logo_geo
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, გადამხდელის სპეციალური სტატუსით ისარგებლონ
- +

16 აპრილი. 2018. 16:39

 

 

გადამხდელის სპეციალური სტატუსის (სპეციალური საწარმოს სტატუსი) მინიჭების მოთხოვნა შეეძლება საქართველოს მოქალაქეს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირს, პირადი ნომრით რეგისტრირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ოპერაციებს საგადასახადო შეღავათებით განახორციელებენ და გადამხდელის სპეციალური სტატუსით განსაზღვრული უფლებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით იმოქმედებენ.

 

ცვლილებებით, ჩვეულებრივი გადამხდელისგან განსხვავებით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით შემდეგ სამეწარმეო საქმიანობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევაზე. ამ შემთხვევაში, აკრძალულია აქციზური საქონლის მიწოდება (გარდა, ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს მიწოდებისა). გარდა ამისა, ინიციატივით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და პირიქით. ასევე ცხინვალის რეგიონიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და პირიქით.

 

ამასთანავე, ცვლილებებით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებს უფლება ეძლევათ, საგადასახადო შეღავათის გარეშე განახორციელონ საქართველოს მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამეწარმეო საქმიანობა, როგორიც არის: საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული და შემოტანილი საქონლისა) საქართველოშივე (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მიწოდების ოპერაცია, ასევე საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; უცხოური საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ, საქართველოში მიწოდების ოპერაცია.

 

კანონპროექტში კონკრეტდება, რომ აღნიშნულ პირებს ეზღუდებათ ზოგიერთი საქმიანობა, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ისეთი საქონლის შემოტანა ან შეძენა, რომელიც არ არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქციზური საქონლის შემოტანა (გარდა ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს ნაწარმის); მომსახურებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა.

 

 

big_banner
არქივი