logo_geo
მარგველაშვილის სკანდალური გადაწყვეტილებები - ვის არ მისცა პრეზიდენტმა მოქალაქეობა
- +

31 იანვარი. 2018. 15:31


 

„პრეზიდენტი 2017 წლის შემოდგომაზე მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, მას ამ საკითხზე დღემდე არაფერი დაუკონკრეტებია - ყველასთვის გაუგებარი დარჩა, რა უნდა გამკაცრდეს ან რატომ", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს და იმ ადამიანების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, ვინც გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის ღირსად არ ჩათვალა.


„კრიტერიუმების გამკაცრებამდე გიორგი მარგველაშვილი დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხში დახმარებასაც დაჰპირდა. თუმცა, კომისიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ იუსტიციამ საინტერესო დოკუმენტი დადო.

 

ოფიციალურ დასკვნაში ვკითხულობთ:

 

„2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან 97 პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. იმ 97 პირიდან, რომელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, 74 პირი ან საქართველოში იყო დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო".

 

ასევე, საინტერესოა:

 

„საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 - რუსეთის, 3 - გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ".

 

საინტერესოა, რომ 2016 წელს ასეთი პირი, ვისაც მოქალაქეობა პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე მიენიჭა, 20 პირი იყო: „მათგან 10 - თურქეთის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ".

 

იმ ადამიანებს შორის, ვისაც პრეზიდენტმა მოქალაქეობა არ მიანიჭა, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები არიან. მათგან ერთ-ერთი მარინა ემუხვარია, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის შვილიშვილი. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში მოღვაწეობდა, პროქართული მიმართულება ჰქონდა, ამიტომაც პრორუსი ორიენტაციის აფხაზებთან უთანხმოებაში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება მაშინ ავტონომიის სტატუსით აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დატოვებაც. თუმცა, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მას გაქცევა მოუწია, ოჯახი კი აქ დარჩა. შესაბამისად, მისი შვილიშვილი მარინა ქუთაისში დაიბადა. რეპრესიებიც იწვნია. ისტორია სავსეა ისტორიული დრამითაც და ტრაგიზმითაც.

 

მოქალაქეობის დაბრუნებას ისიც ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

არიან სხვა პირებიც, მათ შორის კონფლიქტის ზონიდან, ვინც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოქალაქეობის მინიჭების ღირსად არ ჩათვალა.

 

გთავაზობთ მათ შესახებ მოკლე ინფორმაციებს:

 

 ვ.ა-ია - დაბადებული ოჩამჩირეში. 1992 წლამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. 2009 წელს შეუწყდა მოქალაქეობა, 2014 წელს გაცემულია საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობს საქართველოში. არის მაღაზიის მეპატრონე. ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან.

 

გ.ჩ-ძე - დაბადებული საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს. ჰყავს ორი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას.

 

ნ.ყ-შვილი - 2005 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა ერთი წლის წინათ და მას შემდეგ მუდმივად საქართველოში იმყოფება. ჰყავს მამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამჟამად, საქართველოში ახორციელებს ავტოსერვისის მშენებლობას, რომლის იჯარით გაცემას აპირებს.

 

ნ.პ-შვილი - დაბადებული საქართველოში. შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. დაბრუნდა საქართველოში. ჰყავს მეუღლე და შვილი. ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ ბინას.

 

მ.მ-ძე - დაბადებული საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოში ფლობდა სარეცხი საშუალებების საწარმოს. 2007 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად. ასევე, მუშაობდა აჭარის უსინათლოთა კავშირში. დაკავებულია სამშენებლო ბიზნესით. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მეუღლე და ორი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

 

მ.ფ-ძე - დაბადებული საქართველოში. წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ცხოვრობდა საქართველოში. 2016 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

 

ექსპერტებს ახლა უჭირთ, პრეზიდენტის ამ ქცევაში რაიმე ლოგიკა იპოვონ. ამბობენ, რომ ეს შეუძლებელიც არის. „ლოგიკის პოვნა რთული კი არა, შეუძლებელია" - ეს ლევან ალაფიშვილის შეფასებაა.

 

სამაგიეროდ, პრეზიდენტმა „გამოიმუშავა" რკინისებური ლოგიკა, ასეთ დროს თქვას: ეს ხომ უბრალოდ შავი პიარია, მებრძვიან, თორემ მე ყველაფერს სწორად და კანონის ფარგლებში ვაკეთებო", - წერს „პრაიმტაიმი".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი