logo_geo
„მე იქიდან ჩამომასვენებენ“ - მამა ილიას ავი წინათგრძნობა და ჩვენი დროის გმირობა
- +

17 მარტი. 2018. 17:33


 

„მე იქიდან ჩამომასვენებენ, აი, აქ, ამ დიდი ლოდის წინ დამასაფლავეთ. ყველას უთხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო", - ეს სიტყვები მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ილია კარტოზიას საქართველოდან გამგზავრებამდე ბერებსა და მორჩილებთან უთქვამს. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ხუმრობა ეგონათ. სამწუხაროდ, ის ცოცხალი მართლა ვეღარ დაბრუნდა საქართველოში.


2014 წლის 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში მცურავ ბორან „ნორმან ატლანტიკს" საბერძნეთის კუნძულ კორფუს სანაპიროსთან ცეცხლი გაუჩნდა. გემზე 422 მგზავრი, 56 ეკიპაჟის წევრი იყო. მათ შორის იყო რვა ქართველი, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე მოხერხდა, კიდევ ორი ქართველი კი მოგვიანებით გადაარჩინეს.


36-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია.


მამა ილია იტალიაში, ქალაქ ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.


მომხდარიდან დაახლოებით 4 წელი გავიდა, თუმცა გმირულად დაღუპული მამა ილია დღესაც ყველას ახსოვს და მისი საქციელი ყველასათვის სამაგალითოა.


გთავაზობთ ამონარიდებს „კვირის პალიტრის" საარქივო სტატიიდან:


საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ირაკლი მეუღლესა და 9 წლის შვილთან ერთად იყო გემზე. „როდესაც ხანძარი გაჩნდა, შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, ღმერთზე იფიქრე და დაგეხმარებაო. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი... სამაშველო ნავებზე გადავდიოდით, ამ დროს მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით ხელში და თავისი ადგილი მათ დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა".

 

 

მამა ილიას ბავშვობიდან იცნობდა დედა ირინე: „საკურთხეველში გაზრდილ ბავშვს ეძახდნენ, სტიქაროსანი იყო. მის სახლთან რომ ჩავივლიდით და გარეცხილ პატარა სტიქარს დავინახავდით, სულში სითბო გვეღვრებოდა.


18 წლისა ბერად აღიკვეცა. ეს სასწაული იყო, მაგრამ იმდენად მზად იყო ამისთვის, რომ პატრიარქმა კურთხევა მისცა.


სულ ანთებული თვალები ჰქონდა. შენთვის ყველაფერს გაიღებდა. დედა იხსენებდა, - ძალიან პატარა იყო, რომ მითხრა, დედა, მოდი, გიქადაგებო, კიბეზე ჩამოვჯექი და რომ ვუთხარი, აბა, იქადაგე-მეთქი, მიპასუხა, ასე კი არა, რაღაც თემა უნდა მითხრა, რომ იმ თემაზე ვისაუბროო. დიდი ბიჭივით იყო. ოჯახსაც არ გაჰკვირვებია, ბერობა რომ აირჩია. როცა ბერად აღკვეცეს, იმ დღეს საოცრად გახარებული იყო, თითქოს ცაში დაფრინავდა.


27 წლის გახლდათ. საფარა უყვარდა უზომოდ. საფარაში დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი, როცა განსაცდელი ჰქონდა, სულ საფარაში მიდიოდა, იქაურ მამებს ძალიან უყვარდათ, იქ პოვებდა სულიერ შვებას. ამბობდა, იმ მამებისგან ადამიანის განკითხვა არ გამიგიაო. იქ მისი აკვანი იყო, იქ დაინახა ბერობა.


ბევრი ახალგაზრდა დააყენა სწორ გზაზე. ამბობდა, რომ ჩავალ ზუგდიდში, დედაჩემი მეტყვის, იმას უშველეო, და ის ბიჭები მოჰყავდა მონასტერში, მათი ცხოვრება იცვლებოდა.


საოცარია, მაგრამ ჯვარიც გადაურჩა - თმაზე ჰქონდა შემოხვეული. წმინდა ნაწილებსაც სულ ჩანთით დაატარებდა, ეს ყველაფერი გადარჩა, ესეც სასწაულია. ყველაზე ახალგაზრდა არქიმანდრიტი იყო, მან ეს თავისი წმინდა ცხოვრებით დაიმსახურა".


მამა ილია წლების განმავლობაში სვეტიცხოველში, მამათა მონასტერში ცხოვრობდა და იქ აღკვეცეს ბერად.


მამა ანტონი „კვირის პალიტრასთან" იხსენებდა, რომ წასვლამდე მამა ილიას ავი წინათგრძნობა ჰქონდა, თითქოს წასვლამდე უთქვამს, ცოცხალი ვერ დავბრუნდებიო:


- ჩემთვის არ გაუმხელია, მაგრამ სხვებთან უთქვამს. მორწმუნეებს ეს არ გვიკვირს. ადამიანი გრძნობს რაღაცას წინასწარ. არ გამკვირვებია, რომ სხვას დაუთმო ადგილი და თვითონ დარჩა ცეცხლმოკიდებულ გემზე. ის ჩემი ტყუპისცალი იყო. ნათლისღებაზე მთელი ღამე ცივ წყალში ყველანი ერთად ვმდგარვართ. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი