logo_geo
კახა კალაძე: თავისუფლების და დემოკრატიის სტანდარტები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ
- +

28 აპრილი. 2018. 23:30

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

 

„მინდა გავიხსენო, როგორ დაიწყო ყველაფერი. მხედველობაში მაქვს, 2011 წლის შემოდგომა, როდესაც ქვეყანაში არავის იმედი არ ჰქონდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლა მშვიდობიანი გზით. მაშინ გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ოჯახი დააყენა საფრთხის წინაშე და მგონი ამაზე არავინ ვდაობთ. ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო, როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მიმართ. შეუძლებელი იყო, რომ საჯაროდ დაგეფიქსირებინა განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე მტრად გაცხადებდნენ. ადამიანები ჩურჩულით საუბრობდნენ. მაშინ, ერთიანი ძალისხმევით, ამ ადამიანის ირგვლივ გავერთიანდით, მოხდა კონსოლიდაცია და ჩვენ მოვახერხეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ჩანაცვლება არჩევნები გზით, მშვიდობიანი გზით. თუმცა, ეს ადამიანი პირველივე დღეებიდან ამბობდა, რომ ის მოიგებდა არჩევნებს და შემდეგ ძალიან მალე დატოვებდა თანამდებობას. ესეც ყველასთვის გასაკვირი იყო, რადგან იცით, რომ ასეთი თანამდებობებიდან ადამიანები თავისი ნებით არ მიდიან ხოლმე. შეიძლება ასეთი მაგალითი ვერც კი გავიხსენოთ. თუმცა, მან ყველა დაპირება, რაც კი გასცა, შეასრულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება:

 

„რაც შეეხება მის დაბრუნებას, პრემიერმა გააკეთა განცხადება და ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პარტია კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ახალი იმპულსი იქნება ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ყველა მიმართულებით ამას აქვს მხოლოდ დადებითი ეფექტი.

 

შევხედოთ იმ მიღებულ შედეგებს, რაც ქვეყანას აქვს, სტაბილურობის თვალსაზრისით. შევხედოთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 2017 წლის მონაცემები და დავინახავთ, რომ ზოგადად ევროპაში და რეგიონში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა. რაც შეეხება ზოგადად პარტიის როლს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო არჩევნები მაღალ დონეზე ჩავატარეთ, წარმატებას მივაღწიეთ და სტანდარტი დავამკვიდრეთ, მაგრამ თავისუფლების და დემოკრატიის სტანდარტები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. მაგრამ, პარტიის როლი ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. შეუძლებელია წარმატებაზე ვისაუბროთ, თუ მმართველი პარტია ძლიერი არ იქნება. მმართველი პარტია, რა თქმა უნდა, ძლიერია, თუმცა გვინდა უკეთესი. ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება, მაგრამ არავინ ვდაობთ, რომ არის პრობლემებიც. შეუძლებელი იქნებოდა ბოლო რამდენიმე წელში მოგვარებულიყო ის ყველაფერი, რაც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში. შესაბამისად, საჭიროა უფრო მეტი ტემპი. საჭიროა, უფრო მეტად გავაძლიეროთ მუშაობა ყველა მიმართულებით, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიმართულებით, ასევე პარტიის როლი და პარტიული მუშაობა. ზოგადად, პარტიის კულტურა და პარტიული მუშაობა ქვეყანაში არ არსებობს და ამ მიმართულებით ბევრი გვექნება სამუშაო.

 

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, იგი ასევე არის პრემიერი, მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მართავს ქვეყანას. ასევე მე ვარ გენერალური მდივანი, ვარ დედაქალაქის მერი და პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ 100 %-ით გადართული ვიყო პარტიის მშენებლობასა და მის განვითარებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინას დაბრუნება, რომ პარტიის როლი გაძლიერდეს მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი