logo_geo
„პროცესი ჩიხში შევიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ – კრიზისში“ - წლის პოლიტიკური სკანდალი
- +

27 დეკემბერი. 2016. 17:41


 

„ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომელმა მხარემ „გაისროლა" პირველმა, მთავარი ის არის, რომ ამ ხმაურმა და მძვინვარებამ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის" ორივე მხარე გადაიყოლოს", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს და 2016 წლის პოლიტიკურ სკანდალად „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

 

„ისინი უკვე კამიკაძეებს ჰგვანან, რომლებიც მზად არიან, „მტრის", ანუ ერთმანეთის, გასანადგურებლად თავადაც აფეთქდნენ. წითელი ხაზები გადაკვეთილია, პროცესი ჩიხში შევიდა, „ნაციონალური მოძრაობა" - კრიზისში.

 

კომპრომატების ომი იმდენად შორს წავიდა, რომ ე.წ. ბოკერიას „სასტავი" სააკაშვილს ბელადს უწოდებს, სააკაშვილის მომხრეები კი ბოკერიას მომხრეებს მოღალატეებად აცხადებენ და ირწმუნებიან, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.

 

ქართულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ბელადი ჯერ კიდევ არ არის კომპრომატი, კულუარული გარიგებების თემა კი, როგორც ჩანს, ჯერ ისევ აქტუალური რჩება, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამ ომში „მიშა მაგარიას" მომხრეები იმარჯვებენ.

 

საბოლოო გამარჯვების 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე გააფორმებენ. ბოკერიასა და მის მომხრეებს უკვე გამოუცხადეს, რომ პოლიტიკური საბჭო აღარ არსებობს, თავის მხრივ, პოლიტიკურმა საბჭომ ყრილობის სამზადისისთვის შექმნილ სპეციალურ კომისიას უწოდა არალეგიტიმური. ვარაუდობენ, რომ ბოკერიასა და უგულავას მარცხის აღიარება და „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყრილობა პარტიიდან გარიცხავთ. საბაბი უკვე მზად არის - ისინი ხომ მოღალატეები არიან", - წერს „პრაიმტაიმი".


არჩილ გამზარდიას აზრით, ბიძინა ივანიშვილს „საერთოდ არ სჭირდება ამ პროცესში ჩართვა, რატომ დახარჯავს ის რესურსს იმაში, რაც ისედაც თავისით მოხდებოდა?" - კითხულობს ექსპერტი და სააკაშვილის სტრატეგიაზე საუბრობს.


„მოკლედ რომ გითხრათ, სააკაშვილს ორგვარი სტრატეგია აქვს: ის პრობლემას ან აკონსერვებს, როგორც ეს, მაგალითად, ტექდათვალიერების შემთხვევაში გააკეთა. მაშინ თქვა, რომ გარკვეული სახის საფრთხეები ძალიან მაღალი იყო და რეგულაციების ამოქმედება ამ სფეროში შესაფერისი მომენტისთვის გადადო, და მეორე - ძირეული ცვლილებები, როგორიც იყო, მაგალითად, პატრულის პროექტი. მაშინ მან მილიციის შემადგენლობა მთლიანად დაითხოვა და ახალი სტრუქტურა - პატრული შექმნა, სრულიად ახალი კადრებითა და მიდგომებით. არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ახლა კომბინაციური ვარიანტი გამოიყენოს. ანუ არც ძირეულად შეცვალოს პარტია და არც დააკონსერვოს", - ამბობს გამზარდია.


არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, თავისი სტრატეგია გიგა ბოკერიასაც აქვს.

 

„ის შეეცდება, ბოლომდე იბრძოლოს პარტიისთვის, ისევე როგორც იბრძოლეს მაჟორიტარობისთვის, ერთი მანდატის მოსაგებადაც კი ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და ახლაც ასე იქნება. თუ გასვლა მოუწევთ, მაშინ მოუწევთ, „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის რაღაც ნაწილი მაინც წამოიყვანონ, სასიცოცხლო ფუნქციები რომ შეიძინონ", - ამბობს არჩილ გამზარდია.

 

„შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილი ამ გუნდს მოღალატეებსა და გაყიდულებს ეძახის", - წერს „პრაიმტაიმი" და ამბობს, რომ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს ასეთი კომპრომატებით გიგი უგულავას მომხრეები პარტიიდან გაუშვას.


„ასეთი კომპრომატებით, როგორც ჩანს, მას სურს, რაც შეიძლება გაკოტრებული გაუშვას გიგი უგულავას მომხრეები პარტიიდან. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, სწორედ თბილისის ყოფილი მერის ინიციატივა იყო ახალი თავმჯდომარის არჩევა, ახალი ლიდერის დაბადება და პარტიიდან სააკაშვილის ჩამოშორება.

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, 2017 წელს რევოლუციის მოწყობას შეეცდება. არ ვიცი, რამდენად გამოვა რევოლუცია, თუმცა ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ე.წ. მოღალატეები ისეთივე სისასტიკით დასაჯოს, როგორც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილი ან ნინო ბურჯანაძე დასაჯა. მართალია, ახლა მას საამისოდ ბევრად ნაკლები გავლენა და საშუალებები აქვს, მაგრამ ის მაინც შეეცდება", - წერს გამოცემა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი