logo_geo
ჯემალ ღაღანიძის მხიარული მოგონებები
- +

19 იანვარი. 2018. 11:30



"1956 წელს მიხეილ თუმანიშვილმა, მე და ზინა კვერენჩხილაძე რუსთაველის თეატრში მიგვიყვანა. ინსტიტუტი ჯერ დამთავრებულიც არ მქონდა. პირველ რეპეტიციაზე რომ ჩავედი, საოცარი ხალხი დამხვდა: გოგი გეგეჭკორი, ჟუჟუნა დუგლაძე, ეროსი მანჯგალაძე, მედიკო ჩახავა, ნინო მესხიშვილი, რომელიც აკაკი ხორავას მეუღლე იყო. თეატრში მისული პირდაპირ საქმეს დავეჯახე, ეს იყო სპექტაკლი "ფილოსოფიის დოქტორი". ძალიან ცნობილი მსახიობის, ულამაზესი შურა თოიძის, დეზდემონას როლით ცნობილი ქალბატონის ქმარს ვთამაშობ და ვფიქრობ, "ვაი შენს თავს, ჩემო ჯემალ!" მერე კი წავიდა და წავიდა...", - იხსენებს "გზასთან" საუბრისას მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.



პაატას თავის როლი


- ჩვენს სკოლაში ერთხანს, დრამწრის ხელმძღვანელად რუსთაველის თეატრის მსახიობი ბაბულია ნიკოლაიშვილი მოვიდა და სპექტაკლი "პატარა კახი" დადგა. ქვაბულაძის როლი ჩემს ძმას, ნოდარს მისცა. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, ნოდარი როგორ მღეროდა: "ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე..." ნოდარის კლასელი და ჩვენი მეზობელი რომან მიმინოშვილი ფელეტონებს, პიესებს წერდა. ჩემთვის და ნოდარისთვის ფელეტონი - "ორი ზარმაცი" დაწერა, რომელსაც მე და ნოდარი ოლიმპიადებზე, კონცერტებსა და სახლში სტუმრებისთვის ჯაზური მელოდიის თანხლებით ვასრულებდით. როდესაც ფილმი "გიორგი სააკაძე" გამოვიდა, რომან მიმინოშვილმა პიესა "გიორგი სააკაძე" დაწერა. სპექტაკლი მეზობლად მდებარე სახლის დაუმთავრებელ ბინაში დავდგით. გიორგი სააკაძეს რომანი თამაშობდა, შაჰ-აბასს - გივი მეტრეველი, მე პაატას როლი დამაკისრეს, უფრო სწორედ, პაატას მოკვეთილი თავის როლი. დადგეს შუაში ამოჭრილი მაგიდა, ზედ უძირო მუყაოს ყუთი. მაგიდის ქვეშ შემაძვრინეს, თავი ყუთში ამომაყოფინეს და ყუთს რომ ახდიდნენ, თვალებდახუჭული ჩემი თავი მოჩანდა...


მეტიჩარა ბავშვი


- საბავშვო ბაღი, ბაზარი და ჩვენი სახლი ერთმანეთისგან სულ რაღაც, 50 მეტრით იყო დაშორებული. დედაჩემი ამ საბავშვო ბაღის პედაგოგი გახლდათ, დირექტორი კი ჩემი ნათლია - თამარ გერსამია. მის პატივსაცემად საბავშვო ბაღს გერსამიას ბაღს უწოდებდნენ. აბა, წარმოიდგინეთ, დირექტორი - ნათლია, პედაგოგი - დედა! როგორი განებივრებული ბავშვი ვიქნებოდი? ეტყობა, მართლაც მეტიჩარა ვიყავი. ძველ შემორჩენილ ფოტოებს რომ ვუყურებ, ზოგან კურდღელი ვარ, ზოგან მელა, ზოგან კი ვითომ ყაჩაღი ხანჯალს ვიქნევ და ასე დაუსრულებლად.


იმის გამო, რომ დედა საბავშვო ბაღში მუშაობდა, ბაღს დიდხანს შევრჩი. თითქმის მეხუთე კლასში ვიქნებოდი, როცა სკოლიდან სახლში კი არა, ბაღში მივდიოდი და ზეიმებშიც კარგა ხანს ვმონაწილეობდი: ვმღეროდი, ვცეკვავდი, ლექსებს ვკითხულობდი. ბაღის ყველა თანამშრომელი ქალი იყო და თოვლის პაპის როლს დედაჩემი ასრულებდა. მახსოვს, როგორ ამზადებდა სახლში ბამბებისგან წვერ-ულვაშს, როგორ გადიოდა რეპეტიციებს. ყველაფერს ამას თვალებგაფართოებული შევცქეროდი და თოვლის პაპის არსებობის იმთავითვე არ მჯეროდა.


ყოველ ზაფხულს საბავშვო ბაღის ბავშვები დასასვენებლად ბორჯომის ხეობაში მიჰყავდათ: წაღვერში, ბაკურიანში, ბორჯომში. მათთან ერთად ჩვენც მივდიოდით, უკვე სკოლის ასაკის "ვუნდერკინდები". ეს იყო დირექტორისა და პედაგოგების, ასე ვთქვათ, "ლევი"... უნდა გენახათ ჩვენი, ანუ "ვუნდერკინდების" სიხარული იმ დღეს, როცა თბილისიდან რევიზია ჩამოდიოდა. მთელი დღის საგზლით ტყეში გაგვხიზნავდნენ და ჩვენც მთელ ერთ დღეს სრულ თავისუფლებაში ვატარებდით. ბაკურიანში იქაურ მატარებელზე, პატარა "კუკუშკაზე" ვგიჟდებოდი. ისე ველოდი მის მოსვლას, ღამეები არ მეძინა და რომ მოაყვირებდა, მის შესახვედრად მივრბოდი. ყველა მემანქანე მცნობდა. გაოგნებული ვიდექი ხოლმე ორთქლმავლის წინ და მონუსხული მანამ შევცქეროდი, სანამ რომელიმე მათგანს არ შევეცოდებოდი, არ ჩამსვამდა და საყვირს არ ჩამაბერვინებდა. აკვიატებული მქონდა, "მაშინისტი" უნდა გავხდე-მეთქი. თვეში ერთხელ, საბავშვო ბაღში თოჯინების ან ჩრდილების თეატრი მოდიოდა. მოუთმენლად ველოდი ამ უსაყვარლეს, განსაკუთრებულ დღეს, როცა ქუჩაში დეკორაციებით დატვირთული მანქანა ჩაივლიდა. ღობის აქეთ, დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე, ყვირილით მივდევდი: "თეატრი, თეატრი, თეატრი მოვიდა!.." ეტყობა, იმ დროიდან დავიწყე ოცნება თეატრზე.GზაPრესს


ოინი


- ომის პერიოდში ბრძანება გამო­ვიდა, ვისაც რადიომიმღები ჰქონდა, მთავრობისთვის უნდა ჩაებარებინა, რათა საზღვარგარეთის ამბები არ მოესმინა. ჩვენც გვქონდა ასეთი რადიო, რომელსაც "ÑÈ-235" ერქვა. რა თქმა უნდა, კანონს დავემორჩილეთ და ჩავაბარეთ. ომის დამთავრების შემდეგ კი რადიო ყველას დაგვიბრუნეს. მიმღები ოთახში იდგა, მე შუშაბანდში მეძინა. რატომღაც მო­ვინდომე მიმღების მიერთება ჩვეულებრივ "თეფშზე" - ასე ვეძახდით "ხაზის რადიოს". მე და ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა გივი რაზმაძემ "ჩალიჩი" დავიწყეთ. გივი შუშაბანდში დადგა ხაზის რადიოსთან, მე - მიმღებთან. მავთულს ხან რას მივუერთებდი და ხან რას. შიგადაშიგ ვეკითხებოდი: გამოდის ხმა თუ არა? ის მიპასუხებდა, - "არა". კაი ხნის ხლაფორთის შემდეგ, მავთული რაღაცაზე მივაერთე და ხმა "ხაზის რადიოდან" მიმღებში გამოვიდა. ამრიგად, ძალაუნებურად ხელში მიკროფონი აღმოგვაჩნდა. მიკროფონი მაშინ ოცნება იყო. მთელ საქართველოში მხოლოდ მთავრობა თუ იყენებდა პარადებზე. პირად საკუთრებაში რომ გქონოდათ, ამაზე ოცნებაც კი აკრძალული იყო. მიკროფონი კი გვაქვს, მაგრამ რაში გამოვიყენოთ, არ ვიცით. თავში აზრმა გამიელვა: "გივი, დედაჩემი და მამაჩემი ექვს საათზე მოდიან სახლში. მოდი, რაღაც ისეთი გავაკეთოთ..."

გივი დამეხმარა. სააბაზანოში მიკროფონი, დოლი და გარმონი შევიტანეთ, ტექსტებიც შევთხზეთ და მუსკომედიის მთელი რეპერტუარიც ვიმღერეთ. შესრულდა ექვსი საათი. სამსახურებიდან დაბრუნებული დედ-მამა იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მიმღები იდგა და უცებ, გაისმა ხმა მიმღებიდან. - მოისმინეთ "პიონერთა დაფიონი" და გივიმ დაიწყო ლაპარაკი: ვაჟთა 32-ე საშუალო სკოლაში მეტად სასარგებლო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ყოველი მეოთხედის დაწყების წინ, წარჩინებული მოსწავლეები დამატებით გაკვეთილებს უტარებენ ჩამორჩენილ მოსწავლეებს, რათა ნიშნები გამოასწორებინონ. მაგალითად, წარჩინებულმა მოსწავლემ, გურამ ლომსაძემ დამატებითი გაკვეთილებით მოსწავლე ჯემალ ღაღანიძეს ფიზიკის "სამიანი" "ოთხიანად" გამოასწორებინა. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ახლა კი, მოვისმინოთ კონცერტი ჯემალ ღაღანიძისა და გივი რაზმაძის შესრულებით. მე დოლს დავცხე, გივიმ აკორდეონს და გახურდა კონცერტი. დედაჩემი და მამაჩემი გახარებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს. ჩვენი სამზარეულო აბაზანას ესაზღვრებოდა. მამა რატომღაც, სამზარეულოში გავიდა... აბაზანიდან კი მე და გივი, ჩვენი გამოგონებული მიკროფონით, კონცერტს გადავცემთ. მოდის მამაჩემი, მიმღების ხმა თანდათან ძლიერდება. მას გამოჰყვა, აბაზანის კარი შემოაღო და რას ხედავს? ორი იდიოტი დოლ-გარმონზე უკრავს და მღერის...


ნათლია შემთხვევით


- ერთ ზაფხულს კოტე მახარაძე წყნეთში ისვენებდა და გადაწყვიტა, თავისი ვაჟი ივიკო სვეტიცხოველში მოენათლა. კოტე რაღაც კარგად ვერ იყო, ავადმყოფობდა და მთხოვა, - ივიკო და მისი ნათლია მცხეთაში წაიყვანეო. ივიკო მათ ახლობელ ქალბატონს უნდა მოენათლა. ეკლესიაში მივედით და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი თავად არ იყო მონათლული. მღვდელმა ბავშვის მონათვლის უფლება არ მისცა. აღარ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამხელა გზაზე წამოვედით და ბავშვს მოუნათლავს ხომ არ წამოვიყვანდით? მღვდელს შევთავაზე, ამ ქალბატონს მე მოვნათლავ და მერე, მან მონათლოს ბავშვი-მეთქი. დაგვთანხმდა და იმ ქალბატონის ნათლია გავხდი. ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა. კახეთში სპექტაკლი ვითამაშეთ. მოვიდა ჩემთან ერთი ქალი და მეუბნება: ბატონო ჯემალ, ვერ მიცანით? თქვენ ხომ ჩემი ნათლია ხართო... მერე გამახსენდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომლის ნათლიაც შემთხვევით გავხდი.


გამოცდები


- თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობის ოსტატობაში მისაღებ გამოცდას იბარებდა ბატონი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე - შესანიშნავი რეჟისორი, პედაგოგი და არაჩვეულებრივი პიროვნება, სასცენო მეტყველებაში კი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი. ვიცოდი, ითხოვდნენ ლექსს, იგავ-არაკს, პროზას. ასე თუ ისე, მომზადებული ვიყავი. ვკითხულობდი რევაზ მარგიანის ლექსს მშვიდობაზე, კრილოვის იგავ-არაკს "ბატები" და აკაკი ბელიაშვილის ნოველას "ბედის უკუღმართობა". რაც შეეხება ეტიუდებს, ცოტა დავიბენი. წინასწარ მომზადებას აზრი არ ჰქონდა. გამომცდელი რასაც მოიფიქრებდა, იმ ამოცანას მოგცემდა. პირველი გამოცდა მსახიობის ოსტატობაში გვქონდა. გამომიძახეს და შემიყვანეს აუდიტორიაში, სადაც კომისიის ათამდე წევრი იყო. - შენი სახელი, ყმაწვილო? - მკითხა ბატონმა დოდო ალექსიძემ. - ჯემალი, - ამოვილუღლუღე. - ჯემუკი, შეყვარებული თუ გყოლია, პაემანზე თუ ყოფილხარ? - მხრები ავიჩეჩე. - მაშინ, გაგგზავნი პაემანზე... და დაიწყო ამოცანა: გოგო დაიბარე პაემანზე, ბაღში ელოდები. ის იგვიანებს, ნერვიულობ, აქეთ-იქით დადიხარ. თან, ახალი ფეხსაცმელები გიჭერს, იტანჯები. სკამზე ჩამოჯექი და ერთი ფეხსაცმელი გაიხადე. ის იყო, შვებით ამოისუნთქე, რომ დაინახე შენი შეყვარებული მოდის. ფეხსაცმლის ჩაცმა მოინდომე, მაგრამ ვერ იპოვე, რას მოიმოქმედებ? ხუთი წუთი ვიფიქრე და მოქმედება დავიწყე. ბაღში ვითომ ყვავილებს ვწყვეტ და შიგადაშიგ საათს დავცქერი. ის კი არ მოდის. აქეთ-იქით კოჭლობით დავდიოდი. რაც დრო გადიოდა, სიარულს ვუმატებდი და უფრო ვკოჭლობდი. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე, სკამზე ჩამოვჯექი, მარჯვენა ფეხზე ფეხსაცმელი გავიხადე და შვებით ამოვისუნთქე, თან საათს დავაცქერდი. ყვავილების თაიგული ავიღე, გვირილის ფოთოლი მოვწიწკნე: "ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ..." ამ დროს შევნიშნე, რომ მოდის. ვეძებ ფეხსაცმელს, ვერ ვპოულობ, რა ვქნა? არადა, გოგო მიახლოვდება. უცებ გავჩერდი, ჰალსტუხი მოვიხსენი, მარჯვენა ფეხზე გადავიხვიე, შეწუხებული სახე მივიღე, ვითომ ფეხი მტკივა და შეყვარებულს კოჭლობით შევხვდი. - ყოჩაღ! - მომესმა ბატონი დოდოს ხმა: - ჯემუკი, თავისუფალი ხარ! ოფლში გაწურულმა აუდიტორია დავტოვე.


მეორე გამოცდა სასცენო მეტყვე­ლებაში მქონდა. ასე ამბობდნენ, ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი ძალიან მკაცრი და მომთხოვნიაო. - ყმაწვილო, აბა, წაგვიკითხე ლექსიო! - დავიწყე და... დავამთავრე. - ყმაწვილო, მოგწონს ეგ ლექსი? - მკითხა ქალბატონმა მალიკომ. სანამ პასუხს გავცემდი, თვალი ლამაზი, ნაწნავიანი ქალისკენ გაექცა. ის მალიკოს უკან იჯდა. ამ ლამაზმა ქალმა ხელით მანიშნა, - არაო! მეც, მექანიკურად ვუპასუხე, არა-მეთქი. - მაშინ, რატომ შეჩერდი ამ ლექსზე? - სკოლა საინგილოში დავამთავრე, ქართული ლიტერატურის არჩევის საშუალება არ იყო. ეს ლექსი კი გაზეთიდან ამოვიწერე, თან მშვიდობაზეა, - ვიმართლე თავი. - ჰოო, თქვეს და აღარ გააგრძელეს. წამაკითხეს იგავ-არაკი და ნოველა, ნოველაზე ბევრი იცინეს. მივხვდი, საქმე კარგად იყო. აუდიტორია გახარებულმა დავტოვე. ის ლამაზი ქალი ქალბატონი თათია ხაინდარავა აღმოჩნდა.


უნამუსო


- სპექტაკლში "ბახტრიონი" მე, ზინა კვერენჩხილაძე და კოტე მახარაძე ვიდექით სცენაზე. მე მათი მეტოქე, ანუ მურმანის ეკალი ვიყავი. ზინას გმირი მეც მიყვარდა და აქეთ-იქით გველივით დავსისინებდი. კი არ დავდიოდი, დავხოხავდი, როგორც ქვეწარმავალი. კოტე მახარაძე და ზინა კვერენჩხილაძე სცენაზე მარტონი იყვნენ. ამ დროს ბუჩქებიდან თავს ამოვყოფდი და მათ სიტყვებს, - "მზე ჩადის, მაგრამ კიდევ ამოვა!.." ვეპასუხებოდი: "თქვენთვის აღარა". ეს ყველაფერი სამჯერ მეორდებოდა. ერთხელაც, მესამედ რომ ვთქვი, ვიღაცამ პარტერიდან დამიძახა: შე უნამუსო, კაცი არა ხარ? დაანებე თავი მაგ ხალხსო... გაცეცხლებული გავედი კულისებში. ვყვიროდი, გაიყვანეთ ის მაყურებელი-მეთქი! კოტემ დამამშვიდა, - დასაჭერი შენ ხარ. ისე ითამაშე, მაყურებელი გადარიეო.

დამსახურებული არტისტის წო­დება სწორედ წოწოლას შესრულების შემდეგ მომანიჭეს. ძალიან მიყვარდა ეს როლი.


სხვადასხვა ქვეყნის მიშიკო


- "კავკასიური ცარცის წრე" გას­ტროლზე რომელ ქვეყანაშიც ჩაგ­ვქონდა, ბავშვსაც (მიშიკოს როლი) იქ ვიყვანდით. ამას ერთი გარემოებაც ემატებოდა. საზღვარგარეთ პროფკავშირები ბავშვებს ღამის სპექტაკლებში თამაშს უკრძალავდნენ. დიდი-დიდი, ერთი სპექტაკლის უფლებას გვაძლევდნენ, ჩვენ კი ხუთ-ათ სპექტაკლს ვთამაშობდით, ამიტომ მიშიკო ძალიან ბევრმა სხვადასხვა ბავშვმა ითამაშა, ბიჭებმა და გოგონებმა. ავსტრალიაში ერთი გოგონა ავიყვანეთ. ექვსი-შვიდი წლის თუ იქნებოდა. საქართველოში გათხოვილი პოლონელი ბებია ჰყავდა, რომელიც ქართულ სიტყვებს ასწავლიდა. ავსტრალიაში ხელმეორედ რომ ჩავედით, პოლონელი ბებია ქა­ლი­შვილთან ერთად მოვიდა, - მე ის მიშიკო ვარო.


მახსოვს, მექსიკაში გვქონდა გასტროლები. ძირითადად, ქალაქ მეხიკოში ვმუშაობდით, თუმცა, შიგადაშიგ გასვლითი სპექტაკლებიც გვქონდა. ერთ-ერთი გასვლითი სპექტაკლი ქალაქ პუებლოში იყო და სწორედ აქ იანცა რამაზ ჩხიკვაძემ. რობიკომ რეპეტიციისთვის მიშიკოს როლის შემსრულებელი ბავშვის მოძებნა მოითხოვა. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი დირექტორი, ნესტორ ჭილაძე ბავშვის მოსაყვანად წავიდა და დაიგვიანა. ბოლოს, ორმეტრიანი, დაკუნთული, სექსუალურად ახალმომწიფებული ზანგის ბიჭი - მიშიკო მოიყვანა. რობიკომ რომ დაინახა, ბატონ ნესტორს განცვიფრებულმა ჰკითხა: ეს ვინ არის? - ბატონო რობერტ, მთელი ქალაქი მოვიარე. არ ვიცი, პროფკავშირების ეშინიათ თუ რა არის, ვერავინ დავითანხმე. ამ ბიჭის მამა კი დღევანდელ სპექტაკლს აფინანსებს, თანაც, დიდ ბანკეტს იხდის. რა გახდა ერთი სპექტაკლი, სხვა გზა არ არის, იქნებ კომპრომისზე წახვიდეთო? რობიკო დათანხმდა.


დავიწყეთ სპექტაკლი. დადგა ის წამი, როდესაც აზდაკი-რამაზი ეუბნება მიშიკოს, "მიდი დედაშენთან!" მიშიკო უნდა გამოიქცეს და გრუშეს, რომელიც მუხლებსა და იდაყვებზეა დაყრდნობილი, ზურგზე უნდა მოეხვიოს სახით მაყურებლისკენ, ხოლო ზურგით ჩვენკენ. ეს ჩვენი დაკუნთული, სექსუალურად ახალმომწიფებული ზანგი მიშიკო გამოვარდა და გრუშეს ზურგზე მოახტა. აქ მოხდა, რაც მოხდა. რამაზმა აზდაკის ხმით წამოიყვირა: "ხალხო, ქართველებო, გვიშველეთ, თავი მოგვეჭრა... გრუშე ზანგმა ბიჭმა იხმარა... არიქა, გამოაცალეთ", - სცენაზე მდგომი ოცდაათამდე მსახიობი სიცილით ლამის გაიგუდა. თან, ერთხელ კი არ დაიძახა, დაიწყო და აღარ დაამთავრა. ვეუბნებით: "ე, ბიჭო, ვინმე ქართველი არ იჯდეს დარბაზში, მართლა თავი არ მოგვეჭრას". თქვენც არ მომიკვდეთ, დაჟინებით გაჰყვიროდა თავისას. ჰოდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დაგვემართებოდა სცენაზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი