logo_geo
„ედუარდ შევარდნაძე მეუბნებოდა, ჟვანია უფრო დასავლურია, სააკაშვილი კი რუსების პროექტიაო“
- +

27 დეკემბერი. 2016. 22:54


 

 

„დღეს ყველა ხვდება, რომ კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო", - ამის შესახებ საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.


ბათიაშვილმა ასევე მისი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიზანში იყო ამოღებული".

 

- ბატონო ირაკლი, სააკაშვილი რას გერჩოდათ?

 

- „ვარდების რევოლუციის" პერიოდშიც და მანამდეც დაპირისპირებული ვიყავი. ასე რომ, მიზანში ვყავდი ამოღებული.


ედუარდ შევარდნაძე, რომელთანაც „ვარდების რევოლუციის" პერიოდში ინტენსიური ურთიერთობა მქონდა და მერეც ვნახულობდი ხოლმე, მეუბნებოდა, ჟვანია უფრო დასავლურია, სააკაშვილი კი რუსების პროექტიაო.

 

- საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობისას სააკაშვილზე ან, სულაც, ბიძამის თემურ ალასანიაზე რამე ინფორმაცია გქონდათ?


- ეს სხვა თემაა, მაგრამ ბიძამისზე ინფორმაციები, რა თქმა უნდა, მქონდა და ვიცოდი, რას წარმოადგენდა, მით უმეტეს, ჩემი მოადგილეები უშიშროების ძალიან გამოცდილი გენერლები და პოლკოვნიკები იყვნენ. სააკაშვილი მაშინ არაფერს წარმოადგენდა და მასზე ინფორმაცია არ მქონია.


- თქვენი დროის უშიშროების ზოგი წარმომადგენელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ზოგი კი ნაციონალების დროს დაწინაურდა...

 

- ამაზე არ მიფიქრია... ზოგი შეიძლება, გაიქცა ან იძულებული იყო, გაჩუმებულიყო, მაგრამ ჩემი გაჩუმება იმას უკავშირდებოდა, რომ სააკაშვილს ვებრძოდი და გარდა იმისა, რომ მტრად აღმიქვამდა, ყველაფერი კოდორის მოვლენებმა დააჩქარა - პრაქტიკულად, ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, ვინც ტელევიზიით გამოვედი და ღიად განვაცხადე, კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა და იქაური მოსახლეობის განიარაღება დაუშვებელია-მეთქი. ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო.


- ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად შეიარაღებული ინციდენტი ზუგდიდში უნდა მომხდარიყო. ისიც მსმენია, რომ იგორ გიორგაძე კონკრეტულ ადამიანებს, როგორც იტყვიან, ღიად ტელეფონით უკავშირდებოდა, მაგრამ ოპერაცია ჩაიშალა, კოდორის მოვლენებიც ამის შემდეგ დაიგეგმა და კვიციანი, უბრალოდ, „წამოიკიდეს". ჩვენში დარჩეს და, სააკაშვილ-გიორგაძის ურთიერთობა ცნობილია...

 

- დღეს ყველა ხვდება, რომ კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღების შემდეგ დამცველი აღარავინ დარჩა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ხეობა მოწინააღმდეგეს გასროლის გარეშე ჩააბარა ანუ 2006 წლის ზაფხულში სააკაშვილმა, პრაქტიკულად, ნიადაგი მოამზადა, რომ კოდორი რუსებისთვის ხონჩით მიერთმია. რაც შეეხება ემზარ კვიციანს, რომელიც იქაურია, კოდორის ხეობის დაცვას უამრავი წელი შესწირა და თავის დროზე „მონადირის" ბატალიონიც ჩამოაყალიბა.


მგონი, ყველა ხვდება, რომ სააკაშვილი დამოუკიდებელი არც პრეზიდენტი იყო და არც პოლიტიკოსია, ის ყოველთვის იმ ძალებს ექვემდებარებოდა, რომლებიც ასე თუ ისე, ათამაშებდნენ. ის ძალები, რომლებიც კულუარებიდან მუშაობდნენ და სააკაშვილის, ასე ვთქვათ, მოქმედებებს განსაზღვრავდნენ, საკმაოდ ჭრელია. ეს ძალები ნაწილობრივ შეიძლება, კრემლთან, ფსბ-სთან, აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც იყვნენ დაკავშირებულნი. ეს თავისებური კოქტეილია...


 

big_banner
არქივი