logo_geo
რა მეთოდებს იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად - ემიგრანტების ნაამბობი
- +

3 მაისი. 2018. 01:01

 

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები - ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნება აქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა.

 

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით, ეს რუსეთი პროპაგანდის ნაწილია. სხვები კი ამ სტატისტიკას სახიფათოდ აღიქვამენ და შესაძლო გართულებებზე საუბრობენ.

 

AMBEBI.GE- სთან საუბარში გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი გოგონა ამბობს, რომ უარის შემთხვევაში, ადვოკატის რჩევით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ვიდრე სასამართლო პროცესი იქნება, რომელიც როგორც წესი, დროში იწელება, ის სხვა ქვეყანაში გადასვლას მოასწრებს.

 

„მე ადვოკატის ფული არ მაქვს, მაგრამ მათ აქ არსებული საერთაშორისო ორგანაზიციები აფინანსებენ. ეს ერთგვარი უფლებადამცველი ორგანიზაციებია, რომელთაც, როგორც ვიცი, პროექტები აქვთ და ფინანსურ დივიდენდებზე მუშაობენ. ამიტომ მიყვარს ევროპა - შანსს გაძლევს, თუ იბრძოლებ, შეიძლება წარმატებას მიაღწიო. ჩემი ნებით დაბრუნებას არ ვაპირებ“, - ამბობს ის.

 

ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს 32 წლის ნანას, რომელიც გერმანიას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეწვია და სამშობლოში დაბრუნება ერთი კვირის შემდეგ მოუწევს.

 

„არიან ისეთებიც, ვინც პასუხის მოსვლამდე სხვა ქვეყანაში გადავიდა. ევროპაში გადაადგილება უპრობლემოდ ხდება, თუმცა, ასევე უპრობლემოდ ხდება მათი აყვანა და დეპორტაცია. ზოგს უმართლებს და რჩება. მეც ვნანობ, რომ იგივე არ გავაკეთე, - დეპორტაციას ავცდებოდი. ეს ჩემი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი იყო. დაბრუნების შემდეგ, ალბათ საბუთებს შევცვლი და თურქეთში გადავალ. არადა, ამ განცხადებაში მივუთითე, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვითხოვდი თავშესაფარს, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთო, - მითხრეს.

 

აქ არიან ისეთებიც, ვინც სექსუალურ უმცირესობას იბრალებს. ერთ შუახნის ქალზე გავიგე და გამიკვირდა. თუმცა, ამ ბოლო დროს მათაც მკაცრად აკონტროლებენ და, როგორც ვიცი, ისინიც გამოუშვეს“, - ამბობს ის.

 

ევროპელების მწვავე კრიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელშიც მოგზაურობის მსურველები საქართველოდან წასვლამდე შემოწმდებიან. ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, იმ პირებს, რომლებიც მათ ვერ წარუდგენენ სავიზო ლიბერალიზაციის მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ დოკუმენტებს (მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს, უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს, სასტუმროს ჯავშანს ან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართს, სამოგზაურო დაზღვევას და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს), ქვეყნის დატოვება აუკრძალოს.

 

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტზე არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძემ იმუშავეს.

 

გერმანული გამოცემა „შპიეგელის“ ინფორმაციით, გერმანიაში, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, გამოცემის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან მარტამდე გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით 1771-მა ქართველმა მიმართა, მაშინ, როდესაც 2017 წელს მათი რიცხვი 601 იყო, რაც ახლანდელზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი