logo_geo
ვინ და რატომ დაიწყო ომი?
- +

23 დეკემბერი. 2016. 17:48


 


„დღესდღეობით, ტერორისტები სირიის ტერიტორიის თითქმის ნახევარს ფლობენ. ე.წ. ისლამური სახელმწიფო სუნიტი მებრძოლების მიერ ერაყის ალ-ქაიდასგან წარმოიშვა. 2011 წელს, დაჯგუფება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, ამბოხებულებს შეუერთდა. 2013 წელს ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ტერიტორიის დაპყრობა დაიწყო და მას დაარქვა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო. მომდევნო წელს იგი თავს დაესხა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყს, სადაც ხალიფატი გამოაცხადა..." - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიაში სათაურით: „ვინ და რატომ დაიწყო ომი?"


რა ხდება სირიაში?

 

კონფლიქტმა, რომელიც სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის სახით დღემდე გრძელდება, ირიბად თუ პირდაპირ უკვე არაერთი სახელმწიფო ჩაითრია. ძალადობამ და ჯიჰადისტების გაძლიერებამ, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა სირიაში. ქვეყნიდან 4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ახლომდებარე სახელმწიფოებში.


სამოქალაქო ომში რუსული ავია ბომბდამშენების ჩართვის შედეგად, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, სულ 9 524 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 3 915 მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა შორის 937 ბავშვია.


პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც უკვე მე-16 წელია ქვეყანაში ძალაუფლებას ფლობს, ამჟამად სირიის ტერიტორიის მხოლოდ 22,5 პროცენტს აკონტროლებს, დანარჩენს კი ომის სხვა მოთამაშეები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო - 46,3 პროცენტს, ოპოზიცია, იგივე სირიის დემოკრატიული ძალები - 17,7 პროცენტს და სხვა მეამბოხე დაჯგუფებები - 13,4 პროცენტს.


ვინ და რატომ დაიწყო ომი?

 

ყველაფერი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში, რამდენიმე თინეიჯერის დაპატიმრების და წამების შემდეგ, პრო-დემოკრატიული პროტესტი გაღვივდა. მათ სკოლის კედლებზე ანტისახელისუფლო, რევოლუციური ლოზუნგები დაწერეს, რის შემდეგაც დაკავებულებს ციხეში სასტიკად სცემეს, პასუხად კი ადგილობრივებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხი გაუხსნეს, შედეგად კი ათობით ადამიანი დაიღუპა. ამ არეულობამ ქვეყანაში საყოველტაო პროტესტი გამოიწვია, რომლის მთავარი მოთხოვნაც პრეზიდენტ ასადის გადადგომა იყო. სირიის კონფლიქტს ეთნიკური მრავალფეროვნებაც ართულებს.

 

ვინ ვის ებრძვის სირიის ომში?

 

მთლიანობაში, ქვეყანაში ოთხი ძირითადი მოთამაშე იბრძვის. ესენია: ქურთული ძალები, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო, ოპოზიციური ძალები და ასადის რეჟიმი.


დღესდღეობით, ტერორისტები სირიის ტერიტორიის თითქმის ნახევარს ფლობენ. ე.წ. ისლამური სახელმწიფო სუნიტი მებრძოლების მიერ ერაყის ალ-ქაიდასგან წარმოიშვა. 2011 წელს, დაჯგუფება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, ამბოხებულებს შეუერთდა.


ალ-ქაიდასგან განსხვავებით, ისლამურმა სახელმწიფომ გაცილებით სერიოზული მიზნები დაისახა. მათმა ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიოში მთავარი სუნიტური სახელმწიფოს შექმნა განიზრახა, სადაც შარიათის ყველაზე რადიკალური კანონები იმოქმედებს და ადამიანებს სიკვდილით ყველაზე მსუბუქი დანაშაულის და მკრეხელობისთვისაც დასჯიან. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია ადამიანთა წამებისთვის ყველაზე სასტიკ მეთოდებს იყენებს, წამების კადრებს ვიდეოზე აღბეჭდავს, სპეცეფექტებით ხუნძლავს და ცდილობს, მაქსიმალურად დაზაფროს მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობა.


საერთაშორისო მოთამაშეები

 

სირიის სამოქალაქო ომში დიდი როლი ითამაშა უცხოური ძალების მხარდაჭერამ და ინტერვენციამ. 2015 წლამდე, დასავლეთის სახელმწიფოები ომში ღიად ჩართვას თავიდან ირიდებდნენ, რუსეთმა და ირანმა კი ასადის რეჟიმის მხარდაჭერა განაგრძეს. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, რუსეთმა ასადი ფულით, სამხედრო აღჭურვილობითა და მრჩევლებით მოამარაგა.


2015 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა საჰაერო თავდასხმები დაიწყო, როგორც თავად უწოდებს „ტერორისტულ დაჯგუფებებზე" სირიაში, მათ შორის, ისლამურ სახელმწიფოსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე დაჯგუფებებზე.


2015 წლის ივლისში, ჯიჰადისტების შეტევის შემდეგ, თურქეთი აშშ-ის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას შეუერთდა, რათა საკუთარი საჰაერო ბაზების გამოყენების საშუალება მიეცა დასავლური ძალებისთვის.


2016 წლის აგვისტოში, თურქეთმა ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სპეციალური დანიშნულების ძალები ჩრდილოეთ სირიაში გაგზავნა, რათა თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები ტერორისტებისგან გაეთავისუფლებინა.


ვინ არის ბაშარ ალ ასადი?

 

2000 წლის ივლისში, რეფერენდუმის შედეგად, 97 პროცენტიანი მხარდაჭერით, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაზეფ ალ ასადის მეორე ვაჟი ბაშარ ალ ასადი სირიის პრეზიდენტი გახდა.


ინაუგურაციის შემდეგ, ასადის დაპირებების შესრულების მცდელობა, რომ იგი სირიაში მოდერნიზებულ ეკონომიკას ჩამოაყალიბებდა, კორუფციას შეებრძოლებოდა და საკუთარ დემოკრატიულ გამოცდილებას შექმნიდა, ჩაიშალა. როგორც „BBC" წერს, „დამასკოს გაზაფხული" ცოტა ხნით გაგრძელდა. ყოველგვარი ეკონომიკური სარგებელი, სრული მოსახლეობის ნაცვლად, მხოლოდ მმართველ ელიტასა და მის მოკავშირეებს ჰქონდათ.


2007 წელს, ასადმა მეორე რეფერენდუმიც მოიგო, ასევე 97 პროცენტიანი მხარდაჭერით და კიდევ 7 წლით გაიხანგრძლივა მმართველობა.


რატომ ბომბავს რუსეთი სირიას?

 

სამოქალაქო ომის პერიოდში, რუსეთი ასადს ყოველთვის მხარს უჭერდა. პუტინი ომში კიდევ უფრო აქტიურად მაშინ ჩაერთო, როცა ასადი სამხედრო და ეკონომიკური კუთხით დასუსტდა. "TIME" წერს, რომ რუსეთის ომში ჩართვა გარკვეულმა საშინაო მიზეზებმაც განაპირობა.


ასევე, მოსკოვს აქვს საზღვაო ბაზა სირიაში, ტარტუს პორტთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და პუტინს მისი დაცვა უნდა, თუმცა, მას კიდევ უფრო მეტად სურს, იმის საყოველთაოდ წარმოჩენა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სირიის მთავრობას ამბოხებულებთან ბრძოლაში.


რას ამბობს ევროკავშირი?

 

ევროკავშირს არანაირი სამხედრო როლი არ აქვს სირიის სამოქალაქო ომში. მას ნეიტრალური პოზიცია უკავია. ევროკავშირის სამ ყველაზე დიდ ქვეყანას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას სურთ, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ მოსკოვზე, ალეპოზე თავდასხმების შესაჩერებლად.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 17 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, რუსეთი საჰაერო დარტყმებისას, არალეგალურ იარაღს იყენებს, როგორიცაა „კლასტერული ბომბები". რუსეთის მოკავშირე, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კი დამნაშავეა ქიმიური იარაღის გამოყენებაში.


სირიის სამოქალაქო ომმა, პრობლემები არა მხოლოდ სირიასა და მის მეზობლებს, არამედ ევროპასაც შეუქმნა. ევროპის მიგრანტთა კრიზისი, დიდწილად სწორედ სირიელი ლტოლვილების მოზღვავებითაა გამოწვეული. მართალია, ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ნაკადებს შორის ერაყის, ავღანეთის, ასევე აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მაინც სირიელია.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი