logo_geo
მამუკა არეშიძე: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება!
- +

12 მარტი. 2018. 14:29



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. როგორც არეშიძემ აღნიშნა, ტატუნაშვილს ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა „ჩვენება" და „ეღიარებინა", თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ დივერსიულ ჯგუფს ქმნიდა, რაც არ გააკეთა და სწორედ ამის გამო მოკლეს.

 

„კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს. იგი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში და მისთვის უნდა დაებრალებინათ დივერსიული ჯგუფების შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მთავარი აქ ის იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებისთვის ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა „ჩვენება" და „ეღიარებინა", თითქოს დივერსიულ ჯგუფს ნამდვილად ქმნიდა.

 

ტატუნაშვილი ახალგორში აიყვანეს ოსებმა, რუსები იქ არ ყოფილან! არჩილ ტატუნაშვილი არის იმ ტიპის გმირი, როგორი გმირობაც გიორგი ანწუხელიძემ ჩაიდინა, ანუ არჩილ ტატუნაშვილი ვერაფრით აიძულეს, კამერის წინ ჩვენება მიეცა და ცემით მოკლეს!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


არეშიძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ტატუნაშვილის მკვლელობაში უშუალოდ რუსები მონაწილეობდნენ თუ არა, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

 

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელი ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამის სტრუქტურებშია გაერთიანებული. ამდენად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს!" - განაცხადა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი