logo_geo
როგორ მოხვდა ქართული ხის საათები ამერიკელი სენატორების ხელზე?!
- +

3 მაისი. 2018. 00:38

 

საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა ბევრი ჩვენგანის ოცნებაა, 24 წლის სოფო გურასაშვილმა და ნიკა გიგაიამ კი ეს უკვე მოახერხეს და ბევრი ჩვენგანის საყვარელი ხელნაკეთი მაჯის საათების ქართული ბრენდი „ჰენდი“ შექმნეს, რომელიც როგორც ჩვენი, მეგობრებისა და თანამშრომლების თანამშრომლების, ისე ამერიკელი სენატორების მაჯებს ამშვენებს.

 

ნინო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრია, ნიკას კი განათლება ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს მიღებული, თავიანთი ცოდნის გამოყენება კი საყვარელი საქმის დაწყებაში გადაწყვიტეს.

 

„გადავწყვიტეთ, ისეთი რაღაც შეგვექმნა, რაც გვიყვარდა. მეც და ნიკასაც საათები ძალიან გვიყვარს, ამიტომ ბევრი არ გვიფიქრია, პირდაპირ საათების დამზადების იდეამდე მივედით მერე ინფორმაცია მოვიძიეთ, ვნახეთ, რომ ხის საათები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, და წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ“, - იხსენებს სოფო.

 

„ჰენდის“ ავტორს ის დღეც კარგად ახსოვს, როცა საკუთარი ხელით დამზადებული საათები თბილისის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში სტენდზე გამოფინა და დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მომხმარებლებისგან შეკვეთები იმ დღესვე მიიღო.

 

„ჩვენი საათები ხალხს იმდენად მოეწონა, რომ აიტაცეს და უამრავი შეკვეთა მივიღეთ, მაშინ ჩვენი „ფეისბუქ" გვერდიც კი არ არსებობდა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა და ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად მივყოლოდით და ჰობის დონეზე არ დაგვეტოვებინა. გადავწყვიტეთ საათებისა და სუვენირების მიმართულებით ქართულ ბრენდად ჩამოვყალიბებულიყავით. საათების დამზადების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა და შესწავლა დავიწყეთ, ამ პროცესში კი აღმოვაჩინეთ, რომ დიზაინერული ნიჭიც გვქონია და საათების დიზაინი თავიდან ბოლომდე ჩვენ შევქმენით“, - აღნიშნა სოფომ.

 

სოფომ და ნიკამ „ჰენდი“ სრულიად საკუთარი ფინანსებით შექმნეს, თავდაპირველად, ტექნოლოგიური პარკის ლაბორატორია გამოიყენეს, შემდეგ კი სახელოსნო იქირავეს, დანადგარები თავად შეიძინეს და წარმოება დაიწყეს.

 

„ახლაც გვაქვს შენახული პირველი მოდელი, რომელიც ახლანდელებისგან ძალიან განსხვავდება, უფრო დიდია და სხვანაირი, შემდეგ, რა თქმა უნდა დავხვეწეთ. გაყიდული საათებით მიღებულ შემოსავალს მთლიანად განვითარებაში ვდებდით, დიდი რაოდენობით დამზადება გვიჭირდა, რადგან ფინანსურად არავინ დაგვხმარებია.

 

დანადგარი საათს უხეშ ფორმას აძლევს, შემდეგ კი ხელით იმდენად რთული სამუშაოა, რომ ფაქტობრივად ხელნაკეთი გამოდის, ხელით დამუშავებას დაახლოებით 1 საათი მაინც სჭირდება. გვყავს ჩვენი მკერავი, მესაათეები და იაპონიიდან მხოლოდ მექანიზმი ჩამოგვაქვს, ელემენტი „სონისაა“, დანარჩენს ყველაფერს აქ ვამზადებთ, ციფერბლატსაც, ქამარს და ყველა დეტალს“, - განმარტავს სოფო.

 

 

ამერიკელი სენატორების „ჰენდით“ მოხიბვლის ისტორია კი ასეთია: „ტექნოპარკში რამდენიმე ქართული პროდუქტის გამოფენაზე მიწვეულები იყვნენ სენატორები, ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი, ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა. სენატორები „ჰენდით“ ისე მოიხიბლნენ, რომ საქართველოს სახელით მათ საათები საჩუქრად გადაეცათ“.

 

ახალგაზრდა ბიზნესმენებს სურთ, რომ მათი ბრენდი საქართველოში ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით გახდეს ცნობილი.

 

„ხშირად უკითხავთ, ქართული წარმოების რომ არის, ხარისხი თუ აქვს, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებაა. ჩვენ გვინდა, რომ ასე არ იყოს, რადგან ვცდილობ, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია შევქმნათ და მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩეს, ჯერჯერობით უმკაყოფილო არავინ ყოფილა. პირიქით, როდესაც ერთი ადამიანი „ჰენდის“ თავისთვის შეიძენს, შემდეგ ის ამ საათს საჩუქრად სხვებისთვის აუცილებლად ყიდულობს ან მეგობრებს ურჩევს ხოლმე, რომ შეიძინონ, ჩვენი პროდუქტი რომ არ მოსწონდეთ, ასე არ იქნებოდა“, - აღნიშნავს სოფო.

 

ქართული წარმოების ხელნაკეთი საათებით უცხოელებიც დაინტერესდნენ, ამიტომ სოფო და ნიკა უკვე საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე მუშაობენ.

 

„დაინტერესება იყო ინგლისიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან. ჯერჯერობით თანამშრომლობა არავისთან არ დაგვიწყია, თუმცა ვფიქრობთ, რომ პროდუქტი კიდევ უფრო დავხვეწოთ, ევროპის სტანდარტებს მოვარგოთ და პროდუქციის ექსპორტი დავიწყოთ“, - განმარტავს სოფო.

 

უახლოესი გეგმები კი პროდუქტის რეალიზაციისთვის ვებგვერდის გაშვებაა. როგორც სოფო გურასაშვილი აღნიშნავს, „ჰენდით“ დაინტერესებული მომხმარებლების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, კომპანიაც ცდილობს, მოთხოვნას უპასუხოს და კიდევ უფრო განვითარდეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი