logo_geo
"ასეთი წყვილი საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვართ"
- +

23 თებერვალი. 2018. 13:57




ცოტაც და კამათი იმაზე, არის თუ არა ქალის ადგილი შეიარაღებულ ძალებში, წარსულს სამუდამოდ ჩაბარდება. ამის ცოცხალი მაგალითია არაერთი სამხედროფორმიანი ქალი, რომელიც თავის მუნდირს ღირსეულად ატარებს. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ყველა მათგანისგან რადიკალურად განსხვავდებიან, - ნინო მეგრელიშვილმა და ლევან მჭედლიძემ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს და ერთ დღესაც, როდესაც უკვე პროფესიაზე დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ სამხედრო საქმე ორივეს ძალიან უყვარდა... სცადეს და გამოუვიდათ... ლევანის დარეგისტრირებიდან მესამე დღეს, განაცხადი ნინომაც შეავსო და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომლის დასრულებასაც ძალიან ბევრი მამაკაცი ვერ ახერხებს, წარმატებით გაიარა. ახლა ცოლ-ქმარი მე-3 ქვეით ბრიგადაში მსახურობს.


ნინო მეგრელიშვილი:

- ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლეს მოსწონდა ეს საქმე. უკვე შვილი გვყავდა, 18 წლის ვიყავით, როდესაც გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით სამხედრო სამსახურში.

- ადრე როგორი დამოკიდებულება გქონდათ იარაღთან, ფორმასთან, ზოგადად, არმიასთან? ამის მიმართ ინტერესი, უმეტესად მამაკაცებს აქვთ...

- დიახ, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა ფორმა, იარაღი და ჯარის ცხოვრებაც მაინტერესებდა. თან ქალი ჯარში, ჩვენთან არც ისეთი ხშირია და რადგან ჩემი მეუღლეც დამთანხმდა, ბევრი არ მიფიქრია... საჭირო პროცედურები გავიარეთ და BCT ცენტრში ჩასაბარებლად დავიწყეთ მზადება. ერთად გავიარეთ საწყისი საბრძოლო 10-კვირიანი კურსი.

- რაც ალბათ ადვილი არ იყო...

- ნამდვილად არ იყო ადვილი... 2-ნახევარი თვე სრულიად სხვა რეჟიმში გადადიხარ და სრულიად სხვა ადამიანი ხდება. ქალს კი არა, ეს ბევრ მამაკაცს უჭირს, მით უფრო, როცა თავისუფალი ცხოვრების წესს არის ადამიანი შეჩვეული. ბევრი ბიჭი წავიდა, ვერ გაძლეს და დატოვეს კურსი... რთული იყო, რადგან დილით ადრე ვდგებოდით და ვვარჯიშობდით, ამ ყველაფერს კი შეუჩვეველი ვიყავით. დილის 6 საათზე ვდგებოდით და თავის მოსაწესრიგებლად მხოლოდ 3 წუთი გვქონდა... ბევრჯერ დამსაჯეს, საკუთარი და სხვისი შეცდომების გამოც, თუმცა ამ ყველაფერზე შემდეგ ერთად ვხალისობდით. თუ მოინდომებ, ყველა პრობლემის დაძლევას მოახერხებ.

- 8-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებამდე შვილი არ გინახავთ?

- კი, ერთი დღე გამოგვიყვეს ამისთვის და მაშინ ვნახე... ეს ცალკე ფსიქოლოგიური სტრესი იყო, მაგრამ როდესაც სამხედრო ფორმის ჩაცმაზე ვფიქრობდი, ეს ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა... შვილი დედასთან მყავდა დატოვებული და ჩემი გული და სული მასთან იყო. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვამხნევებდით. სიმართლე გითხრათ, ის არ ელოდა, თუ ამ ყველაფერს ავიტანდი, მაგრამ არ მინდოდა, მისთვის იმედი გამეცრუებინა. ძალიან დავეხმარეთ ერთმანეთს და მიზანს მივაღწიეთ.

- ზემოხსენებულ ცხოვრების რეჟიმს ემატება ნორმატივებიც, არა?

- დიახ, ყოველდღიური ნორმატივების დროს, 3,300 კმ მანძილზე დავრბოდით 18 წუთსა და რაღაც წამებში, საწყისი საბრძოლო მომზადების დროს კი, უფრო მეტ მანძილზე დავრბოდით, ოღონდ - აღჭურვილობით... თავდაპირველად, ვიდრე ვარჯიშს შევეგუებოდი, იმდენი სილურჯე მქონდა სხეულზე, კარგი ნაცემივით ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ის პერიოდი, ანუ შეგუების პროცესი ძალიან გამიჭირდა... მეუღლეს ვაკვირდებოდი ხოლმე და მინდა გითხრათ, უფრო მეტად, ორივეს ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა; ძნელია, როდესაც 2-ნახევარი თვის განმავლობაში ყველანაირ ცივილიზაციას სწყდები და ჩაკეტილ გარემოში ხარ და ამ ყველაფერს შვილის მონატრება ერთვის.

- თქვენ გარდა, იქ კიდევ იყვნენ გოგონები?

- კი, სულ 7 გოგო ვიყავით და სირთულეები შვიდივემ დავძლიეთ. ბევრი ბიჭი წავიდა, ლამის ყოველდღე ტოვებდნენ კურსს და ეს ცალკე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ჩვენთვის... როგორია, ვარჯიშს მიუჩვეველს უცებ რომ დაგავალებენ, ახლა შენ 60 „ატჟიმანიას" გააკეთებო (იღიმის)?.. ერთადერთი, ამინდს უწევდნენ ანგარიშს, ჩვენ ზაფხულში მოგვიწია საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამ და თუ ტემპერატურა +35-ს გადასცდებოდა, შეღავათები გვქონდა, ანუ სარბენად ბაზის ტერიტორიიდან არ გავყავდით. ასეთ დროს, შუადღეს შედარებით ცოტას გვავარჯიშებდნენ. სწავლებებიც გვქონდა, ლექციებიც, ცოტა-ცოტას ყველა სფეროში გვამზადებდნენ.

- თქვენი და თქვენი მეუღლის ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას? იმ დროს 19 წლის იყავით და ჩვენს რეალობაში, ამ ასაკში მშობლები შვილებს პატარებად თვლიან...

- დიახ, ასეა და იყო წინააღმდეგობები, მაგრამ შემდეგ შეეგუვნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რადგან მიხვდნენ, უკან არ დავიხევდით.

- საბოლოოდ, თქვენ რა სპეციალობა აირჩიეთ?

- მე კავშირგაბმულობის კურსზე მოვხვდი, ჩემი მეუღლე კი არტილერისტია... რადიოოპერატორის თანამდებობაზე ვარ და რაციასთან მუშაობას ვსწავლობ. ეს არის საველეც და არასაველეც, ანუ მთლიანი ბრიგადის ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვარ. საინტერესო საქმეა... სხვათა შორის, მსროლელთა კვალიფიკაცია კლასების მიხედვით იყო და მე პირველი კლასის მსროლელი ვარ, რაც ძალიან მიხარია...

- მეუღლეს ეჯიბრებით ხოლმე? ამბობენ, რომ ქალი უკეთ ისვრის...

- არა, ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. ისიც ძალიან კარგად ისვრის... ისე კი, ჩემი აზრით, ქალები მართლა უკეთ ვისვრით, უკეთესი მიზანი გვაქვს...

- თქვენს შვილზე მიამბეთ რამე...

- ნიკოლოზ მჭედლიძე 3 წლისაა (იღიმის) და ისიც მომავალი ჯარისკაცი იზრდება... ძალიან უყვარს ტანკებით, იარაღებით, თოფებით თამაში...

- ბავშვს გაუმართლა, სახლში ცოცხალი ჯარისკაცები ჰყავს...

- დიახ, ასეა... ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, მე და ჩემი მეუღლე სულ ვცდილობთ, პატარას ყურადღება არ მოვაკლოთ. გვინდა, როდესაც გაიზრდება, ჩვენით იამაყოს... 15 წლის ძმა მყავს და ჩვენს ცხოვრებას რომ უყურებს, მასაც გადაწყვეტილი აქვს სამხედრო პროფესია აირჩიოს. გამოაცხადა, 18 წლის რომ გავხდები, საკონტრაქტო სამსახურში მივდივართო...

ლევან მჭედლიძე :

- ბიძაჩემი სამხედროა და მისი ცხოვრების წესს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, დღეს თუ ხვალ, მეც ამ გზას ავირჩევდი... ყოველთვის მიყვარდა ფორმა და იარაღი. როდესაც "ბისითის" შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ის კურსი გამევლო და შემდეგ 4-წლიანი კონტრაქტით გამეგრძელებინა სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაც აღარ მომიწევდა. განაცხადი დავწერე და რეგისტრაციისთვის მზადება დავიწყე. ქუთაისიდან რომ ჩამოვედი, მეუღლეს ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. მანაც ექსპრომტად გადაწყვიტა, - მეც ვცდიო და რეგისტრაცია გაიარა... საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის სირთულეებზე ნინომ უკვე გიამბოთ და შესაბამისად, ხვდებით ალბათ, რა გზა გაიარა. მე წინასწარ ვიცოდი ამ სირთულეების შესახებ და ვფიქრობდი, - შეძლებს კი კურსის ბოლომდე გავლას-მეთქი? თუმცა, შეძლო და ეს ძალიან მიხარია... ვუყურებდი, როგორ მუშაობდა საკუთარ თავზე და რასაკვირველია, წუთით არ მიფიქრია, მისთვის რაიმე დამეშალა... თუ ჩვენი ასეული მისიებში წავა, რასაკვირველია, ჩვენც წავალთ...

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც იგებენ, რომ ცოლ-ქმარი ერთად ხართ საკონტრაქტო სამსახურში?

- ზოგს უკვირს, თუმცა, ბევრს მოსწონს. - ყოჩაღო, - გვეუბნებიან... ის, რომ ცოლ-ქმარი ერთად წასულიყო საკონტრაქტო სამსახურში, ასეთი წყვილი საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვართ, თუმცა, იქ რომ გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ შექმნეს ოჯახი, ასეთები არიან...

- ქუთაისში ცხოვრობთ?

- არა, მე და ჩემი მეუღლე ზესტაფონიდან დავდივართ: მე დილის რვის ნახევარზე სამსახურში უნდა ვიყო, მეუღლეს კი, როგორც მცირეწლოვანი შვილის დედას, შეღავათს უწევენ და ის ათის ნახევარზე მოდის. ორივე საღამოს 5 საათზე ვამთავრებთ სამსახურს.

- სამხედრო საქმე ოჯახის შექმნის შემდეგ აირჩიეთ. რა გასწავლათ ჯარმა?

- ყველაფერი: დისციპლინა, საქმის სიყვარული, ოჯახშიც სხვანაირი გავხდი, ანუ მე და ჩემს მეუღლეს ქალისა და კაცის საქმეები გაყოფილი არ გვაქვს, ვისაც რა ხვდება გასაკეთებელი, იმას აკეთებს... ხუმრობით ვამბობთ, ყველაფერთან ერთად, ჯარმა ჩვენს ცხოვრებაში გენდერული თანასწორობა დაამკვიდრაო... „ქალი კუხნაში" - ჩემი ოჯახის სლოგანი არ არის და არც იქნება. ახლა ყველაზე მეტად გვინდა, საცხოვრებლად სამსახურთან ახლოს გადავიდეთ, რათა ბავშვი ახლოს გვყავდეს.



ლალი პაპასკირი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი