logo_geo
სოსო ცისკარიშვილი: ძალიან კარგია, რომ ტურიზმის განვითარებაზე მთავრობა ასე ზრუნავს
- +

21 დეკემბერი. 2016. 12:58


 

 

სოსო ცისკარიშვილი: მომავალ წელს ნამდვილად მოვახერხებთ შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას

 


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა შენგენის ზონაში მომავალი წლიდან უვიზოდ მიმოსვლას შეძლებს. 

 

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს მართლაც გაუჩნდა განცდა, რომ ბევრ სფეროში ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის, თუმცა, ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული. 2016 წელს მნიშვნელოვან წარმატებებს ველოდით საერთაშორისო სივრცეში. ჯერ კიდევ 2008 წელს NATO-ს მიერ საქართველოსთვის გაღებული კარი კვლავ ღია რჩება, თუმცა ამ გზაზე ძალიან ნელა გვიწევს სვლა... ასევე გვეგონა, რომ უკვე წლევანდელ ზაფხულს ევროპაში უვიზოდ მოვახერხებდით მოგზაურობას, რაც ვერ მოხერხდა. შეიძლება, ჩვენი მოლოდინი გადამეტებული იყო, რამაც გული დაგვწყიტა, თუმცა, წლის ბოლოს ამ მიმართულებით ევროპიდან აშკარად დადებით გზავნილებს ვიღებთ და სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე ნამდვილად მოვახერხებთ შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას, რაც აჩვენებს, რომ პროცესი, დაგვიანების მიუხედავად, 2016 წელს პოზიტიურად გრძელდებოდა. ვფიქრობ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც გვაქვს წარმატებები, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ, თუმცა, აქაც აშკარად შენელებულია ტემპი", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით და აქვე დასძენს, რომ ექსპორტის მიმართულებით მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება.

 

„ახლა მთავარია, როგორ შევასრულებთ ვალდებულებებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს, რომელსაც გვთავაზობს ევროკავშირთან გაფორმებული სხვადასხვა დოკუმენტები. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წლევანდელი მონაცემები მხოლოდ საწყისი ეტაპია და ეს ყოველწლიურად გაიზრდება. ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ტურიზმი არ არის ერთადერთი სფერო, სადაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ტურიზმის განვითარებაზე მთავრობა ასე ზრუნავს.

 

ევროპულ სივრცესთან ჩვენი ურთიერთობის ინტელექტუალური შემადგენელი უნდა იყოს უფრო დახვეწილი და შედეგიც უკეთესი გვექნება. 2016 წელს იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელთა გადაჭრა განახლებულ მთავრობას მომავალ წელს მოუწევს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი