logo_geo
კინო თუ ოჯახი? - რატომ თქვა უარი მსახიობის კარიერაზე პოპულარულმა „ღიმილის ბიჭმა“
- +

22 თებერვალი. 2018. 13:18



ქართული ფილმის „ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ კახა ქორიძეს, უამრავი შეთავაზების მიუხედავად, მსახიობობაზე უარი რამდენიმე მიზეზით უთქვამს. ერთ-ერთი მათგანი მეუღლისთვის მიცემული პირობაა:

 

​​თამარი ჩემი კლასელი იყო. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. დიპლომი რომ დავიცავი, მის მშობლებთან ხელის სათხოვნელად მივედი. იცოდნენ ჩვენი სიყვარულის შესახებ და უარი არ უთქვამთ, შევქმენით ოჯახი. შეგვეძინა ექვსი შვილი. შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ცოლიანი ვიყავი. მას პირობა მივეცი, სხვა ფილმში არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ძალიან მტკივა გული, ცოცხალი რომ აღარ არის... მიჭირს ამ ამბავთან შეგუება"...

 

როგორც კახა ქორიძე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, უამრავი შეთავაზების მიუხედავად მიაჩნდა, რომ მისი საქმიანობის სფერო არქიტექტურა იყო და არა კინო.


„მქონდა უამრავი შემოთავაზება, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე არქიტექტურა იყო. მე სხვისი განსახიერება არ შემიძლია. ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ დავანებე თავი არქიტექტურას, თუმცა გადაღებიდან დაბრუნებულმა გაცდენილის აღსადგენად ბევრი ვიშრომე. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოსკოვში პირველი პრემია აიღო. წარმატებული არქიტექტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამ სფეროს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. გლდანი და საბურთალო იმ პერიოდში აშენდა. ინდივიდუალური პროექტები არქიტექტორის ხელში იშვიათად ხვდებოდა. შეკვეთები არ არსებობდა. მივიღე ვანის მუზეუმის ძალიან კარგი პროექტი, დღე და ღამე ვმუშაობდი, სამსახურში საღამოს ხუთ საათზე მივდიოდი, როდესაც სხვები სახლში ბრუნდებოდნენ და დილამდე ვმუშაობდი.

ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმ პროექტის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მომეცა. გული ძალიან გამიტყდა. წავედი ასპირანტურაში. ვიფიქრე, რომ ბედის ცდა თეორიული კუთხით შეიძლებოდა. დავიწყე მუშაობა განსახლების პრობლემაზე. ჩემი სამუშაო უკავშირდებოდა აჭარის ჭარბი მოსახლეობის განსახლებას მესხეთ-ჯავახეთში და სამხრეთ კავკასიის ფერდობზე, ანუ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი დაუსახლებელი ტერიტორიები ჯავახეთში გვაქვს.

 

დიპლომი ახალ ათონზე გავაკეთე. ულამაზესი ადგილია, ხანდახან მესიზმრება კიდეც. დიპლომი მივუძღვენი აფხაზ მეგობარს ალიკ აგრბას. სამწუხაროდ, დავშორდით, აღარ გვაქვს ურთიერთობა"...

 

„ღიმილის ბიჭების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თემურის როლის შემსრულებელი თაყვანისმცემელი გოგონებისგან წერილებს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან იღებდა. ამბობს, რომ წერილებს დღემდე ინახავს: „წერილებს არქიტექტურის კათედრის გამგე ირაკლი ციციშვილი იღებდა და მერე მე მაძლევდა. ამბობდა, საბჭოთა კავშირის გმირი მე ვარ და ამ ფილმის გამო ქორიძესთან რატომ მოდის წერილებიო".


„ღიმილის ბიჭებამდე" იყო რეზო ესაძის მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ფილმი „ერთხელ", სადაც კახა ქორიძე მთავარ როლს ასრულებდა. ფილმი ანტიეროვნულ ნამუშევრად გამოაცხადეს და კადრიც კი არ დატოვეს მისგან. მაშინ კახა ქორიძე ათიოდე წლის ბიჭუნა იყო.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი