logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: შსს-ს ვებგვერდზე დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვს
- +

28 დეკემბერი. 2016. 18:16



 

„სტატისტიკური მონაცემები წლის მანძილზე დინამიკურად იცვლება და, როგორც წესი, სტატისტიკის გამოთვლა და გამოწვევების სტრატეგიული შეფასება კეთდება მხოლოდ წლის ბოლოს, სხვადასხვა ტენდენციის შეფასების საფუძველზე", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, დანაშაულის სტატისტიკა საერთაშორისო საპოლიციო სტანდარტით დაარსებული პრაქტიკით, კალენდარული წლის დასრულების შემდეგ ითვლება.

 

„საერთაშორისო საპოლიციო სტანდარტით დაარსებული პრაქტიკით, მათ შორის, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მიღებულია, რომ დანაშაულის სტატისტიკა ითვლება კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. დღეს თქვენ რომ მოითხოვოთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში არსებული დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, ვერ მიიღებთ, რადგან მისი გასაჯაროება მოხდება მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენ გვსურს, ამ მიმართულებითაც დავნერგოთ ევროპული სტანდარტი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

მღებრიშვილის განცხადებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კრიმინალის დონე გაცილებით დაბალია. მისივე თქმით შსს-ს აღნიშნული სტატისტიკის ოფიციალურ  ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვს, თუმცა კვარტალში ერთხელ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კუმულაციური სტატისტიკური მონაცემები მიეწოდება, რომელიც საჯაროა.

 

„წლის დასაწყისში, როდესაც ევროპულ ქვეყნებში კრიმინალის დონეს ვადარებდით იმ სურათს, რომელიც საქართველოში გვქონდა, გამოიკვეთა, რომ 2015 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე დანიაში დარეგისტრირებული იყო 2 284,1 დანაშაული; გერმანიაში - 7 703,9 დანაშაული; დიდ ბრიტანეთში - 5 889,2 დანაშაული; აშშ-ში - 2 836,8 დანაშაული; ლიტვაში - 2 533 დანაშაული; ესტონეთში - 1 841 დანაშაული; ლუქსემბურგში - 7 002,7 დანაშაული; საქართველოში კი - 935,5 დანაშაული.

 

წელს ეს მონაცემები ჯერ არ გვაქვს, რადგან, როგოც მოგახსენეთ, ყველა ევროპული ქვეყანა კრიმინალის სტატისტიკას მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისში გაასაჯაროებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვს, თუმცა, კვარტალში ერთხელ ჩვენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კუმულაციურ სტატისტიკურ მონაცემებს ვაწვდით და ეს ინფორმაცია საჯაროა. ამასთანავე, შსს ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გასცემს ნებისმიერი სახის სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკას, როგორც ყოველთვიურს, ისე კუმულაციურს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი