logo_geo
რა წერია ვეფხია ბაქრაძის 2015 წლის განაჩენში - ვის შეწყალებას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა!
- +

25 აპრილი. 2018. 01:25

 

 

პრეზიდენტს მისი შეწყალებისთვის ხელი რომ არ მოეწერა, ის უკვე მაინც გარეთ იქნებოდაოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმებით და საკანონმდებლო ბერკეტებით, დანაშაულის თავიდან აცილების შანსი, დიდი ალბათობით, მინიმალური იქნებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდია. ფაქტები გაცილებით მძიმე და სამწუხაროა...

 

ფაქტი ისაა, რომ 25 წლის გოგოს დღისით, ქალაქის ცენტრში, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს.

 

ფაქტი ისაა, რომ ზუსტად ორი საათით ადრე, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, თაკო გამრეკელაშვილი, დედასთან, ნათია გობაძესთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ განაცხადა.

 

ფაქტია ისიც, რომ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი დაუყოვნებლივ გამოწერა.

 

ფაქტი ისაა, რომ ორდერის გამოწერიდან დაახლოებით ორ საათში თაკო გამრეკელაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

 

ფაქტი ისაა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის.

 

ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად საქმის მასალებში არსებული საკმაოდ მძიმე ფაქტებისა, 2015 წელს მას სასჯელის ზომად მინიმალური, 3 წელი შეეფარდა.

 

ფაქტია ისაა, რომ ვეფხია ბაქრაძე, რომლის განაჩენიც პრეზიდენტს წინ ედო, სადაც მისი შემაძრწუნებელი ქმედებები იყო აღწერილი, შეწყალებულთა სიაში მოხვდა,

 

ფაქტი ისაა, რომ შეწყალების ამ აქტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რომელზედაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თავად მარგველაშვილი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. მისი მრჩევლები თემას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებენ და ამაში უმრავლესობის კვალს ხედავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ მორალური პასუხისმგებლობის  „აკიდება“ სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის სცადა. კახიშვილის უწყებამ ბრალდება უპასუხოდ არ დატოვა და პირდაპირ მიუთითა პრეზიდენტს, რომ პასუხს ის აგებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. იქვე განმარტეს, რომ დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკის გამო მათ ექვსჯერ უთხრეს უარი ვეფხია ბაქრაძეს პირობით ვადამდელ გათავისუფლებაზე.

 

თუმცა ფაქტია ის, რომ ვეფხია ბაქრაძის განაჩენი, რომელიც 2015 წლით თარიღდება და სადაც მეუღლეზე ძალადობის საკმაოდ მძიმე დეტალებია აღწერილი, პრეზიდენტსაც წინ ედო და შეწყალების კომისიასაც.

 

რა წერია ვეფხია ბაქრაძის  2015 წლის განაჩენში, როგორ იძალადა მან მეუღლეზე, როგორ  მიატოვა ცემისგან გულწასული ქალი - დეტალები განაჩენიდან

 

ამონარიდი განაჩენიდან: „დაზარალებულ ნათია გობაძის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ცხრა წელი ცოლ-ქმრული ურთიერთობები აკავშირებდა ბრალდებულ ბაქრაძესთან, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ. ბოლო ერთი წლის მანძილზე დაეძაბათ ურთიერთობა. ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ეჭვიანობას, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მასთან გაშორება და ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. გაშორების მერე ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა შერიგების თხოვნას, იყო მუქარებიც, რის გამოც ორჯერ შეიტანა პოლიციაში განცხადება და ითხოვა დაცვა.

 

დაახლოებით 7 თვის შემდეგ, ჩამოვიდა ქობულეთში სამუშაოდ და ერთ-ერთ რესტორანში მზარეულის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. აგვისტოს თვეში ჩამოაკითხა მეუღლემ, სთხოვა შეხვედრა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე სასაუბროდ მიაკითხა და რესტორნის ახლოს, პლასტმასის სკამებზე დასხდნენ. თავიდან საუბარი მშვიდად წარიმართა, ბრალდებული შერიგებას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი მოულოდნელად მივარდა, ყელში ხელი მოუჭირა და ცემა დაუწყო. სანამ გონებას დაკარგავდა და დაეცემოდა, გრძნობდა დარტყმებს სახეში, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა, ვერც ყვიროდა, რადგან ყელში ხელი ჰქონდა მოჭერილი, შემდეგ გონება დაკარგა. მოგვიანებით, შემთხვევით იპოვა თანამშრომელმა უგონოდ მყოფი. დასისხლიანებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სიკვდილს სამედიცინო ჩარევით გადაურჩა. თუმცა დღემდე აწუხებს თავის ტკივილი და საბოლოოდ განკურნებული არ არის. ექიმებმა სახიდან პლასტმასის ნატეხები ამოუღეს, ქვაც ჰქონდა ჩარტყმული.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა, სცემა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტო მიატოვა, მისი დასჯით დაინტერესებული მაინც არ არის. სთხოვს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ, რომელთანაც 9 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს, არ იყოს მკაცრი და მსუბუქი სასჯელი გამოიყენოს.“

ამავე განაჩენის მიხედვით, ნათელა გობაძეს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია მძიმე ტრავმა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის პირამიდის, მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის კედლის ხაზოვანი მოტეხილობა, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, ინტრაკრანილაური ჰიპერტენზია, დაჟეჟილი ჭრილობები თავის არეში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნების ზემოქმედების შედეგად და განეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს.

 

ეს ამბავი მოხდა 2014 წლის 18 აგვისტოს, ქობულეთში. ბაქრაძე  2014 წლის 27 დეკემბერს დააკავეს, ანუ ოთხი თვის შემდეგ. სასამართლომ მას 117-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი შეუფარდა. ასევე მინიმალური სასჯელი დატოვა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც ვეფხია ბაქრაძემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მის მიმართ სამართლიანი განაჩენი არ დადგა.

 

ეს განაჩენები და მოწმეთა ჩვენებები თანდართული ჰქონდა იმ დოკუმენტებს, რომელიც შეწყალების კომისიამ შეისწავლა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი