევა პრემიები, რადგან ყველა სამართლებრივი ნორმა დარღვეულია!


როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის პრემიის კომიტეტის წარმომადგენლები დაიბარა და უბრძანა, რომ ყოველგვარი განხილვის გარეშე, მის შერჩეულ ხუთ ხელოვანს მინიჭებოდა რუსთაველის პრემია. ამ წინადადების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვა თანამდებობა კომიტეტის თავჯდომარე ტარიელ ჭანტურიამ... თავად ტარიელ ჭანტურიამ ინტერვიუზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ უარყო. მისი თქმით, რუსთაველის პრემია, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბოლოს ჯორჯ ბალანჩინს მიენიჭა და შემდეგ რაც ხდებოდა, ამაზე ლაპარაკი არ სურს...


მერაბ კოკოჩაშვილი:

 

- რუსთაველის პრემიის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი გახლდით. 2012 წელს კომიტეტი შეიკრიბა და ხმა მისცა იმ ხელოვანებს, რომელსაც რუსთაველის პრემიის ღირსად თვლიდა. რამდენიმე დღის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიები კიდევ მთელ რიგ ადამიანებს მიანიჭა. მან ერთი წლით ადრე შეცვალა წესდება და ამ წესდების მიხედვით, მიიღო უფლება თვითონ მიენიჭებინა პრემია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას უფლება ჰქონდა პრემია მიენიჭებინა უფრო მეტი ადამიანისთვის, ვიდრე კომისია გასცემდა.


დაჯილდოვებულებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც იმსახურებდნენ, ჩვენ ამაზე არ ვდაობთ. უბრალოდ, ეს კონკურსი კი არა, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, ამიტომაც არ დავეთანხმეთ, კომიტეტის წევრები დავსხედით და საპროტესტო წერილი დავწერეთ... ჩვენს პროტესტს ყურადღება არავინ მიაქცია. ამასობაში ქვეყანაში უკვე ახალი ხელისუფლება მოვიდა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და პრემიები გაიცა. სააკაშვილმა გადააჭარბა ყოველგვარ საზღვარს, როდესაც როგორც სურდა, ისე შეცვალა კანონი...


რუსთაველის პრემია აუცილებლად იარსებებს, ვიცი, რომ მიდიოდა მუშაობა უფრო სამართლიანი დებულების შესაქმნელად. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რუსთაველის პრემიის აგდება, მაგრამ პრემიების წართმევა ძალიან დამამცირებელი იქნება. სწორი არ იქნება ამ საკითხის რევიზიით ძალიან კარგ ხელოვანებს ტრამვა მივაყენოთ!

 

ლია სტურუა, პოეტი, რუსთაველის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე:


- მიხეილ სააკაშვილმა რეორგანიზაცია ჩაატარა, საერთოდ გააუქმა ჩემი თანამდებობა და ამიტომ მომიხდა რუსთაველის პრემიის კომიტეტის დატოვება... კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ტარიელ ჭანტურია, მე მოადგილე ვიყავი. სააკაშვილმა თითო კაცი დატოვა ყველა დარგიდან და თავისთავად ცხადია, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. პროტესტი სულ მქონდა წინა მთავრობის მიმართ, სამთავრობო ბანკეტებზეც ძალიან ბევრი, კარგი მწერალი მიდიოდა, მაგრამ მე არ მივსულვარ... სიამოვნებით დავტოვებდი კომიტეტსაც პროტესტის ნიშნად, მაგრამ ეს აღარ დამჭირდა. ისედაც ვერ მიტანდნენ. თუმცა არანაირი სურვილი აღარ მქონდა იქ მუშაობის.


კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე რუსთაველის პრემიის დებულება იცვლება, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობენ...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი