logo_geo
ირაკლი ხმალაძე: საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, თუმცა...
- +

15 თებერვალი. 2018. 02:30


 

„მეტრო „ვარკეთილში" მომხდარზე სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობა მიმდინარეობს, რათა მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთა მიერ დაშვებულმა ხარვეზებმა, ასეთ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ამ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეებში იქნება მიღებული. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, თუმცა ეს აბსოლუტურად პარალელური პროცესია, ვინაიდან არსებობდა მნიშვნელოვანი ხარვეზი და ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რადგან ამ ადამიანების მიერ მართული და ორგანიზებული სამუშაოები საკმაოდ ცუდი შედეგით დამთავრდა. დედაქალაქის მერმა ამ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის დავალება აქედან გამომდინარე გასცა.

 

საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნიკური ექსპერტიზის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზები დადგინდებოდა და შესაბამისად, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. ამაში, წვლილი, შესაძლოა, ერთ, ორ, ან სამ ადამიანს მიუძღვის, ვინც საპროექტო დოკუმენტაცია ჩაიბარა და იმათაც, ვინც შემდეგში, ამ პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა", - განაცხადა ხმალაძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გათავისუფლებულ პირებს შორის თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ნუგზარ ჭეიშვილი, ხმალაძემ განაცხადა, რომ დავალება დღეს გასცეს, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამ ეტაპზე, კონკრეტული პირების ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებს.


„ამის დროც მოვა. სატრანსპორტო კომპანია ამასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს და ამ პირთა ვინაობა ცნობილი გახდება", - განაცხადა ხმალაძემ.


 

big_banner
არქივი