logo_geo
„ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია“ - რატომ აგინა სესილიამ გივი ბერიკაშვილს?
- +

6 აპრილი. 2018. 13:47

 

 

გივი ბერიკაშვილის მხიარული თავგადასავლები

კარგა ხანია, გივი ბერიკაშვილი ვარსკვლავია ქართველი მაყურებლისთვის, ეს კი მსახიობის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ცოტაა ისეთი არტისტი, მისნაირად რომ უყვარდეს ხალხს. ნამდვილად სახალხოა, როგორც მსახიობი და როგორც - ადამიანი. მისი ხილვა სცენასა და ეკრანზე ბედნიერების მომნიჭებელია. კაცთმოყვარეა, კეთილშობილი, მეგობრების მოყვარული და გამტანი, საოცრად უბრალო, სიკეთის მთესველი. თეატრში, მსახიობიდან დაწყებული და კაპელდინერით დამთავრებული ყველას უყვარს.

 

„დობრი მიშა“

- თბილისში მერვე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. მელიქიშვილის ქუჩის გაფართოების შემდეგ, ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ჩემს სახლთან, ჟორდანიას ინსტიტუტის გვერდით გადმოგვიყვანეს. ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც გადაძრომა და შატალოზე წასვლა შეიძლებოდა, ჩემს ეზოში გამოდიოდა. იმ ფანჯარაში თავს გავყოფდი თუ არა, მთელი უბანი ფეხზე იდგა, კარიდან კი რას გავძვრებოდი? სკოლაში ერთი ქალი, ევა გვყავდა. რომ დაინახავდა, ვინმე მიიპარებოდა, გამკივანი ხმით დაიძახებდა: „ბატონო მიშაააა“. ჩვენი სკოლის დირექტორს „დობრი მიშას“ ვეძახდით. მიხეილ სიხარულიძე საოცარი კაცი იყო. ერთხელ, როგორღაც მოვახერხეთ სკოლიდან გაპარვა, სტადიონზე ვართ და ვიღაცამ დაიძახა, - გაიქეცით, „დობრი“ მოდისო. ჩემ გარდა, ყველამ მოახერხა გაქცევა. ვზივარ და ველოდები, როდის მომხვდება ქეჩოში. მომიჯდა და მეკითხება: ბიჭიკო, რომ გაიქცნენ ის ბავშვები, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან, ხომ არ იციო? გამიხარდა, ვიფიქრე, - ვერ მიცნო-მეთქი. მისკენ არც გამიხედავს, ისე ვუპასუხე: მეჩვიდმეტე სკოლელები იყვნენ-მეთქი. რომ მეგონა, გადავრჩი, უცებ ყურში ჩამავლო ხელი: ერთი შენ ხარ მეჩვიდმეტესკოლელი და მეორე ეგენი იყვნენო.

 

რუსთავი-თბილისი

- ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასში რუსთავის სკოლაში გადავედი, ამიტომ ყოველდღე მატარებლით მარტო მივდიოდი რუსთავში. ერთ დილით, სადგურზე ვხედავ, წიგნებით ხელში ჩემი კლასელი გოგი წიკლაური დგას. ვეკითხები: „აქ რა გინდა?“ რუსთავში მოვდივარო. - იქ რა გინდა-მეთქი? - აბა, მარტო ხომ არ ივლიო. სკოლის დირექტორს, არაჩვეულებრივ ქალბატონ ქსენია ზარქუას ავუხსენი, ჩემი კლასელია და ჩემ გამო აქეთ გადმოდის-მეთქი. იმანაც: მოდი, შვილო, გადმოდიო. დაიწყო ჩვენი თავგადასავლები რუსთავი-თბილისის „ელექტრიჩკებში“. ბილეთის ფული ხომ არასდროს გვქონდა. კონდუქტორებს ვემალებოდით, ათას ხრიკს ვხმარობდით. ერთხელაც, გოგი რკინიგზელის კიტელით გამომეცხადა, ნათესავს უჩუქნია მისთვის. იმ დღის მერე კონდუქტორებმა მას თავი დაანებეს და მთელი კუკუდამალობანა მარტოს მიწევდა. ერთ დღესაც, ვზივარ ვაგონში გოგის გვერდით და ამოვიდა კონდუქტორი. რადგან ბილეთი არ მქონდა, გოგი წიკლაურზე მივუთითე, - ამასთან ვარ-მეთქი. ეგ ვინ არისო? – „რკინიგზის თანამშრომელია“, - ვუთხარი ამაყად. კონდუქტორმა საბუთები მოსთხოვა და ორივემ სადგურის უფროსის კაბინეტში ამოვყავით თავი. ავდექი და იმ კაცს ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი. გაეცინა, არ არიან ცუდი ბიჭებიო, - თქვა და ორივეს მატარებლით მგზავრობის ერთწლიანი უფასო საშვი გვაჩუქა.

 

სატიოს უბანი

- სატიოს უბანი ვერის ქვედა ნაწილი იყო, ვერის ბაღიდან გმირთა მოედნამდე. მთელი ბავშვობა ვერის ბაღში გავატარე. დღისით ბაღის ბატონ-პატრონები თოთო ბავშვები და მათი მეურვეები იყვნენ. იყო დიდი სეირნობა სუფთა ჰაერზე, საბავშვო ეტლებით. მოსაღამოვდებოდა თუ არა, მოზარდები შევდიოდით ბაღში, სადაც ძირითადად, ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებოდნენ და თამაშებს არჩევდნენ. იქვე საზაფხულო კინოთეატრიც გვქონდა. ზამთარში ამ კინოთეატრში ნახერხს ყრიდნენ, ჩავეფლობოდით ხოლმე და ისე ვუყურებდით ფილმებს. მერე ნახერხის ჩამოსაცილებლად ერთმანეთის ბერტყვაში ვიყავით. კინოსა და ნაყინის ფულს „ჩვენი შრომით“ ვშოულობდით. ბაღში ყომარბაზები იკრიბებოდნენ და ჩვენ, პატარა ბიჭებს „ატანდაზე“ დაგვაყენებდნენ. თუ მილიციელი გამოჩნდებოდა, ერთს ჩავუსტვენდით და მოთამაშეები კამათელს სასწრაფოდ დომინოთი ჩაანაცვლებდნენ: ისინიც მოგებულნი რჩებოდნენ იმით, რომ იმედიანად „ყომარობდნენ“ და ჩვენც, ნაყინისა და კინოს სამყოფ თუმანს გამოვიმუშავებდით. ვერაზე ყველა ყველასთან მეგობრობდა, ნაცნობობდა. ბელინსკის კუთხეში ნიაზ დიასამიძე შემხვდა: - ბერიკ, სახლში დასალევი ხომ არა გაქვს რამეო? - როგორ არა მაქვს, დამაცადე და ამოგიტან-მეთქი. რა უნდოდა სატიოდან ბელინსკამდე ღვინის ატანას? - წამოგყვებიო. - რატომ უნდა შეწუხდე, ნიაზ, მე ამოგიტან-მეთქი. - რას ამბობ, ბიჭო, გზაში არ გაგიტყდესო (იცინის).

ჩვენი ქართლოსის მამა, მწერალი ბატონი დავით კასრაძე უაღრესად ინტელიგენტი კაცი იყო. ერთხელ, შუაღამეს ბატონ დავითს იმ მომენტში გაეღვიძა, როცა მათი სახლის აივანზე ხიდან ქურდი გადაძვრა. რომელი ხარო? - იკითხა დათიკო ბიძიამ. ქურდს შეეშინდა და უკან გადახტა, ამ სიჩქარეში ცალი ფეხსაცმელი გასძვრა იმ კაცს და დათიკოს აივანზე დატოვა. - ჩუსტი დაგრჩა, შვილო, ჩუსტიო, - მისდევდა ქურდს ღამის სამ საათზე საცვლებისამარა დათიკო კასრაძე.

 

ხორავას კეთილგანწყობა

- აკაკი ხორავა ერთგვარი კეთილგანწყობით რომ იყო ჩემ მიმართ, ეს მისაღებ გამოცდებზეც გამოჩნდა. საგამოცდო კომისიას ცნობილი რეჟისორი, ბატონი კოწო ანდრონიკაშვილი თავმჯდომარეობდა. ბატონი აკაკი ხორავაც იმ კომისიაში შედიოდა. რაღაცა წავიკითხე, ცოტა ვიმღერე, ცოტა ვიცეკვე, ეტყობა, ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვე და უცებ, ბატონმა კოწომ შესასრულებლად ასეთი ეტიუდი მომცა: ფრონტზე ხარ, დაბომბეს თქვენი ნაწილი და ბომბმა ფეხი მოგაგლიჯა, ტკივილისაგან გულშეწუხებული გდიხარ. მერე გონს რომ მოხვედი, საშინელი ტკივილი გტანჯავს და უცებ, მდინარის მეორე ნაპირიდან გერმანელების ხარხარი მოგესმა. ამ დროს იქვე, შენთან ახლოს, ტყვიამფრქვევი დაინახე. უნდა მიხოხდე და შური იძიოო. - ვერ გავაკეთებ-მეთქი. - რატომო? - ჯერ ერთი, ეს ერთი შარვალი მაქვს და აქ რომ ვიხოხო, ხვალ გამოცდაზე ვერ მოვალ, მერე კიდევ, რაც თქვენ დამავალეთ, სწორედ მაგის სასწავლებლად მოვედი აქ-მეთქი. ხორავას ხარხარი აუტყდა, სწორია ეს ბიჭი, რას ერჩითო? ასე აღმოვჩნდი თეატრალური ინსტიტუტის პირველ კურსზე.

 

სტუდენტობის დროს ავად გავხდი, ერთი-ორი დღე არ გამოვჩნდი ლექციებზე. ხორავამ მიკითხა და, - ავად არისო, უთხრეს. მესამე დღესაც რომ არ მივედი, - ბიჭის ამბავი ვინმემ იცითო? როცა გაიგო, რომ არავის მოვუკითხივარ, თვითონ მომადგა სახლში. ორ წუთში მთელმა სატიოს უბანმა გაიგო, ხორავა მოვიდა გივის სანახავადო. გარშემო ეზოებიც მეზობლებით გამოიფინა. ბატონი აკაკი მეორე სართულზე ამოვიდა და ჩვენი უფანჯრო ოთახი დაათვალიერა, სინათლე და ჰაერიც მხოლოდ შუშაბანდიდან შემოდიოდა. გამომკითხა, რა მჭირდა, როდის დავუბრუნდებოდი ლექციებს, ცოტა ხანს გაჩერდა, მერე აივანზე გავიდა და წასასვლელად მოემზადა. უცებ, რას ხედავს? ქვევით ეზოში, მიხო პაპას ხელმძღვანელობით, მეზობლებს დიდი სუფრა გაუშლიათ. - ბატონო აკაკი, თქვენი აქ მოსვლით ამ ბალღს უბანში დიდი საქმე გაუკეთეთ. თუ გვიკადრებთ, მობრძანდითო, - სთხოვეს. იკადრა კი არა, დაჯდა და ამ ჩემს მეზობლებთან ერთად, კარგად მოილხინა.

 

„დოსტუპი“ ავლიპთან

- ერთხელ მეტყველების პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი მეუბნება: აბა, გივი, გენაცვალე, წარმოიდგინე, რომ მდინარის ერთ ნაპირას დგახარ, ეს მდინარე ძალიან ხმაურიანია, შენ კი მეორე ნაპირზე უნდა გააგონო, - „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. დავიწყებდი ბურდღუნს და გამაჩერებდა: როგორ გგონია, გაიგონებდნენ ახლა მდინარის იქითო? ვიწყებდი თავიდან და იმდენჯერ მამეორებინებდა, ვიდრე მიზანს არ მიაღწევდა. – „ემაგრე, გივი, ემაგრე!“ - თუ მეტყოდა, ე.ი. კმაყოფილი იყო. სულ გამშვიდებდა, გაწყნარებდა, თაფლივით იყო.

 

გავიდა წლები. ჩემი მეუღლე, ლეილა კაპანაძე ქალბატონმა მალიკომ ჯერ ასისტენტად დაიტოვა ინსტიტუტში, მერე ლეილა პედაგოგი გახდა და ჯგუფები ჩააბარა. ერთ დღესაც, ლეილასთან დაუწუწუნია, - ვერ ვიძინებ. რაღაც წამალი ყოფილა, იმას ვეძებ, მაგრამ ვერ ვიშოვეო. ლაპარაკი იყო წამალზე, რომელიც აკრძალულ ფსიქოტროპულ პრეპარატად მიიჩნეოდა და ლამის მინისტრამდე უნდა მიგეღწია, რომ გეშოვა. მაშინ დიდი „დოსტუპი“ მქონდა ავლიპ ზურაბაშვილთან. მივედი მასთან, მოვუყევი ჩემი გაჭირვება, მომისმინა და მერე მითხრა: მაგ წამალს მოგცემ, მაგრამ მანამდე თეატრზე უნდა ვილაპარაკოთ ცოტა ხანიო. ეს „ცოტა“ სამი-ოთხი საათი გაგრძელდა და იმ დღის შემდეგ, ხშირ-ხშირად მიწევდა საქართველოს პირველ ფსიქიატრთან „კონსულტაციები“, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს მასწავლებელს მშვიდად ეძინა, შვება იგრძნო და სულ მლოცავდა.

 

„ლონდრე რომელია?“

- მეტეხში გვქონდა გადაღება, ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი დაახლოებით 40 ბიჭი მწკრივში ვიდექით. პირველ ეპიზოდს ვიღებდით, ჯერ ლონდრე არაა გაშიშვლებული. ერთი დუბლი გადავიღეთ, მეორე, მესამე... ცოტა დავიღალეთ, ჰოდა, დასასვენებლად, იქვე ფერდობზე მდგარ დიდ კაკლის ხეს შევაფარეთ თავი. უცებ, გადასაღებ მოედანზე მანქანა გამოჩნდა, რომელიც რეჟისორის შორიახლოს გაჩერდა. ვიღაც წვერიანი კაცი გადმოვიდა, თურმე, სერგო ფარაჯანოვი ყოფილა. მაშინ ნანახიც კი არ მყავდა. თამაზ მელიავას ჩამოაკითხა. ფარაჯანოვმა იკითხა, - ლონდრე რომელიაო? თამაზმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა: აი, ამ ჯარისკაცებიდან ერთ-ერთია და გამოიცანიო. ფარაჯანოვმა ყველა აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა და რეჟისორს უთხრა: შენი არ ვიცი და ამას გადავიღებდიო, - მე არ დამადო ხელი? ბევრმა ისიც თქვა, ჩაწყობილი იყოო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

50 საათი

- სოფელ შაშიანში კონცერტი გვქონდა. ჩემი „ჟიგულით“ ვიყავი წასული, მანქანაში ჯაჭვზე ჩამოკიდებული საათი მქონდა, რომელსაც თან არ ვატარებდი. დამთავრდა კონცერტი და ალაზანზე დიდი სუფრა გაიშალა. უკვე უნდა წავსულიყავით და რას ვხედავ, საათი აღარ არის. შაშიანელი კანონიერი ქურდი, ბიძინა მანქანაში ჩამიჯდა. შემამჩნია, რომ რაღაცას ვეძებ. მკითხა, - რას ეძებო? მეც ვუთხარი. - ფანჯარა ჩამოწეული გქონდაო? - კი, ღია იყო-მეთქი. ჰოდა, ეტყობა, ვიღაცამ წაიღოო. ალაზანზე ზღაპრულ სუფრასთან 50 კაცი ვსხედვართ. ბიძინამ ოფიციანტს სთხოვა, ერთი კახური ქუდი მოიტანეო. ქუდი ამოატრიალა, საათი მოიხსნა, შიგ ჩააგდო და გამოაცხადა: ჩამოატარეთ ქუდი და ყველამ თქვენი საათი ჩადეთ. შაშიანში გივის მანქანა ღია დარჩა და ვიღაცამ მისი საათი სუვენირად წაიღო. ვიცი, ის მომიტანს იმ საათს და გივის წარწერას გავაკეთებინებ „საჩუქრად გივისგან“, მაგრამ აბა, როგორი შაშიანელები ვიქნებით, თუ ჩვენც სახსოვრად სუვენირები არ გავატანეთო? - რას შვრები, კაცო-მეთქი? - ძალიან შევწუხდი, მაგრამ გამაჩერა. აი, ასე მივიღე 50 საათი საჩუქრად. ერთი მათგანი, შავი ციფერბლატით ახლაც მაქვს.

 

სამაგიერო

- ერთხელ სესილია თაყაიშვილი დამემუქრა, - იცოდე, შენს ხელში ჭიქა თუ დავინახე, ვეღარ გადამირჩებიო. მაშინ მეორედ გამისკდა კუჭი და ძლივს გადამარჩინეს. პირველ ხანებში წესიერად ვიქცეოდი, მერე ერთი ჭიქა შევაპარე, ერთს მეორეც მივაყოლე და მოკლედ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგადაც შევუბერე. ეს ამბავი სესილიას ყურამდე მისულა და ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი. - გივი ხარო? - ვერ ვიცანი სესილიას ხმა. დიახ-მეთქი. უცებ, ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია. გამლანძღა და ბოლოს, ყურმილიც დამიხეთქა. ვიცოდი, რომ ქალბატონ სესილიას შაქარი აწუხებდა და სიგარეტის მოწევა აკრძალული ჰქონდა. ისიც ვიცოდი, რომ ოჯახის წევრებისგან მალულად ეწეოდა და თან, პირდაპირ თავისი საძინებლის ფანჯრიდან გადმოიხედავდა ხოლმე. პირველ სართულზე ცხოვრობდა და ქუჩაში გამვლელებზე ნადირობდა, სიგარეტი რომ ეშოვა. ამ სატელეფონო ტერორის შემდეგ, სამაგიეროს გადახდა განვიზრახე. მივედი მის ფანჯარასთან და დაახლოებით სამი-ოთხი საათი მორჩილად ვიდექი ქუჩაში. და აი, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, მართლაც გაიღო ფანჯარა და პირველივე გამვლელ ახალგაზრდა ბიჭს გასძახა სესილიამ: ბიჭიკო, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვს? აი, აქ მეც ჩავერთე: „არა გრცხვენია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ქალი, დამდგარხარ ამ შუა ბარნოვზე და მათხოვრობ?“ სესილია მოულოდნელობისგან ჯერ შეცბა, მერე თავისებური ქოქოლა მომაყარა და შემოეთრიე სახლშიო, - მიბრძანა. მერე კი იცოცხლეთ, მეფერა და დამიყვავა, შენს ჯანმრთელობაზე ვნერვიულობო და ასე შემდეგ.

 

ნანული ზოტიკიშვილი

big_banner
არქივი