logo_geo
დეკანოზი დავით ქვლივიძე: ქრისტიანობა აზარტს უდიდეს ცოდვად აღიარებს
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:43


 

რა ზიანი მოაქვს ადამიანთა სულებისთვის აზარტულ თამაშებს? ამის შესახებ ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, აზარტი არის ის, რაც ადამიანს უბიძგებს, ხშირ შემთხვევაში გაწიროს მისთვის ძვირფასი რამ და ამ დროს ეშმაკი მისგან გაბრიყვებულ ადამიანებს დასცინის.



„ვნება ადამიანის სულს ანადგურებს, თავისუფლებას აკარგვინებს და დემონური ძალების მონად აქცევს. საზოგადოებას, სამწუხაროდ, ცუდად ესმის ისეთი დიდი ცნების არსი, როგორიც არის თავისუფლება. მავანს ჰგონია, თუ საკუთარ ვნებებს დაემორჩილება და მათი კარნახით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში იქნება თავისუფალი. აზარტული თამაში კი ყველაზე დიდი ვნებაა და ვინც ამ ვნებით არის მოცული, ვერასდროს შეძლებს თავისუფლების არსის შეცნობას!

 

აზარტი განიმარტება, როგორც რაიმეთი თავდავიწყებით გატაცება, როცა ადამიანი კარგავს კონტროლს რეალურ სიტუაციაზე და მხოლოდ მოგების, გამარჯვების ჟინით არის შეპყრობილი. ქრისტიანობა აზარტს უდიდეს ცოდვად აღიარებს, რომელიც ნარკომანიასა და ლოთობაზე მაღლაც კი დგას. აზარტი, ძირითადად, ძალაუფლებასთან და ფულთან არის დაკავშირებული, როცა ადამიანი მზად არის, ამის გულისთვის რისკის ქვეშ დააყენოს და გაწიროს, რაც რამ ძვირფასი გააჩნია. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როგორ კარგავენ ადამიანები ქონებას, სახლ-კარს, სარჩო-საბადებელს, ენგრევათ ოჯახები და ამ დროს ეშმაკი, რომელიც ადამიანს აზარტისაკენ უბიძგებს, პირდაპირ დასცინის მისგან გაბრიყვებულებს!

 

ყველა თამაში, რომელშიც გამარჯვების ჟინია ჩაქსოვილი, შეიძლება აზარტულად ჩაითვალოს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ამ კუთხით აღარ ვუმზერთ ვთქვათ, სპორტულ თამაშებს, თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესია შეუწყნარებელი დარჩა კაზინოს, ტოტალიზატორის და, განსაკუთრებით - ბანქოს მიმართ. ერისკაცისთვის დაშვებულია, ითამაშოს ჭადრაკი, შაში, ნარდი... თუმცა, მღვდელმსახურს ესეც არ ეპატიება. ზოგადად, ყველა თამაშის არსი მოწინააღმდეგის განადგურებისა და დაჩოქების მისწრაფებას ემყარება, ამდენად, უპირისპირდება მართლმადიდებლური სიყვარულის პრინციპებს, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებამ დაუშვა და ეკლესიაც მკაცრად არ უყურებს ზოგიერთ თამაშს. ამის მიუხედავად, პრინციპულად მიუღებლად ითვლება ზოგიერთი თამაშით გინდ ფულზე და გინდ ფულის გარეშე გართობა!" - ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი