logo_geo
შუშნა: ვუყვარვარ ხალხს, მეც მიყვარს ისინი...
- +

19 აპრილი. 2018. 00:11

 

 

„ლიბერთი ბანკთან“ სკამზე ვიჯდები, ხომ მართლა ჩამოხვალთ, ამ ნომერზე დამირეკეთ, აქ ვიქნები“, - ასე გამოხატა ემოცია შუშნამ მას მერე რაც დავურეკეთ და ვუთხარით, რომ მასთან უნდა ჩავსულიყვით, წერს „პრაიმტამის“ რედაქცია.

 

თავიდან ეგონა რომ „რუსთავი 2“-დან ვიყავით და თბილისში შემდეგ ტურზე უნდა წაგვეყვანა. ვითარებაში რომ გაერკვა, დანანებით ჩაღუნა თავი. მალე მოვიდა ხასიათზე. ჟურნალისტები ძალიან მიყვარსო, ისე ჩამეხუტა, თუთქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი ვყოფილიყავი. უნდოდა მოესწო და ყველაფერი ეჩვენებინა ჩვენთვის... ხან ლომბარდში წაგვიყვანა, სადაც დამლაგებლად მუშაობს, ხან მაღაზიებში, ყველგან უნდოდა ეჩვენებინა, რომ მასთან თბილისიდან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. კარგი გიდობა გაგვიწია.

 

შუშნა: გორთან ახლოს ვცხოვრობ, სოფელში. მარშუტკით მოვდივარ ხოლმე სამსახურში. 30-50 თეთრი ღირს მარშუტკა. ხან მახდევინებენ ფულს მძღოლები, ხან არა. დღეში 3 ლარს მიხდიან დალაგებაში. მყოფნის. პენსიაც მაქვს 100 ლარი. ვუყვარვარ ხალხს, მეც მიყვარს ისინი...

 

- „რუსთვი 2“-ის პროექტში როგორ მოხვდი?

 

- გავიგე რომ ჩამოდიოდნენ და მოვედი. მინდოდა წარმატებას მიმეღწია და ბინა მომეგო. ძალიან ნაწყენი ვარ მარინა ბერიძეზე, მაგან ჩემი სახელი არ ახსენოს, როგორ ვეხვეწე, დაჩაგრული ვარ, გადამიყვანე-მეთქი...

 

- შენ თვითონ მოგეწონა შენი გამოსვლა?

 

- კი, მომეწონა. ყველაფერი მომეწონა, ერთი შეცდომა დავუშვი მარტო. არ უნდა მელაპარაკა საჯაროდ გოგიტა ქარელზე. ბოდიშს ვუხდი ახლა თქვენი საშუალებით. მიმატოვა მაგრამ მაინც მიყვარს.

 

- გადაცემის მერე გამოგეხმაურა?

 

- კი, დამირეკა, მოდი, მაღაზიაში უნდა გაგაგზავნოო.

 

- ასე გაგზავნის ხოლმე?

 

- კი, ზოგჯერ. მე უარი ვუთხარი, თქვენ თვითონ ჩადით-მეთქი.

 

- სახლში ვისთან ერთად ცხოვრობ?

 

- მშობლებთან ერთად. პენსიონერი მშობლები მყავს. ერთადერთი შემომტანი ოჯახში მე ვარ... მიყვარს სიმღერა, ბავშვობიდან ვმღერი. რუსული სიმღერებიც ვიცი.

 

- ვიცი რომ პეტრე კოლხთან მეგობრობ.

 

- კი, ჩამოდის ხოლმე ჩემთან ხშირად, მირეკავს. ძალიან მიყვარს. ეხლა გულის ოპერაცია გაიკეთა და ვგულშემატკივრობდი აქედან. შემპირდა ერთხელ თბილისში უნდა წაგიყვანოო და ველოდები.

 

- სხვა პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

 

- კი, „გააცინე და მოიგეში“ ვიყავი და 100 ლარი მოვიგე. „იქსფაქტორშიც“ ვიყავი.

 

- მერე?

 

- ვიმღერე და წარმატებებს გისურვებთო, ასე მითხრეს... მაინც ნაწყენი ვარ მარინა ბერიძეზე რაა. ასე მითხრა „ფანოღში“ გამოდიო ან „ნიჭიერშიო“.

 

- რა გადაწყვიტე, უნდა გამოხვიდე?

 

- რატომაც არა, იქნებ იქ მივაღწიო წარმატებებს.

 

ჩვენ დავპირდით შუშანას, რომ მის ყველა გამოსვლას გავაშუქებდით და დავემშვიდობეთ. მანამდე დაწვრილებით გამოგვკითხა, როდის იქნებოდა გაზეთში, „პრაიმტაიმის“ facebook- გვერდზე და მიიღო რა პასუხები, დამშვიდდა. კიდევ ჩამოდით, მე აქ ვიქნებიო, მოგვაძახა და ბედნიერი, ამაყი გაუყვა გზას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი