logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: 2008 წელს ხელისუფლებამ კოდორი გასროლის გარეშე ჩააბარა!
- +

27 დეკემბერი. 2016. 15:09


 

 

 

„ციხიდან ჩემი გათავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან ვინმეს ინიციატივა კი არ იყო, არამედ, ოპოზიციისა და პატრიარქის ზეწოლამ, რასაც 7 ნოემბრის ტალღა დაემთხვა, სააკაშვილს გადაწყვეტილება მიაღებინა", - ისაუბრა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა. ის მის დაკავებაზე საუბრობს.

 

„ჯერ კიდევ სასამართლოს დროს, რა საკითხი არ დამისვეს - მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, მერე - პრეზიდენტის სახელზე რაღაც წერილის დაწერას. ისიც მითხრეს, თუ შეგიძლია, პრეზიდენტის სახელზე დაწერე, რომ მართალი ხარ და ტყუილად დაგიჭირესო, მაგრამ მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ციხიდან ჩემი გათავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან ვინმეს ინიციატივა კი არ იყო, არამედ, ოპოზიციისა და პატრიარქის ზეწოლამ, რასაც 7 ნოემბრის ტალღა დაემთხვა, სააკაშვილს გადაწყვეტილება მიაღებინა. ამ დროს, სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადამდგარი იყო, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს მაინც ის წყვეტდა.

 

შეგიძლიათ, ლევან გაჩეჩილაძეს ჰკითხოთ, რომელიც სააკაშვილს ოპოზიციის სახელით შეხვდა და ულტიმატუმი იყო დასმული, ვიდრე რამეზე იქნება ლაპარაკი, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდესო, რაზეც სააკაშვილს უმძიმესი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა ინტერვიუში ბათიაშვილმა.

 

 მისი აზრით, დაპატიმრება კოდორის მოვლენებმა დააჩქარა, როდესაც მან ტელევიზიით პირველმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ხეობაში მოსახლეობის განიარაღება დაუშვებელი იყო.

 

„ჩემი გაჩუმება იმას უკავშირდებოდა, რომ სააკაშვილს ვებრძოდი და გარდა იმისა, რომ მტრად აღმიქვამდა, ყველაფერი კოდორის მოვლენებმა დააჩქარა - პრაქტიკულად, ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, ვინც ტელევიზიით გამოვედი და ღიად განვაცხადე, კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა და იქაური მოსახლეობის განიარაღება დაუშვებელია-მეთქი. ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო.

 

დღეს ყველა ხვდება, რომ კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღების შემდეგ დამცველი აღარავინ დარჩა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ხეობა მოწინააღმდეგეს გასროლის გარეშე ჩააბარა, ანუ 2006 წლის ზაფხულში სააკაშვილმა, პრაქტიკულად, ნიადაგი მოამზადა, რომ კოდორი რუსებისთვის ხონჩით მიერთმია. ემზარ კვიციანს რაც შეეხება, ის იქაურია და კოდორის ხეობის დაცვას უამრავი წელი შესწირა და თავის დროზე „მონადირის" ბატალიონიც ჩამოაყალიბა", - განაცხადა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი