logo_geo
ირმა ინაშვილი: პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის!
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:05


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მის თავისუფლებას პარლამენტის წევრის სტატუსი ვერ შეზღუდავს. მისი თქმით, ურეაქციო და დადუმებული პოლიტიკოსი საზოგადოებას სრულებითაც არ სჭირდება. პოლიტიკა კი, შემოქმედებით აზროვნებას საჭიროებს.  


„ძალიან კარგს ვაკეთებ, რომ ნაცაქტივისტებს ვაგინებ, კიდეც შევაგინებ და პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი! პარლამენტის წევრის სტატუსი ჩემს თავისუფლებას ვერ შებორკავს! პირველ რიგში, პიროვნება ვარ და მერე - პარლამენტის წევრი. მერწმუნეთ, საქართველოს საზოგადოებას პარლამენტის ისეთი წევრი არ სჭირდება, რომელიც მონუსხული, დადუმებული, ურეაქციო და უემოციო იქნება! ასეთი უემოციო, უპოზიციო და უბიოგრაფიო დეპუტატები ვნახეთ. ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას სულ სხვა სტილის პოლიტიკოსები სჭირდება, პოლიტიკას კი - არასტანდარტული და შემოქმედებითი აზროვნება, თორემ ქართული პოლიტიკა ძალიან დახავსებულია - პოლიტიკა მარადმწვანე პოლიტიკოსებმა შეჭამეს და ახალ სახეებს არ უშვებენ", - განაცხადა ინაშვილმა.


ჟურნალისტის ერთგვარ შენიშვნაზე, რომ ერთ-ერთი მარადმწვანე პოლიტიკოსი ადა მარშანიას სახით, „პატრიოტთა ალიანსის" რიგებშიცაა, ინაშვილმა უპასუხა, რომ მას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.


„გრადაცია მარადმწვანეობაშიც არსებობს. ზოგიერთ მარადმწვანე პოლიტიკოსს ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. რაც შეეხება ადა მარშანიას, მას და მის ოჯახს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, დამსახურება აქვთ. ადა ჩვენი თანამებრძოლი წინააღმდეგობის მოძრაობიდანაა. არადა, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი იმალებოდა და ეშინოდა", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.


აქვე პარტიის ლიდერმა, „პატრიოტთა ალიანსის" სიის მეხუთე ნომერზე, ზაზა მიქაძეზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ადგილი არ გაუყიდიათ და საერთოდ, მსგავსი ქმედება მათი სტილი არ არის.


„საერთოდ, ადგილების გაყიდვა ჩვენი სტილი არ არის და, სიმართლე გითხრათ, არც არავის უღვაწია, მოსულიყო და დაფინანსება შემოეთავაზებინა. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, მივიღებდით - როცა საარჩევნო რეჟიმშია, პარტიას დაფინანსება სჭირდება და კარგი იქნებოდა, ერთი კი არა, ათი ზაზა მიქაძე გვყოლოდა. თუმცა, ზაზა ჩვენთან ახლა არ გამოჩენილა, მრავალი წელია ვმეგობრობთ და ვთვლი, რომ სწორედ მისნაირი კომპეტენციისა და აზროვნების ახალი სახეები არიან საჭირონი", - თქვა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა.

 

ირმა ინაშვილი ზაზა მიქაძის გამოცდილებაზეც საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ის ძალიან კარგი დეპუტატი იქნება.


„ზაზა მიქაძე ეკონომისტი და იურისტია, ბიზნესში დიდი გამოცდილება და ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. საქართველოში ბევრი საინვესტიციო პროექტი განუხორციელებია და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე საინტერესო იდეებიც აქვს, რაც კანონპროექტების სახეს მიიღებს. მოკლედ, ზაზა ძალიან კარგი დეპუტატი იქნება", - დასძინა ინაშვილმა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი