logo_geo
დაკარგული მხატვარი - ბესიკ დუღაშვილი ახალი შემართებით ბრუნდება
- +

19 თებერვალი. 2018. 14:04



მსოფლიო კარიკატურისტების ათეულში შესული ქართველი მხატვარი ბესიკ დუღაშვილი დიდხანს ცდილობდა ოცნების ახდენას, - კარიკატურის ფესტივალის ჩატარებას, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, უარი მიიღო.  ამ და სხვა არაერთი პრობლემის გამო, მხატვარმა 2017 წლის 30 ივლისს facebook-ის საკუთარ  გვერდზე   სტატუსი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც იგი დაკარგულად გამოაცხადეს:

 

„როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები: - „იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ, ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...

 

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა...

 

და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...

 

მე გავდივარ... გავდივარ ამა სოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!

 

გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...

 

სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...

 

მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...

 

დე, მე ვიყო ბოლო...

 

შემინდეთ და მომიხსენიეთ ლოცვებში.

 

წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"


რისი თქმა უნდოდა ამ სტატუსით მხატვარს? რატომ აღმოჩნდა სუსტი და უმწეო ცხოვრებასთან ჭიდილში? ამ კითხვით „ჯორჯიან თაიმსმა" ბესიკ დუღაშვილს მიმართა.

 

„ეს არ იყო მხოლოდ ერთი სტრესის შედეგი, ეს გახლდათ პრობლემათა ჯაჭვი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. გზა უნდა მომენახა. ამ ყველაფერს დაემატა მეუღლესთან დაშორება. მე ერში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავდი და  ბერად აღკვეცა მქონდა გადაწყვეტილი", - აცხადებს დუღაშვილი.


Facebook-ზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მხატვარი საბერიოს მონასტერში იმყოფებოდა, რომელიც ძამის ხეობაში მდებარეობს. ეს მონასტერი გამონაკლისია და მინიმალურ კომფორტში უწევდა მხატვარს ყოფნა. იგი ამბობს, რომ  დაბრუნება  არ იყო მასზე დამოკიდებული. მხატვრის განცხადების შემდეგ, მეუფე იობი  მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდა და  მონასტრებში მოიკითხა. პოლიციამ იგი დაკარგულად გამოაცხადა, თუმცა თვითონ არ თვლის ასე. ის ამბობს, რომ  უბრალოდ აქაურობას გაერიდა.


„ბერად აღკვეცა მქონდა გადაწყვეტილი და ტელეფონი შეგნებულად სახლში დავტოვე, რადგან ვიცოდი, ოჯახის წევრების მხრიდან  დაბრუნების მცდელობა იქნებოდა.  ისე დაემთხვა, რომ ერთ-ერთ მონასტერში კურთხევის დღე აღინიშნებოდა და იქ  პირადად შევხვდი მეუფე იობს. ძალიან თბილად მიმიღო და როდესაც ჩემი შესრულებული ბერ-მონაზვნების პორტრეტები ნახა, ძალიან მომიწონა. მეუფე იობმა კურთხევა მომცა,  ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა".


მეუფე იობთან შეხვედრის შემდეგ, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში შესაბამისი გარემო არ იყო, მხატვარმა  მაინც მოახერხა და ორმოცდაათამდე ბერ- მონაზვნის პორტრეტი შექმნა. ამ საქმიანობაში  მცირე მეწარმე მეგი ჯაკობია დაეხმარა, რომელმაც  ხატვისთვის აუცილებელი ატრიბუტიკით მოამარაგა. მეუფე იობმა დაარწმუნა, რომ მისი დრო ერში არ ამოწურულა და სხვა გზითაც შეიძლებოდა საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვა. აქედან წამოვიდა ფრესკის მხატვრობის შესწავლის იდეა და მიიღო კიდევაც ამის კურთხევა. ამ მიზნით იყო  საბერძნეთშიც ჩასული, რათა ხატვისთვის საჭირო პიგმენტების მწარმოებელი ქარხნების მისამართები გაეგო.


„ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ვყვარებივარ და გვერდში დამიდგა, მადლობელი ვარ მათი. მეგობრის მიწვევით მოვხვდი საბერძნეთშიც და ასევე, მისი წყალობით მოვილოცე ათონის მთა".


მისი დიდი ხნის ოცნებაა კარიკატურის ფესტივალის ჩატარება, რომელიც სულ მალე ახდება. ბესიკ დუღაშვილი თვლის, რომ მსოფლიომ საქართველო ამ კუთხითაც უნდა გაიცნოს, რადგან კარიკატურას საქართველოში დიდი ისტორია აქვს. ფესტივალზე მსოფლიო დონის 3 ჟიურის წევრი კარიკატურისტი იქნება მოწვეული. მხატვარმა ფესტივალის თემად  „ცნობილი ქართველები" შეარჩია და ის ძირითადად უცხოელი კარიკატურისტებისთვის იქნება გათვლილი.


„ფესტივალს დავარქვით „გიგლა". ძალიან ბევრი მსოფლიო დონის კარიკატურისტი ჰყავდა საქართველოს, მაგრამ ისეთი დონის, როგორც გიგლა ფირცხალავა იყო,  ნამდვილად არ მახსენდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მისი  ნამუშევრები იბეჭდებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც".


ფესტივალი „გიგლა" 1-დან 6 ივლისის ჩათვლით, თბილისში გაიმართება. ამ ეტაპზე ქართველი მხატვრები მონაწილეობას არ მიიღებენ.


მონასტერში შესრულებული ნამუშევრები.

 

http://www.geotimes.ge/uploads/168465464.jpg

 

 

http://www.geotimes.ge/uploads/123lil.jpg

 

 

http://www.geotimes.ge/uploads/fhihdfkuwshd.jpg

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი