logo_geo
„ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც ზურაბ მიქაძემ და გურამ დონაძემ ერთობლივად მოიფიქრეს“
- +

19 თებერვალი. 2018. 16:26



 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კრიმინალური პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბაქრაძემ 14-წლიანი დუმილი დაარღვია და საქმის დეტალებზე ისაუბრა.


როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებაში მონაწილეობდა.

 

„გუშინდელი დღესავით მახსოვს, 2004 წლის 23 ნოემბრის საღამოს რვა საათისთვის პოლიციის მაშინდელი თანამშრომლის ლევან გვაზავას დაბადების დღის აღსანიშნავად რესტორან „მეგრელებში" შევიკრიბეთ რაიონული პოლიციის თითქმის ყველა ხელმძღვანელი, მე და ლევან გვაზავას რამდენიმე მეგობარი. გვიანობამდე მოვილხინეთ და დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, სახლში წასასვლელად რომ ვემზადებოდით, ლევან გვაზავას ან მე, ზუსტად არ მახსოვს, ქალაქის მორიგემ დაგვირეკა - ცუდი ამბავი მოხდა და დიდუბის ეკლესიის ტეროტორიაზე სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთო. სანამ მივიდოდით, დავურეკე ქალაქის მორიგეს და მივეცი განკარგულება, საქმეში ცენტრალური აპარატიდან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობა ჩართულიყო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ადგილზე მისასვლელად 40-50 წუთი დამჭირდებოდა. როცა მივედი, ბუტა უკვე გარდაცვლილი იყო. თავდაპირველად დეტალების გარკვევა დავიწყე. პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა ზურაბ მიქაძემ მითხრა, საპატრულო ეკიპაჟმა მანქანა გააჩერა, ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდათ, პატრულ-ინსპექტორმა დამატებითი ჯგუფი გამოიძახა - ბაშალეიშვილი და მისი მეწყვილე, ბაშალეიშვილს იარაღი გაუვარდა და ბუტა დაჭრაო. ამ საუბარს იქ მყოფი ყველა ხელმძღვანელი პირი ისმენდა. მიქაძეს ვუთხარი, რა უნდა გააკეთოს ახლა კრიმინალური პოლიციის სამმართველომ, ჩართეთ გამოძიებაში გენინსპექცია და პატრულს დაეკისროს პასუხისმგებლობა-მეთქი. მიქაძემ მიპასუხა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატრულის თანამშრომელი გამართლდეს, საქმე ისე უნდა წარმოვაჩინოთ, რომ საპატრულო ეკიპაჟს შეიარაღებულმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობაო. მიქაძეს ვკითხე, იარაღით არიან-მეთქი? არ არიან, მაგრამ უნდა ჰქონდეთ, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, ხელმძღვანელობის დავალებააო...

 

ვკითხე, ვისგან მიიღო დავალება, მაგრამ ამ დროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაურეკა, რამდენიმე წუთი ილაპარაკეს და როდესაც საუბარი დაასრულა, მიქაძემ ისევ გამიმეორა, ეს არ არის ჩემი კაპრიზი, თუ მონაწილეობის მიღება არ გინდათ და პრეტენზიები გაქვთ, ადით ხელმძღვანელობასთან და ადეიშვილთანო. არც ადეიშვილთან ვაპირებ ასვლას და არც არავისთან, არც მონაწილეობა არ მინდა-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი ზეწოლა იყო ჩვენზე, გინდოდა თუ არა, საქმეში მონაწილეობა უნდა მიგეღო. იარაღი საიდან მოგაქვთ-მეთქი, ვკითხე მიქაძეს. მიქაძე საკუთარი მანქანით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში წავიდა და იქიდან ავტომატი, საბრძოლო მასალები, ცეცხლსასროლი იარაღი მოიტანა და იქ მყოფებში მისი განაწილება დაიწყო", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

ბაქრაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებას გურამ დონაძე იღებდა. 

 

„ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბართაიამ, თქვა, ხელყუმბარა ზურაბ ბაქრაძემ ჩამიდოო და სიმართლეს ამბობს. ჩემი ჩადენილია ეს - რაც შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ხდებოდა, ყველაფერში მონაწილეობა მაქვს მიღებული.

 

ბართაიას ხელყუმბარა მანამდე უკვე ჩადებული ჰქონდა, ის დააწვინეს ასფალტზე და როდესაც წამოაყენეს, ხელყუმბარა დაუვარდა. სწორედ ამ დროს მივედი, ავიღე ხელყუმბარა და ხელახლა ჩავუდე ბართაიას. მიქაძე განკარგულებებს აძლევდა კრიმინალური პოლიციისა და პატრულის თანამშრომლებს...

 

თუ გახსოვთ, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ისმის პატრულის თანამშრომლის ყვირილი - „კალაშა" ვიპოვეთ, იარაღი ამოვიღეთ... ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც ზურაბ მიქაძემ და გურამ დონაძემ ერთობლივად მოიფიქრეს. დონაძე მთელ ამ პროცესს იღებდა", - განაცხადა ბაქრაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი