logo_geo
ზაზა გაბუნია: როგორც ჩანს, დეკანოიძე თვითმმართველობის საკითხებში სრულიად გაუთვითცნობიერებელია!
- +

2 მარტი. 2018. 01:37


 

„ქართული ოცნების" მერმა ხელფასის ზრდაზე უარი თქვა, „ქართული ოცნების" გუნდმა გამართა აქცია, სადაც არავის გადადგომა არ მოუთხოვიათ, ანუ ბორჯომში „ქართული ოცნების" გუნდი პოლიტიკური ლოზუნგებით არ გამოსულა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ქართული ოცნების" გუნდი ბორჯომის განვითარებაზე ლაპარაკობს და მერისა და არა სამსახურის უფროსების ხელფასების ზრდაზე. როცა „ქართული ოცნების" მერი ხელფასის ზრდაზე უარს ამბობს, ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ საუბარი მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდაზე არ არის?! როცა აქციაზე არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი არ გაჟღერებულა და ლაპარაკი არავის გადადგომაზე არ ყოფილა, სად არის აქ პოლიტიკური მდგენელი?!", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.


მან ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ხატია დეკანოიძეს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში ჩართვისას თქვა, რომ ბორჯომში დღეს „ქართული ოცნების" მიერ მანიფესტაცია სწორედ იმიტომ გაიმართა, რომ მერსა და სამსახურის უფროსებს ხელფასები მომატებოდათ.


„როგორც ჩანს, ქალბატონი ხატია დეკანოიძე თვითმმართველობის საკითხებში სრულიად გაუთვითცნობიერებელია და პარლამენტის დეპუტატებს მოგვიწოდებს, როგორც კი საკრებულოს დეპუტატებს რაღაც პრობლემა შეექმნებათ, საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს და საკითხი ადგილზე მოაგვაროს. ჯერ ერთი, საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც მოქალაქეებმა მანდატები მისცეს და მეორეც, თუ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თვითმმართველობას ცენტრიდან უნდა დავეხმაროთ და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადგილზეა გადასაწყვეტი, ცენტრიდან პარლამენტარმა, მინისტრმა, ან ნებისმიერმა სხვამ უნდა გადაწყვიტოს, მაშინ თვითმმართველობის კონცეფციას იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

big_banner
არქივი